სამშაბათი, ივლისი 7, 2026

გუბაზ სანიკიძე – სალომე ზურაბიშვილის პოზიციები უკვე ძალიან სუსტია, რამეზე შეათანხმა ოპოზიცია? რამეს მოაბა თავი? რამდენი პროექტი დაიწყო, იმდენი ჩააფლავა, რამე ვალი გვაქვს ამ ქალის?

ადამიანს ჰქვია სახელი, რომ არის ოპოზიციის ლიდერი, მაგრამ ფუნქციას არ ასრულებს, ასეთია ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც დავაბრალეთ, არც თვითონ თქვა ამაზე უარი, რომ არის ოპოზიციის ლიდერი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსთაველის გამზირსა და პოლიტიკურ პარტიებს ერთმანეთთან ტექნიკური საკითხები აქვს შესაჯერებელი.

„დროა, დეტალიზება მოხდე ამ მოთხოვნების, რადგან მოთხოვნები, რომლებიც დეტალიზებული არ არის, უფრო სურვილებს ემსგავსება. ამიტომ გასარკვევი გვაქვს, ვის ხელში ტარდება, როგორ ტარდება არჩევნები, მოლაპარაკების საფუძველით ხდება, რევოლუციის სახით ხდება, როგორ ხდება. ჩვენ ახლა რევოლუციების გადატანის უნარი არ გვაქვს, რადგან ხიფათებია ჩვენ გარშემო. ამიტომ ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ, ეს ძალა, რაც არის რუსთაველის გამზირზე, და ზოგადად, რუსთაველის გამზირია ახლა პოლიტიკური პროცესი საქართველოში, გარე ფაქტორები, აგერ ვუყურებთ, სერბეთში, სლოვაკეთში რა ხდება, უნგრეთში რა ხდება, გარკვეულწილად აღმოსავლეთ ევროპაში, რომლის ნაწილი ჩვენც ვართ. უნგრეთი ერთი ნაბიჯით გვისწრებს წინ, მათ ლიდერი გამოუჩნდათ უკვე, ახალგაზრდა ლიდერი, სერბებსაც ჰყავთ ლიდერი. ჩვენთან ლიდერობის საკითხი ტაბუდადებული თემაა, ყველა თავს არიდებს.

ლიდერი მაინც და მაინც ერთ პერსონას კი არ ნიშნავს, ის შეიძლება ადამიანების ჯგუფი იყოს. გადაწყვეტილებების მიმღები ვინ არის. ადამიანს ქვია სახელი, რომ არის ოპოზიციის ლიდერი, მაგრამ ფუნქციას არ ასრულებს, ასეთია ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც დავაბრალეთ, არც თვითონ თქვა ამაზე უარი, რომ არის ოპოზიციის ლიდერი. კი ბატონო, ვაღიარებთ პრეზიდენტად, მაგრამ მეორე მხარე არ აღიარებს მას პრეზიდენტად. პრეზიდენტი რომ გერქვას, პრეზიდენტივით უნდა იქცეოდე, პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს უნდა იღებდე, თუნდაც იმ შეზღუდული კონსტიტუციით, რა შეზღუდვებიც აქვს დღევანდელ საპრეზიდენტო ინსტიტუტსს. 109-ე დღეა, ეს ნიშნავს გამძლეობას, შეუპოვრობას ქართველი ხალხის, მაგრამ 109-ე დღეზე შედეგი უნდა იყოს, ხომ?. რა გვინდა, რა უნდა რუსთაველის გამზირს, რა შეკვეთას აკეთებს, როგორ იქცევიან პოლიტიკური პარტიები. ყბადაღებული ერთიანობა, ყველა იძახის, უპრეცედენტო ერთიანობა, რაში გამოიხატება, არაფერზე შეთანხმებული არ ვართ“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

ამასთან, გუბაზ სანიკიძის შეფასებით, ხალხის გამოსვლები რომ არ ყოფილიყო, ოპოზიცია შესაძლოა, პარლამენტში შესულიყო.

„ხალხის შეკვეთაა, რომ ჩვენ პარლამენტში არ ვზივართ, თორემ ეს გამოსვლები რომ არ ყოფილიყო, ვიყოთ გულწრფელები, შეიძლება შესულიყო ოპოზიცია პარლამენტში. ეს გამოსვლები რომ არ დაწყებულიყო და ეს გამოსვლები არჩევნების გაყალბების გამო კი არ დაწყებულა, ეს გამოიწვია კობახიძის ბრიყვულმა განცხადებამ“, – აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.

გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის პოზიციები უკვე ძალიან სუსტია.

„შორიდან რომ გამოანათებ პირიმზესავით და ორ თვეში ერთხელ გამოჩნდები, რაღაც იდეას გამოაცხადებ და თან სურვილი გაქვს, ამ ყველაფრის უფროსი იყო, მე ვგულისხმობ ამ შემთხვევაში ქალბატონ სალომეს, ვადასტურებ მისი ინსტიტუციის მიმართ პატივისცემას, მაგრამ მისი პოზიციები ძალიან სუსტია უკვე“, – აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მედიის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი, რომლის მიხედვით სხვადასხვა დაზიანების მქონე სამხედროების ფრონტზე დაბრუნება სამედიცინო შემოწმების გარეშე იქნება შესაძლებელი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში ომის მეხუთე წელს პირველად მოამზადა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც დაავადებების, ჭრილობებისა და სხვა დაზიანების მქონე სამხედროების ფრონტზე დაბრუნება სავალდებულო სამედიცინო შემოწმების გარეშე იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ „ბიბისის“ რუსული სამსახური წერს.მედიის ცნობით, მსგავსი პრაქტიკა რუსეთში დიდი ხანია, არსებობს და ყველაზე მკაცრი წესები ყოფილი პატიმრებისთვის მოქმედებს.კანონპროექტის თანახმად, სავალდებულო სამედიცინო შემოწმების უფლება ექნებათ როგორც კონტრაქტით მომსახურე სამხედროებს, ისე მობილიზებულ პირებს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ ისეთი დაავადებები ან დაზიანებები აღენიშნებათ, რომლებიც სამხედრო სამსახურიდან ვადამდე გათავისუფლების საფუძვლად არის განსაზღვრული.თავდაცვის სამინისტროს გეგმით, ამ დაავადებებისა და დაზიანებების არსებობას არა სპეციალისტთა კომისია, არამედ წინასწარი სამედიცინო შემოწმება დაადგენს, რომლის ჩატარების წესსაც თავად სამხედრო უწყება შეიმუშავებს.წინასწარი შემოწმების შედეგების მიხედვით, სამხედროს ან სამედიცინო დაწესებულებაში გაგზავნიან სრულფასოვანი შეფასებისთვის, ან პირდაპირ ფრონტის ხაზზე დააბრუნებენ.

ჯო უილსონი – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ უნდა მოითხოვოს საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დაკავებულების გათავისუფლება, შემზღუდავი კანონების გაუქმება და სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება

საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლა რუსეთისთვის, „ჩინეთის კომუნისტური პარტიისა“ და ირანისთვის შესაძლებლობებს ქმნის, - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა ჰააგაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.„სამწუხაროდ, საქართველოში ადგილი აქვს სასამართლო დამოუკიდებლობის სწრაფ ჩამოშლას, სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლის გაძლიერებას და სახელმწიფო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. ეს ყველაფერი ტოტალიტარული კურსისკენ შემობრუნების ნიშნებია. ოლიგარქი ივანიშვილი ომის დამნაშავე პუტინის ინტერესებს ემსახურება. დემოკრატიის ჩამოშლა რუსეთისთვის, „ჩინეთის კომუნისტური პარტიისა“ და ირანისთვის შესაძლებლობებს ქმნის. ეს საფრთხეს უქმნის ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას და საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს სუვერენიტეტს“, - განაცხადა ჯო უილსონმა.მისი თქმით, „მედიის შეზღუდვა, პოლიტიკური კონკურენციისა და მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობა პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომელთა უმრავლესობაც აშშ-სთან და ევროპასთან უფრო ღრმა პარტნიორობა სურს“.„ინსტიტუტების დასუსტება საფრთხეს უქმნის საქართველოს საიმედოობას შუა დერეფნის თვალსაზრისით და ძირს უთხრის ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტის პროგრესს. ასევე, რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დაჩქარებული ინტეგრაცია მისი ხანგრძლივი უკანონო ოკუპაციის მნიშვნელოვან ესკალაციას წარმოადგენს. მოსკოვი კიდევ უფრო უთხრის ძირს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. რეგიონული სტაბილურობის დასაცავად და დემოკრატიული სტანდარტების შესანარჩუნებლად, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ უნდა მოითხოვოს პოლიტიკური ნიშნით დაკავებულების გათავისუფლება, შემზღუდავი კანონების გაუქმება და სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ასევე, არ აღიაროს ნებისმიერი შედეგი, რომელიც ამ კრიტერიუმებს არ დააკმაყოფილებს“, - აღნიშნა კონგრესმენმა.

დონალდ ტრამპი – რუსეთ -უკრაინის ომის დასრულება უფრო ახლოსაა მიზანთან, ვიდრე ხალხი ფიქრობს, პრეზიდენტ პუტინს სურს მისი დასრულება

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთ -უკრაინის ომის დასრულება უფრო ახლოსაა მიზანთან, ვიდრე ხალხი ფიქრობს.ტრამპს კითხვა დაუსვეს კიევზე რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, რომელიც მასა და ვლადიმერ პუტინს შორის 4 ივლისის სატელეფონო საუბრის შემდეგ მოხდა.„ვფიქრობ პუტინი ზეწოლას არ გრძნობს. მას სურს ომის დასრულება და უკრაინასაც სურს დასრულება. მოლაპარაკებებში ვართ და ვნახოთ, თუ დავასრულებთ ამ საშინელებას. ვფიქრობ, უფრო ახლოს ვართ მიზანთან, ვიდრე ხალხს წარმოუდგენია. პრეზიდენტ პუტინს სურს ომის დასრულება. ამას მტკიცედ ვამბობ“, – განაცხადა ტრამპმა.

ვაჟა-ფშაველას მეტროსთან სამშენებლო ობიექტზე მიწა ჩამოიშალა

ვაჟა-ფშაველას მეტროსთან, სამშენებლო ობიექტზე, საცხოვრებელი კორპუსის მახლობლად მიწა ჩამოიშალა. კადრებს "ფეისბუქ გვერდი" "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს.როგორც „ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიაში განუცხადეს, ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები უკვე იმყოფებიან.ძლიერი წვიმის გამო პრობლემები თბილისის სხვადასხვა უბანშიც დაფიქსირდა. დაიტბორა ქუჩები მათ შორის დიდ დიღომში, აღმაშენებლის ხეივანში, გლდანში.

ახალი რეგულაცია, რომელიც პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება

მართლწესრიგის დაცვის კიდევ უფრო ეფექტურად აღსრულების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება გამოიცა, რომლითაც  განისაზღვრა სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის სერტიფიცირებული პორტატული აპარატის მეშვეობით შემოწმების წესი და პირობები. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.„მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფები საგზაო მოძრაობის პირობებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის შემოწმებას, უწყების მიერ შეძენილ, საერთაშორისო –  ISO 5130:2019 სტანდარტთან შესაბამისობაში არსებულ, ხმაურის დონის საზომი პორტატული მოწყობილობის კომპლექტის მეშვეობით განხორციელებენ.სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმები საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით არის რეგულირებული.დადგენილების თანახმად, დასახლებულ პუნქტებში ღამის საათებში – 23:00 საათიდან 08:00 საათამდე, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური არ უნდა აღემატებოდეს 80 დეციბალს.საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას აღემატება, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების 10 ქულით შემცირებას, იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა 200 ლარის ოდენობით დაჯარიმებას და მართვის მოწმობის ქულების 20 ქულით შემცირებას, ხოლო მესამე და ყოველი მომდევნო შემთხვევა  300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას და მართვის მოწმობის ქულების 30 ქულით შემცირებას.შინაგან საქმეთა სამინისტროს  თანამშრომლები მართლწესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარებას, მათ შორის საგზაო მოძრაობის ადმინისტრირებას და საგზაო დარღვევებზე რეაგირებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები