„ევროპული საქართველოს“ წევრი, დავით ბაქრაძე კრისტიან დანიელსონს ვიზიტის გახანგრძლივებისთვის მადლობას უხდის. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შეთანხმების გზით, ქვეყანა პოლიტიკური ჩიხიდან უნდა გამოვიდეს.
„ყველაფერი – ბურთიც და პასუხისმგებლობაც „ქართული ოცნების“ მოედანზეა. თუ ხელისუფლება გაიაზრებს, რომ მისთვის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყნის მომავლისთვის, ევროკავშირთან დაახლოებისთვის, სტაბილურობისა და სიმშვიდისთვის, ადამიანების ნორმალური ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია შეთანხმება და კრიზისიდან გამოსვლა, ჩვენ კრიზისიდან გამოვალთ. თუ ხელისუფლება კვლავ ისე მიუდგება მოვლენებს, როგორც გუშინ, როცა უხაროდათ მილიონი ადამიანის ქუჩაში დგომა, ეს ქვეყანა იქნება კრიზისში და ამაზე პასუხისმგებელი იქნება „ქართული ოცნება“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში კიდევ ერთი დღით დარჩა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს დილიდან განაგრძობს. ამჯერად ის ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება.