ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026

დავით გურგენიძე – ჩვენი თხოვნაა პრემიერ-მინისტრისა და განათლების მინისტრისადმი, რომ ორივე უნივერსიტეტიდან შეიქმნას კოლეგიალური ჯგუფი, რომელიც იმსჯელებს, რას მოგვიტანს რეფორმა და სად მივალთ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადებით, განათლების მინისტრთან დღევანდელ შეხვედრაზე მსჯელობა ეხებოდა იმას, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შეიქმნას კოლეგიალური ჯგუფი, რომელიც უნივერსიტეტების შერწყმის საკითხზე იმსჯელებს.

„ჩვენ ყველანი ერთად ვეთანხმებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას რეფორმების შესახებ. დღეს დაინახეთ, რამდენ ხანს მიდიოდა საუბარი. ძალიან კომუნიკაბელური საუბარი იყო ერთმანეთში. რა თქმა უნდა, ემოციებიც არის. ბატონმა მინისტრმა გააჟღერა გადაწყვეტილებები, რომელიც მან გააჟღერა ტელევიზიით. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მას მოახსენა და უთხრა, რა გადაწყვეტილებაც მიიღო გუშინ ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ, სამეთვალყურეო საბჭომ, ფაკულტეტების საბჭოებმა და წარმომადგენლობითმა საბჭომ. მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაგრძელდება დიალოგი. ჩვენი თხოვნაა ბატონი პრემიერ-მინისტრისადმი და ბატონი გივი მიქანაძისადმი, რომ შეიქმნას კოლეგიალური ჯგუფი, რომელიც იმსჯელებს ორივე უნივერსიტეტიდან, თუ როგორი იქნება ეს რეფორმა, რას მოგვიტანს და სად მივალთ. ამ ჯგუფის გადაწყვეტილების შემდეგ უკვე ერთობლივად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. როდის შედგება შეხვედრა, ბატონი მინისტრი ამას მოგვახსენებს უახლოეს მომავალში.

ეს არის პრემიერ-მინისტრის და მინისტრის გადაწყვეტილება. ჩვენ ჩვენი წინადადებები კონსტრუქციულად წავუყენეთ, ვთხოვეთ, ვუთხარით, სად რა პრობლემებია. მათ ეს გაითვალისწინეს, ისაუბრებენ, გაიაზრებენ და შემდგომ უკვე იქნება შეჯერებული გადაწყვეტილება. მსჯელობა ეხებოდა იმას, რომ ამ ორი უდიდესი ისტორიის და მისიის უნივერსიტეტიდან შეიქმნას ჯგუფები. ერთადერთი, რაც იყო კიდევ ჩვენი მოთხოვნა, რომ კომისიაში ყოფილიყო ინჟინერი. ძალიან ბევრი პრობლემა გამოიწვია იმან, რომ კომისიაში არ იყო ინჟინერი. ამაში მინისტრიც დაგვეთანხმება. საინჟინრო ტექნოლოგიები, მით უმეტეს დღეს, ციფრულ ეპოქაში სულ სხვა დარგია. ამიტომ, ეს პრობლემა რომ აღმოიფხვრას, ჩვენგან იქნებიან წარმოდგენილი ცნობილი მეცნიერები, ინჟინრები, ასევე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. ეს იყო ჩვენი წინადადება. ბატონი მინისტრი ამას განიხილავს და შემდგომ უკვე გვექნება საუბარი“, – განაცხადა გურგენიძემ.

ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის თქმით, იმედოვნებს, რომ დიალოგი მივა კონსენსუსამდე.

„ორივე უნივერსიტეტის კოლეგიალური ორგანოების გადაწყვეტილება ფაქტობრივად იდენტურია; ისინი არ ეთანხმებიან ბატონი პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ გადაწყვეტილებას, იტოვებენ და თხოულობენ დიალოგს. რამეთუ ორივე უნივერსიტეტისა და ჩვენი ქვეყნისთვისაც უმნიშვნელოვანესია განათლების რეფორმა. უნივერსიტეტები და აკადემიური წრეები ვიწყებთ მუშაობას, თუ იქნება შესაძლებელი, ჯგუფები ჩამოვაყალიბოთ. ორივე უნივერსიტეტის გადაწყვეტილებებში პირდაპირ წერია, რომ არ ეთანხმებიან ასე შერწყმას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დიალოგი მივა კონსენსუსამდე. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს პრემიერ-მინისტრის, რომელიც თვითონ აკადემიური წრიდან არის და ის ინჟინრების ხმას გაიგებს“, – განაცხადა გურგენიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ქართული ენა არა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალებაა, არამედ ჩვენი იდენტობის საფუძველი, ჩვენი ისტორიისა და მომავლის დამაკავშირებელი ხიდია, ამიტომ, მისი დაცვა და პატივისცემა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა...

დღეს 14 აპრილია, ჩვენი ეროვნული თვითშეგნების, კულტურული მემკვიდრეობისა და სულიერიერთობის სიმბოლო. ქართული ენა არა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალებაა, არამედ ჩვენი იდენტობის საფუძველი, ჩვენი ისტორიისა და მომავლის დამაკავშირებელი ხიდია, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ქართული ენის დაცვისა და განვითარების კუთხით სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და ხაზი გაუსვა ბოლო წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს. გარდა ამისა, ლაშხმა გამოყო ეთნიკურ უმცირესობებთან და საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ქართული ენის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული ინიციატივები.“სწორედ ამიტომ, მისი დაცვა, განვითარება და პატივისცემა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.ჩვენ ყველას გვახსოვს 1978 წლის 14 აპრილისმოვლენები, როცა საბჭოთა რეჟიმმა მიზნად დაისახა ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი წაერთმია, რასაც საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, რომლებიც იცავდნენ ენას, ეროვნულ იდენტობას, წინააღმდეგობა მოჰყვა, რამაც საბოლოოდ შედეგი გამოიღო და ქართულ ენას შეუნარჩუდა სახელმწიფო ენისსტატუსი.მნიშვნელოვანია აღინიშნოს 2015 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ „სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიღება, რომელიც საქართვლოს კონსტიტუციასთან ერთად, ემსახურება ქართული ენისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, აგრეთვე, აფზახურიენის, საქართველოს მოქალაქეების ენობრივიუფლებების დაცვის საკითხს.2024 წლის 12 ივნისს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი“, ერთგვარი კონსტიტუცია ჩვენი განათლების რეფორმაში, რომელიც მიზნად ისახავს ზოგადი განათლების საფეხურზე პატრიოტი, ეროვნული სულისკვეთებისა და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოქალაქის აღზრდას, რომლისთვისაც სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ცოდნა მთავარი ღირებულებები იქნება, რომელთა დაცვასა და განვითარებასაც მოახმარს თავის ცოდნასა და უნარებს მომავალში. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ წინა ხელისუფლების დროს, 2005 წელს ქართული ენის სწავლება უმაღლეს სასწავლებლებში შეწყდა და საუნივერსიტეტო საგანი „ ქართული ენა“ გაუქმდა. 21 წლის წინ მიღებული ეს უსამართლო გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ, სიმბოლურად, სწორედ 2025 წლის 14 აპრილს, კომიტეტის სხდომაზე განხილული საკანონმდებლო წინადადების მხარდაჭერის შემდეგ შეიცვალა, როდესაც კომიტეტის სხდომაზე ნანა მაჭავარიანისა და გიორგი გოგოლაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება განიხილეს, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სავალდებულო სწავლებას გულისხმობდა. აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება მხარდაჭერილ იქნა და საკანონმდებლო ცვლილებად დაინიცირების შემდეგ, 2025 წლის 10 ივნისს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.ამ საკანონმდებლო ინიციატივის შემდეგ, უკვე აღდგა სწავლება და უკვე ბაკალავრიატის დონეზე მოხდება ქართული ენის სწავლება და ეს კიდევ ერთი პასუხისმგებლობაა, რომელიც სახელმწიფომ ქართული ენის წინაშე აიღო. ჩვენი სადელმწიფო პოლოტიკა და ის განათლების რეფორმა, რომელიც ახლა მიმდინარეობს, სწორედ ამ გამოწვევას პასუხობს. ამასთან ერთად, გვახსოვს ის გამოწვევები, რაც არის ხელოვნური ინტელექტის განვითარებასა და გლობალიზაციის პირობებში ტექნოლოგიური ინსტრუმენტი, რომელიც მცირე ენებს საფრთხეს უქმნის და ეწ გამოწვევა გაცნობიერებული, პასუხისმგებლობა კი აღებულია სახელმწიფოს მხრიდან.ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვეხმარებით ეთნიკურ უმცირესობებს საკუთარი ენის შენარჩუნებაში და ამასთან ერთად, ვასწავლით ქართულ ენას. ამ გამოწვევის წინაშე არაერთი პროცრსები იყო, თუმცა, მნიშველოვანია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მოხდა ინიციატივების დანერგვა და დღეს უკვე არაერთ სკოლაში მიმდინარეობს ბილინგვური სწავლება.ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია ჩვენს მემამულეებს დიასპორაში მივაწვდინოთ ის განვითარება და ის გეგმები რაც ჩვენ გვაქვს და ქართული ენა იყოს მათთვის ხელმისაწვდომი. ამისათვის დისტანციური სწავლების პლატფორმა შეიქმნა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ და ქართულ ენას აწვდის ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს იმისათვის, რომ მათ ქვეყანაში დაბრუნებამდე მოახდინონ ქართული ენის სწორად და კარგად დაუფლება.დღევანდელი დღე აღსანიშნავია იმითაც, რომ წელს ჩვენ ვზეიმობთ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ გამოცემიდან 150 წლისთავს. „დედა ენა“ არ არის მხოლოდ წიგნი, ის ქართული ენის, კულტურისა და ისტორიის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. უკვე საუკუნეზე მეტია, რაც იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ თაობებს აზიარებს ქართული ენის სილამაზესა და აცნობს მის ბუნებას, ეს წიგნი აერთიანებს არაერთ თაობას საერთო სიტყვით და აზრით, რომელიც ქართული ენის სიდიადესა და სრულყოფილებას გამოხატავს.ქართული ანბანური დამწერლობა ერთ-ერთი უძველესი და სრულყოფილი დამწერლობაა მსოფლიოში და ქართული ენის ყოველ ბგერას ანბანში საკუთარი ნიშანი აქვს.ბრძენ პატრიარქ ილია მეორეს სიტყვებით დავასრულებ:„ქართული ენა არის მუსიკა — ზეციდან გარდამოსული სულიერი მუსიკა. იგია ჩვენი ერისა და ქვეყნის გადამრჩენი. მასშია მთელი საქართველო”ჩვენი ვალია, რომ ეს მუსიკა არ გაჩუმდეს. არც სკოლაში, არც ოჯახში, და არც ციფრულ სივრცეში.” - განაცხადა ლაშხმა.

ირანის ელჩი:ქართული ენა, ეს უძველესი და ცოცხალი ენა, არა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება, არამედ იმ ერის წინააღმდეგობის, იდენტობისა და მდგრადობის სიმბოლოა, რომელმაც იგი საუკუნეთა მანძილზე...

,,დღეს, ქართული ენის დღე, შესანიშნავი შესაძლებლობაა, გავიხსენოთ მემკვიდრეობა, რომელიც არა მხოლოდ ქართველ ხალხს, არამედ ჩვენი რეგიონის კულტურულ მეხსიერებასაც ეკუთვნის. ქართული ენა, ეს უძველესი და ცოცხალი ენა, არა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება, არამედ იმ ერის წინააღმდეგობის, იდენტობისა და მდგრადობის სიმბოლოა, რომელმაც იგი საუკუნეთა მანძილზე რუდუნებით მოიტანა და სიყვარულით შეინარჩუნა. სამყაროში, სადაც მრავალ ენას საფრთხე ემუქრება, ეს სიმტკიცე ღრმა პატივისცემას იმსახურებს. ჩვენთვის, ირანელებისთვის, ქართული ენა ნაცნობი, მიმზიდველი და პატივსაცემია. ათასობით სიტყვის არსებობა სპარსული ძირებით, ეს იქნება „ფანჯრა“ თუ „მინანქარი“, ორ ხალხს შორის უძველეს კულტურულ კავშირებზე მიუთითებს. თითქოს ქართულმა ენამ ყველაზე ლამაზი სპარსულ სიტყვები გაითავისა და განსაკუთრებული ხიბლით წარმოაჩინა, რაც ჩვენთვის საამაყოა. ამ კავშირებს ჩვენი ისტორიული სიმბოლოებიც ასახავს. ისპაჰანში, ალავერდი ხან უნდილაძის მიერ აგებული „სი ო სე ფოლ“ (ოცდაცამეტთაღიანი ხიდი) არქიტექტურის შედევრი და კულტურათა შერწყმის სიმბოლოცაა. ვინ იცის, 33 რიცხვის ეს დამთხვევა, ხიდის თაღებისა და ქართული ანბანის ასოთა რაოდენობებისა, ენასა და ორი ხალხის ისტორიას შორის უფრო ღრმა კავშირების შეხსენებაა. როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს, მსურს, მკაფიოდ და პატივისცემით განვაცხადო: ჩვენ დიდად ვაფასებთ ქართულ ენას, როგორც მემკვიდრეობას - შენარჩუნებულს ძალისხმევით, შეგნებითა და სიყვარულით. ეს ენა ეკუთვნის საქართველოს, და ასევე ჩვენი რეგიონის საერთო კულტურულ მემკვიდრეობას. გილოცავთ ქართული ენის დღეს ''-წერს ირანის ელჩი საქართველოჩი  ალი მოჯანი.

მარიამ ქვრივიშვილი: ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს გადაწყვეტილება, რომ მიენიჭა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელს PMI სტატუსი, კიდევ ერთხელ ადასტურებს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის სტრატეგიულ მნიშვნელობას

ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს გადაწყვეტილება, რომ მიენიჭა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელს PMI სტატუსი, კიდევ ერთხელ ადასტურებს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის სტრატეგიულ მნიშვნელობას არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და სამხრეთ კავკასიისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.მინისტრი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსი მიანიჭა.„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი უმნიშვნელოვანესი ქართული ინიციატივაა, რომელიც მოემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. წყალქვეშა კაბელის მშენებლობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ენერგეტიკული სექტორის გაძლიერებისთვის და საექსპორტო პოტენციალის ზრდისთვის. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ერთის მხრივ, უზრუნველყოფს საქართველოში გენერირებული ენერგიის ექსპორტს ევროკავშირში, მაგრამ ამასთანავე, გააძლიერებს ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებას. ძალიან დიდ მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს ზოგადად სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკულ სექტორს. სწორედ ამის დასტურია ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს გადაწყვეტილება, რომ მიენიჭა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელს PMI სტატუსი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის სტრატეგიულ მნიშვნელობას არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და სამხრეთ კავკასიისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.

დიმიტრი ხუნდაძე – არჩევნები მხოლოდ არჩევნებისთვის არ უნდა გვინდოდეს, ამომრჩეველზე ზრუნვა უნდა იყოს ყოველდღიური, უნდა გვესმოდეს მათი, ხელისუფლებაც მათ წუხილს უნდა ითვალისწინებდეს

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე და მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. დეპუტატმა ისაუბრა მცხეთა-მთიანეთის პრობლემებზე და ხაზი გაუსვა, რომ დღემდე არსებობს ინფრასტრუქტურული, ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის პრობლემები.„დუშეთის მუნიციპალიტეტში დღემდე არსებობს უშუქო სოფლები და თემები. ასევე, დაბა სიონის სასმელი წყლის პროექტი, რომელზეც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ იმუშავა წლები, უკვე თაროზეა შემოდებული და დიდი ხნის დამტვერილია. სოფელ მუხრანში თვეების მანძილზე ვერ დასრულდა საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტი და მტვერში დადის მოსახლეობა. მე, როგორც მცხეთა-მთიანეთის დელეგატი, უამრავ პრობლემას ვაწყდები ადგილზე, რაც მხოლოდ ამ რეგიონისათვის არაა დამახასიათებელი. მაგალითად, თიანეთის რაიონის მწირი ბიუჯეტი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადგილობრივი რესურსით პირველი რიგის პრობლემები რამენაირად მოგვარდეს. დაბა სიონის სასმელი წყლის პროექტი, რომელზეც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ იმუშავა წლები, უკვე თაროზეა შემოდებული და დიდი ხნის დამტვერილია. მე არაერთხელ მქონდა შეხვედრა პასუხისმგებელ პირებთან, მაგრამ პოლიტიკური ხელმძღვანელობა ორჯერ ისე შეიცვალა, რომ სასმელი წყალი არ არის  და დღესაც სიონი უწყლოდაა დარჩენილი. დუშეთის მუნიციპალიტეტში დღემდე არსებობს უშუქო სოფლები და თემები. 31 თემი დღესაც ელექტროენერგიის გარეშეა. იყო ბევრი დაპირება და ცოტა საქმე ამ მიმართულებით“, – განაცხადა ხუნდაძემ.დეპუტატმა აღნიშნა ისიც, რომ ხელისუფლებამ ამომრჩეველზე უნდა იზრუნოს ყოველდღიურად და არა მხოლოდ არჩევნების წინ.„ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საავადმყოფო მინიმალურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და პაციენტები მხოლოდ ენთუზიასტი ექიმებისა და მედპერსონალის იმედად არიან დარჩენილნი. პირველად არ გამოვხატავ წუხილს მცხეთასთან მიმართებით. ძირითადი პრობლემა პასუხისმგებლობის მუდმივად ზევით გადამისამართებაა, რაც თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქრონიკულ პრობლემად იქცა. შედეგი სახეზეა – სოფელ მუხრანში თვეების მანძილზე ვერ დასრულდა საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტი და მტვერში დადის მოსახლეობა. ასევე, ისტორიულ ძველ სატახტო დედაქალაქ მცხეთაში მოძრაობა გაუსაძლისია ცენტრალურ ქუჩაზე. მოუწესრიგებელია ჯავახიშვილის ქუჩა და აქაც მოსახლეობა ძალიან დიდ დისკომფორტს განიცდის. მე ვითვალისწინებ იმას, რომ ადგილობრივი რესურსით ეს პრობლემები ვერ გვარდება და სულ ზევით უნდა ვეძიოთ გადაწყვეტილება. ამიტომ მეც ზევით მივაკითხე ინფრასტრუქტურის მინისტრს და მინდა, მას მადლობა გადავუხადო – ის დამპირდა, რომ უახლოეს დღეებში თავად ესტუმრება მცხეთას, ადგილზე გაეცნობა პრობლემებს და მაქვს იმედი, რომ ეს პრობლემები ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება. ასე რომ, პრობლემა ბევრია და კიდევ ერთხელ ვამბობ, ცოტა დროა მათ მოსაგვარებლად. არჩევნები მხოლოდ არჩევნებისთვის არ უნდა გვინდოდეს. ამომრჩეველზე ზრუნვა უნდა იყოს ყოველდღიური, ჩვენ უნდა გვესმოდეს მათი და ხელისუფლებაც, რა თქმა უნდა, მათ წუხილს უნდა ითვალისწინებდეს. არ უნდა გავერთოთ არასაარჩევნო პერიოდით, არ უნდა მოვიქცეთ ისე, რომ არ გავითვალისწინოთ მოქალაქეების ინტერესი. მე ველი, რომ ჩემი გამოსვლა არ იქნება მხოლოდ გამოსვლა და ამას მოჰყვება კონკრეტული შედეგები“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მეუფე შიო – მკვდრეთით აღდგომილმან უფალმა იესო ქრისტემ ინებოს საქართველოს დალოცვა, გამთლიანება, გადარჩენა, გაძლიერება და ქართული ენის, ქართველი ერის შენახვა და გადარჩენა

მკვდრეთით აღდგომილმან უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ინებოს საქართველოს დალოცვა, გამთლიანება, გადარჩენა და გაძლიერება და ქართული ენის და ქართველი ერის შენახვა და გადარჩენა ვიდრე მეორედ მოსვლის ჟამამდე, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მახათას ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში განაცხადა.მეუფე შიომ ქადაგებისას მრევლს აღდგომის ბრწინყვალე დღესასწაული კიდევ ერთხელ მიულოცა აღნიშნა, რომ დღეს ბრწყინვალე სამშაბათია.„გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, გილოცავთ ბრწყინვალე სამშაბათს, თქვენ იცით, მთელი ეს კვირა აღდგომის ტოლფასია და გილოცავთ ივერიის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს, რომლის სახელზეც არის აშენებული ეს შესანიშნავი ტაძარი და განსაკუთრებით გილოცავთ ყველას, ვინც ამ ტაძარში მოღვაწობთ, მამა შიო, ვინც მსახურობს, გალობს, ლოცულობს, აღმშენებლებს და შემომწირველებს ამ ტაძრისა, ყველას განსაკუთრებით გილოცავთ. დიდ მარხვაში წმინდა ეკლესია მოგვიწოდებდა სინანულისკენ, აღსარებისკენ და მრავალმა ჩვენგანმა შეისმინა ეკლესიის ეს მოწოდება და ბევრი მოვიდა ეკლესიაში, აღსარება თქვა, ეზიარა, შეძლებისდაგვარად სული განიწმინდა, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებმაც არ შეისმინეს ეკლესიის დედობრივი ხმა და არ მოსულა. რა არის ამის მიზეზი? ეს შეიძლება იყოს რაღაც მძიმე ცოდვა, ან ცოდვები, რომელიც ადამიანს აწევს სულზე, მაგრამ არ უნდათ ამ ცოდვებთან განშორება, მათთან ბრძოლა არ უნდათ.უფრო ხშირად კი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი თითქოს ცარიელია, სულიერად ღარიბია, აღსარების გარეშე მიტოვებულია და ვეღარ გრძნობს განბანვის და განწმენდის, სულიერი განწმენდის აუცილებლობას, თავიანთ სხეულს უვლიან ზედმიწევნით, სულზე კი არ ზრუნავენ. აი, თუ მარხვაში ვფიქრობდით სინანულზე, მარხვის შემდეგ, ამ პერიოდში, ჩვენ გვმართებს ვიფიქროთ იმაზე, რომ აღარ დავუბრუნდეთ იმ ცოდვებს, რომლებიც მოვინანიეთ, აღარ გავიმეოროთ ისინი და ჩვენი სული არ დავტოვოთ სულიერი საზრდოს, მზრუვნელობის გარეშე. როგორც გვასწავლის პავლე მოციქული, „სულს ნუ დაშრეტთ“. რას ნიშნავს დაშრეტთ? ე.ი. ნუ დაშრეტთ ნიშნავს, ნუ ჩააქრობთ სულს. აი, ამაში შეგევწიოს ჩვენ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მადლი და სიხარული. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღე გახლავთ დღეს, როგორც გახსოვთ, ის სასწაულებრივად გამოჩნდა ზღვაში, ათონის ივერითა მონასტრის ახლოს და ჩვენმა ქართველმა ღირსმა მამებმა გამოაბრაძანეს ზღვიდან და დააბრძანეს ტაძარში, მაგრამ მეორე დილას დახვდათ კარიბჭის თავზე, რის გამოც ამ ხატს ეწოდა კარიბჭის ხატი.როგორც არის დაუჯდომელში სიტყვები, „გიხაროდენ სახიერო მეკარეო, სამოთხისა ბჭეთა მართალთათვის განმღებელო“, მაშასადამე, ყოვლაწმინდა ღვთისმშობელი სამოთხის კარებს უღებს მართალ ადამიანებს, სამოთხეში უშვებს, სწორედ ამიტომ მივმართავთ მას ჩვენ, „გვაცხოვნენ ჩვენ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო“, მხოლოდ მას მივვმართავთ, არცერთ წმინდა ადამიანს ასე არ მივმართავთ და ვმადლობთ მას ამ დიდი წყალობისთვის, რიმელიც ჩვენზე მოიღო, იმისთვის, რომ ღირსგვყო ჩვენ, ქართველები, მისი წილვხვდომილი ერი ვყოფოლიყავით. ამის ერთ-ერთი ნიშანი სწორედ ამ ხატის ქართულ მონასტერში მიბრძანება არის. და არ არის შემთხვევითი, რომ აღდდგომიდან მესამე დღეს არის ამ დიდებული ხატის ხსენება, როგორც საქრისტოანოს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდისა, შეიძლება ითქვას, რომ სააღდგომო ხატია, ყველაზე გამორჩეული ხატია იბერიის ღვთისმშობლის ხატი. ამ ხატის მეშვეობით, იმ სასწაულების მეშვეობით, უფალი ჩვენ გვახსენებს, რომ ის არ ტოვებს თვის შექმნილ სამყაროს, არ ტოვებს საქართველოს და რომ ყოვლაწმინდა ღვთისმშობელიც მუდამ ზრუნავს ჩვენთვის და ევედრება ღმერთს ჩვენთვის, გვშუამდგომლობს მის წინაშე და ამ ხატის მოვლინებაც არის დასტური მისი მფარველობის და წყალობის და ამ ხატიდან გვეძლევა ჩვენ შეწევნა, რომ დავამარცხოთ ცოდვები და სული გადავირჩინოთ.კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო. მინდა, შეგახსენოთ ასევე, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში აღინიშნება დედაენის დღე, ქართული ენის დღე. ჩვენი ენა უძველესი, უმშვენიერესი და საოცრად დიდებული არის, ერთ-ერთი დიდი საუნჯე ღმერთისგან ბოძებული. მისი უწმინდესობას და უნეტარესობას უთქვამს, შეუდარებია ქართული ენა ღმერთისგან მომავალ მუსიკასთან, საღვთო, სულიერ მუსიკას შეადარა, რომლის შენახვამაც განაპირობა ჩვენი ერის დღემდე გადარჩენა, ამიტომ გვმართებს განსაკუთრებული ზრუნვა ჩვენი მშობლიური და უნიკალური ენის შენახვისთვის და გადარჩენისთვის. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, მკვდრეთით აღდგომილმან მაცხოვარმან, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეოხებით დაგლოცოთ და გაგძლიეროთ. მკვდრეთით აღდგომილმან უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ინებოს საქართველოს დალოცვა, გამთლიანება, გადარჩენა და გაძლიერება და ქართული ენის და ქართველი ერის შენახვა და გადარჩენა, ვიდრე მეორედ მოსვლის ჟამამდე“, – განაცხადა მეუფე შიომ.

ბოლო სიახლეები