გუშინ დაშავებულებიდან კლინიკებში ამ ეტაპზე ექვსი პირი რჩება. დაშავებულები ინგოროყვას კლინიკასა და კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობენ.
როგორც ემერჯენსის ხელმძღვანელმა, ანა დალაქიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ინგოროყვას კლინიკაში ამ ეტაპზე ოთხი დაშავებული მკურნალობს. მისივე ინფორმაციით, პაციენტებს ძირითადად სახისა და თავის არეში ტრავმები აღენიშნებათ.
„წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ჩვენთან შემოყვანილ იქნა სულ ხუთი დაშავებული. ძირითადად აღენიშნებოდათ სახისა და თავის ტრავმები. ერთ პაციენტს ასევე თვალ-ბუდის არეში ჰქონდა დიდი ზომის ჰემატომა, თუმცა ოპერაციული ჩარევა არცერთ პაციენტს არ სჭირდებოდა. ტვინის შერყევის დიაგნოზით ჩვენს კლინიკაში მოთავსებულია ოთხი დაშავებული, ერთმა პაციენტმა თვითნებურად დატოვა კლინიკა“, – განაცხადა ანა დალაქიშვილმა.
რაც შეეხება კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანილი დაშავებულების მდგომარეობას, როგორც „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, მათ ტვინის შერყევა აქვთ და შეთავაზებულ იქნა ჰოსპიტალის პირობებში მკურნალობა.
„ჩვენს კლინიკაში შემოყვანილია ორი პაციენტი, ორივეს ჩაუტარდა შესაბამისი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები. ტრავმული დაზიანებები, განსაკუთრებული მოტეხილობები არ აღენიშნებათ, დიაგნოზი არის თავის ტვინის შერყევა და მათთვის შეთავაზებულ იქნა ჰოსპიტალის პირობებში მკურნალობა“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.