არავინ აპირებს თავს მოხვეული და ნაძალადევი განმეორებითი არჩევნების ჩატარებას, სისულელეა, ასეთ ნაბიჯს არავინ გადადგამს, ერთადერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ კანონიერად ჩატარებულ არჩევნებს განმეორება არ სჭირდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველა უნდა შეეგუოს იმ შედეგებს, რა შედეგებიც დაიდო და საქართველოსთან ურთიერთობა გააგრძელოს.
„ნულოვანი ღირებულება აქვს სალომე ზურაბიშვილს და ყველა იმ პერსონას, რომელიც მათთან სამომავლო მიზნებზე რაიმე ფორმით კონსულტაციას მართავს. არჩევნები, რომელიც საქართველოში მაღალი სტანდარტით ჩატარდა და ასეთად აღიარებული იყო ეუთო/ოდირის მიერ, რაზეც პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებამ შუალედური დასკვნით დაადასტურა, რომ არანაირ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია, ამ არჩევნების შედეგად შედგა ლეგიტიმური პარლამენტი, ნდობა გამოეცხადა მთავრობას და პროცესი ჩვენს ქვეყანაში მაღალი დემოკრატიულობის ხარისხით მიმდინარეობს. კანონის გვერდის ავლით საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევის „ნაცური“ სურვილები ფიასკოსთვის არის განწირული. არავინ აპირებს თავს მოხვეული და ნაძალადევი განმეორებითი არჩევნების ჩატარებას, რადგან ეს სისულელეა. ასეთ ნაბიჯს, ბუნებრივია, არავინ არ გადადგამს, ერთადერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ კანონიერად ჩატარებულ არჩევნებს განმეორება ნამდვილად არ სჭირდება. ყველა შეეგუოს ამ შედეგებს, რა შედეგებიც დაიდო და საქართველოსთან ურთიერთობა გააგრძელოს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.