მოსახლეობის გაფრთხილება არ იყო ჩემი პირდაპირი ფუნქცია. სიმართლე გითხრათ, ეს საკითხი უშიშროების საბჭოზე მე რამდენჯერმე ვახსენე და მითხრეს, ამას მივხედავთო, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.
გრიგოლ ვაშაძის თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებდა, რომ ომი არ დაწყებულიყო და მაშინ, როცა რუსეთის ფედერაციას დემონსტრაციულად გაჰყავდა მოსახლეობა, სრული შთაბეჭდილება შეიქმნებოდა, რომ საქართველოც ომისთვის ემზადებოდა და გაჰყავდა მოსახლეობა. გრიგოლ ვაშაძის განმარტებით, ეს იყო ერთ-ერთი მოსაზრება, რომელიც მაშინ მოსახლეობის გაყვანის თაობაზე გამოითქვა.
გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნული განცხადებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უპასუხა კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის შეკითხვას, რომლის თანახმადაც: „2008 წლის ნოემბერში პარლამენტში დროებითი კომისიის წინაშე თქვენ განაცხადეთ, რომ 4 აგვისტოს მასირებული შეტევა იყო სოფელ ნულში. თქვენივე ახსნა-განმარტების თანახმად, 4 აგვისტო არის ორმხრივი საომარი მოქმედებების დაწყებამდე ის ყველაზე ადრინდელი დღე, როცა თქვენ, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირმა და, ვვარაუდობ, მით უფრო სამართალდამცველმა ორგანოებმა უკვე დაინახეს, რომ იმ რეგიონის ერთ-ერთ სოფელში „მასირებული შეტევა მიმდინარეობს რუსეთის მხრიდან“. შემდეგ ამბობთ, 7 აგვისტოს მე ჩემი ხელით დავწერე საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, სადაც ჩავწერეო, რომ რუსეთმა როკის გვირაბში შემოიყვანა ტექნიკა. ამ დროს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბრძანდებით. თქვენც კი, რომელსაც პირდაპირ არ გევალებოდათ, გცოდნოდათ, რუსეთის რომელი შეიარაღება სად არის, სად რა დარტყმებია, უკვე იცით, რომ არათუ დაძაბულობაა, არამედ სამხედრო მოქმედებებთან გვაქვს საქმე. ვინ შეგატყობინათ სოფელ ნულზე მასირებული თავდასხმის შესახებ? 7 აგვისტოს სად იყო რუსული ტექნიკა, საიდან იცოდით საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ? თუ ეს ყველაფერი იცოდით, რატომ არ გააფრთხილეთ მოსახლეობა, რომელიც აღმოჩნდა მახეში? შედგა თუ არა მსჯელობა, რომ მახეში არ აღმოჩენილიყო ჩვენი მოსახლეობა, რომელთაგან უმრავლესობა დაიღუპა, ხშირ შემთხვევაში დაღუპულთაგანი არ იყო ბრმა ტყვიით გარდაცვლილი – დახვრიტეს“.
„ქალბატონო თეა, თქვენ 4 აგვისტო ახსენეთ. 31 ივლისიდან მიდიოდა ქართული სოფლების პერიოდული დაბომბვა, თან იმ კალიბრის იარაღით, 82 და 122-იანი არტილერიით, რომელიც, ყველა შეთანხმებით, კატეგორიულად აკრძალული იყო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში შეტანა. ინფორმაცია მოდიოდა რამდენიმე წყაროდან – მოკავშირეები, დაზვერვა, თავდაცვის სამინისტრო, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საგარეო საქმეთა სამინისტრო, რაც შეეხებოდა ამ უკვე დაწყებული ომის დიპლომატიურ ასპექტს. როდესაც დავხურავთ სხდომას, მოგცემთ ინგლისურად ორ დოკუმენტს და აგიხსნით, საიდან რა ვიცოდი.
რაც შეეხება გაფრთხილებას, ეს ჩემი პირდაპირი ფუნქცია არ იყო, როგორც თქვენ გესმით და სიმართლე გითხრათ, რამდენჯერმე ეს საკითხი მე უშიშროების საბჭოზე ვახსენე და მითხრეს, ამას მივხედავთო. საკითხი იყო, საჭიროების შემთხვევაში, მივხედავთო, მაგრამ, მეორე მხრივ, არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ომი არ დაწყებულიყო. და მაშინ, როდესაც რუსეთის ფედერაციას დემონსტრაციულად გაჰყავდა მოსახლეობა, სრული შთაბეჭდილება შეიქმნებოდა, რომ ჩვენც ომისთვის ვემზადებით და გაგვყავს მოსახლეობა. ეს იყო ერთ-ერთი მოსაზრება, რომელიც გამოითქვა მაშინ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.