პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივნის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, არჩევნების გაყალბების არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და ამ საკითხზე თავად კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ აქვს ხელი ჩაქნეული.
„არაერთხელ მოვისმინეთ, მათ შორის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებისგან, რომ ხელი აქვთ ჩაქნეული გაყალბების დამტკიცებაზე. რატომ? იმიტომ, რომ ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. არჩევნებზე კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მთლიანად რადიკალური ოპოზიციიდან ჰყავდა 25 ათას ადამიანზე მეტი წარმომადგენელი, მათი ოჯახის წევრებიც მიამატეთ და 100 ათასი ადამიანი იყო დამკვირვებელი, პირდაპირ ეთერში პირადად აკვირდებოდა არჩევნებს და ერთმა მაინც როგორ ვერ დააფიქსირა? ყველას მობილურები ჰქონდა. შესაბამისად, ამ საკითხზე თავად კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ აქვს ხელი ჩაქნეული. არიან ისეთი ფსიქოლოგიის ადამიანები, ვისაც ვერ დააჯერებ. მაგალითად, დღეა, მას ჰგონია, რომ ღამეა. გაყალბებასთან დაკავშირებით თავად კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ უმრავლესობაშიც უკვე არანაირი კითხვის ნიშნები აღარ არის“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპზე უკვე ჩატარებულია 800-მდე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო ექსპერიმენტი და დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.
უწყების განმარტებით, სასამართლოში დაკითხვისას მოწმეთა უმეტესმა ნაწილმა გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი სახის მტკიცებულება და მათი არგუმენტაცია მხოლოდ მესამე პირების მიერ მიწოდებულ დაუზუსტებელ ინფორმაციას ეყრდნობოდა, ცალკეულმა მოწმეებმა კი გამოძიებას განუცხადეს, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები არჩევნების გაყალბების კონკრეტულ ფაქტებზე ემსახურებოდა პრევენციულ ღონისძიებას.
ამასთან, პროკურატურაში აცხადებენ, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტებით და მასში მონაწილე საერთაშორისო ექსპერტების გამოკითხვით გამოირიცხა ერთი ამომრჩევლის მიერ განმეორებითი თუ მრავალჯერადი ხმის მიცემის შესაძლებლობა.