მოსამართლის გადაწყვეტილებით, სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი დაიხურა.
სასამართლო სხდომის დახურვის შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა, რომელსაც მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი დაეთანხმა.
მისი თქმით, პროცესზე მოწმეებისა და მათ მიერ მოწოდებული ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციების შესახებ იქნება საუბარი და სწორედ ამიტომ გადაწყდა, სხდომის დახურვის შუამდგომლობის დაყენება.
ადვოკატი აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა. მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე მოწმეთა ჩვენებების დეტალურად განხილვა საჭირო არ არის.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სუს-ის ყოფილი უფროსის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობენ.
ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

