რადიკალურმა ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნების თაობაზე ეუთო/ოდირის დასკვნა ფეხქვეშ გათელა, მათთვის ეუთო/ოდირი ამომავალი წერტილი ახლა რატომ გახდა?, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილს კითხვა დაუსვეს 4 ოქტომბრის არჩევნებზე მისიის განთავსებასთან დაკავშირებით ეუთო/ოდირ-ის გადაწყვეტილებასა და ოპოზიციაში გაკეთებულ განცხადებებზე.
ე.წ. რადიკალურმა ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნების თაობაზე ეუთო/ოდირის დასკვნა ფეხქვეშ გათელა. მათ თქვეს, ეს დასკვნა ბიბლია არ არის და არ გვაინტერესებსო. მაშინ, როცა გენერალური მდივანი საქართველოში ჩამოსვლას აპირებდა, დააბულინგეს. საქართველოში რამდენიმე კვირის შემდეგ ჩამოვიდა, მაგრამ ბულინგს ვერ ასცდა. მათთვის ეუთო/ოდირი ამომავალი წერტილი ახლა რატომ გახდა? ეუთო/ოდირის უარი მათი გადაწყვეტილებაა და შეიძლება, ისინი ასეთ დიდ ბულინგს მოერიდნენ, რაც საქართველოსთან მიმართებით გაიარეს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ხელისუფლების მიერ 4 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთო/ოდირ-ის მოწვევის წერილით მიმართვის შესახებ განცხადება 6 სექტემბერს გააკეთა.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა 9 სექტემბერს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებზე მისიის განთავსების შესაძლებლობა არ ექნებათ, თუმცა მანდატის ფარგლებში გააგრძელებენ მოვლენების მონიტორინგს.