სამშაბათი, მარტი 31, 2026

„გირჩი – მეტი თავისუფლება“ ბორის (ჩელე) ყურუამ და ბადრი გრიგალაშვილმაც დატოვეს

ცოტნე კობერიძის შემდეგ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ დატოვების შესახებ პარტიის კიდევ ორი წევრი, ბადრი გრიგალაშვილი და ბორის ჩელე ყურუა წერს.

როგორც ბადრი გრიგალაშვილი წერს, „ამ ფორმით და ამ შინაარსით“ პოლიტიკაში ყოფნის აზრს ვეღარ ხედავს.

„პირველად გამიჭირდა ასე ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ გადავწყვიტე, დავტოვო გირჩი, ჩემი მეორე ოჯახი, სადაც გააზრებული ცხოვრების რვა წელი გავატარე. მოვდივარ, რადგან ამ ფორმით და ამ შინაარსით პოლიტიკაში ყოფნის აზრს ვეღარ ვხედავ. რაც გირჩში მომწონდა – პოლიტიკაში თამაშის წესების ცვლილების პროცესი – ამას ბოლო ხანებია, აღარ ვაკეთებთ. ზოგადად, რაც ახლა ოპოზიციაში ხდება, ეს გზა არსად მიდის, უბრალოდ ამისთვის თვალის გასწორება არავის უნდა და დარწმუნებული ვარ, იმის ფუფუნება აღარ დაგვრჩა, რომ თავი ავარიდოთ, პირველ რიგში, ჩვენში ცვლილებებს. შეცდომის აღიარება არავის უნდა, ეგ რომ გააკეთონ ზოგიერთმა შეიძლება ისიც აღმოაჩინოს, რომ სახლშია წასასვლელი და ეს კიდევ უფრო მეტად უბიძგებთ რეალობისგან გაქცევისკენ. შედეგად კი, შეცდომებში გაჯიუტებულებს, სერიოზულად აღარავინ აღგვიქვამს. არსად გაქცევას არ ვაპირებ. ჩემი ბრძოლის გზა ახლა თავიდან მაქვს მოსაძებნი და, რამდენადაც შევძლებ, შევეცდები, გამოვასწორო დანახული შეცდომები“, – წერს ბადრი გრიგალაშვილი.

ამასთან, ბორის ჩელე ყურუა წერს, რომ პოლიტიკური გზები გაიყო და ამ გადაწყვეტილების მიღება მოუწია.

„ვტოვებ გირჩი-მეტ თავისუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მეგობრობას არაფერი ემუქრება, პოლიტიკური გზები გაიყო და მიწევს ამ მძიმე, მაგრამ სწორი გადაწყვეტილების მიღება. უბრალოდ პარტია არ იყო, ხან ციხეებში ვისხედით და ხან ქვებს ვიცილებდით, ხან სცენაზე ვიდექით და ხან ცრემლსადენ გაზში. მადლობა ყველას, ვინც დამეხმარა და ჩემში რესურსი ჩადო. განსაკუთრებულად ზურას მადლიერი ვარ. მართალია, 2020 წელს მითხრა, ჩაერთე პოლიტიკაში, გაერთობიო და მე ახლა დიდად ვერ ვერთობი, მაგრამ მან მომცა შანსი, რომელსაც ძირითადად არ აძლევენ უფროსი პოლიტიკოსები ახალგაზრდებს და ჯერ კიდევ იმ პროცესში ვარ, რომ ეს შანსი სათანადოდ გამოვიყენო. ამ პროცესს სასიცოცხლოდ სჭირდება შეცდომების გააზრება და მათ გამოსწორებაზე ზრუნვა.საქართველოში რუსეთი აღარ იქნება არასდროს, მაგრამ ცვლილებები ჰაერივით საჭიროა, ცვლილებებს კი ვერ მოვახდენთ თუ ჯერ ჩვენში არ შევცვლით რაღაცებს და იმავეს კეთებას და ერთ წრეზე სიარულს არ მოვეშვებით“, – წერს ბორის ჩელე ყურუა.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი და იტალია მოუწოდებენ ისრაელს, გაიწვიოს კანონი, რომელიც ისრაელელის მკვლელობაში ბრალდებული პალესტინელების სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს

ქნესეთის მიერ მიღებულ კანონს, რომლის მიხედვითაც, ისრაელელის მკვლელობაში ბრალდებულ პალესტინელებს სიკვდილით დასჯიან, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრები ეხმაურებიან.მინისტრები ახალ კანონთან დაკავშირებით „ღრმა შეშფოთებას“ გამოთქვამენ და ისრაელს კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ.მათივე აზრით, ახალი კანონი „მნიშვნელოვნად გააფართოებს“ სასჯელის დაკისრების შესაძლებლობებს. მინისტრებმა სიკვდილით დასჯა შეაფასეს, როგორც „სასჯელის არაადამიანური და დამამცირებელი ფორმა“.„ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებულები ვართ კანონის ფაქტობრივი დისკრიმინაციული ხასიათით. მისი მიღება დემოკრატიული პრინციპების მიმართ ისრაელის ვალდებულებებს საფრთხეს შეუქმნის. ჩვენ მოვუწოდებთ ისრაელის გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ქნესეთსა და მთავრობაში, უარი თქვან ამ გეგმებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.ცნობისთვის, ქნესეთმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, ისრაელელის მკვლელობაში ბრალდებულ პალესტინელებს სიკვდილით დასჯიან. კანონს მხარი 62-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 48 წინააღმდეგი იყო. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სიკვდილით დასჯა სავალდებულო იქნება დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები პალესტინელებისთვის, რომლებიც „ტერორისტულ აქტებში“ დამნაშავედ იქნებიან ცნობილი, ხოლო სავალდებულო სასჯელი ჩამოხრჩობა იქნება.

დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და ყურადღება გაამახვილა დედის ინსტიტუტსა და სახელმწიფოს დემოგრაფიულ გამოწვევებზე. დეპუტატმა ერთმნიშვნელოვნად აღნიშნა, რომ დედის ინსტიტუტის გაძლიერება სტრატეგიული ინვესტიციაა ქვეყნის მომავალში. ხუნდაძის აზრით, ეს უნდა გამოიხატოს დედების ეკონომიკურ და სოციალურ დაცვაში, მრავალშვილიანობა და დედობა უნდა წახალისდეს და დაფასდეს:„დემოგრაფიული პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ოჯახის შექმნა არის მხარდაჭერილი, მრავალშვილიანობა — წახალისებული და დედობა — დაფასებული, როგორც სოციალური და ეროვნული მნიშვნელობის ფუნქცია“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.დეპუტატმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საჭიროა დროული რეაგირება, სხვა შემთხვევაში გაიზრდება შიდა და გარე რისკები.„ოჯახი არის სახელმწიფოს ძირითადი ერთეული. როდესაც ოჯახი სუსტდება, სუსტდება სახელმწიფოც. ამიტომ, დემოგრაფიული პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს არა მხოლოდ ფინანსურ სტიმულირებას, არამედ ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ოჯახის შექმნა არის მხარდაჭერილი, მრავალშვილიანობა — წახალისებული და დედობა — დაფასებული, როგორც სოციალური და ეროვნული მნიშვნელობის ფუნქცია. დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ეს არის სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში.ეს ნიშნავს: დედების ეკონომიკურ და სოციალურ დაცვას, მათი შრომის აღიარებას, და სახელმწიფოს მხრიდან რეალურ მხარდაჭერას, რომელიც მათ აძლევს შესაძლებლობას, არ იდგნენ არჩევანის წინაშე — კარიერასა და ოჯახს შორის. ბიოლოგიური დედის გაზრდილი ბავშვი ფსიქოემოციურად უფრო ჯანსაღი და სტაბილურია, ვიდრე სხვა მოცემულობაში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს და აძლიერებს სახელმწიფოს გრძელვადიან პერსპექტივაში.საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევა სწორედ ამაში მდგომარეობს — შეძლებს თუ არა ქვეყანა დემოგრაფიული ტენდენციების მართვას ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი სტრატეგიული პოზიცია რეგიონში. ეს არის საკითხი, რომელიც მოითხოვს არა მხოლოდ აღიარებას, არამედ დროულ და კოორდინირებულ მოქმედებას.დაგვიანებული რეაგირება ამ შემთხვევაში მნიშვნელოვნად ზრდის როგორც შიდა, ისე გარე რისკებს.ამიტომ, დემოგრაფიული პოლიტიკა უნდა გახდეს ერთ-ერთი ცენტრალური ელემენტი ქვეყნის უსაფრთხოების დღის წესრიგში — შესაბამისი რესურსებით, პასუხისმგებლობითს და პოლიტიკური ნებით“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტის ნამუშევრები აშშ-ის საერთაშორისო პოსტერის ბიენალეს გამარჯვებულია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის ერთ-ერთი მაღალრეიტინგული სტუდენტის - ბაკალავრ დიმიტრი კაზაროვის ორი პოსტერი, რომლებზეც მან მიმდინარე სასწავლო წლის პირველ სემესტრში საკურსო თემის ფარგლებში იმუშავა, ამერიკის შეერთებული შტატების 2025 წლის საერთაშორისო პოსტერის ბიენალეს (USIPB 2025) გამარჯვებულ ნამუშევართა შორისაა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტმა პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვების შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი სერტიფიკატი, რომელსაც ხელს აწერენ USIPB 2025-ის პრეზიდენტი კრისტოფერ სკოტი და ვიცე-პრეზიდენტი რაიან სლოუნი, სულ ახლახან მიიღო. სტუ-ის ბაკალავრის პოსტერებმა გამარჯვება კონკურსზე წარდგენილ 11 845 ნამუშევარს შორის მოიპოვა.აშშ-ის საერთაშორისო პოსტერის ბიენალეს ორგანიზატორთა ინფორმაციით, დიმიტრი კაზაროვის ავტორობით შესრულებული პოსტერები - „გეოთერმული აბსტრაქცია“ და „შერმანი - კეთილი გოლიათი“ - ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით არის გამოფენილი, ასევე წარმოდგენილია USIPB-ის ვებგვერდზე, D კატეგორიაში - „ეროვნული პარკები“, ბმულით: https://www.usipb.com/edition-2025როგორც სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის დეკანი, პროფესორი მალხაზ რაზმაძე აღნიშნავს, ფაკულტეტის ერთ-ერთმა გამორჩეულმა სტუდენტმა USIPB 2025-ის აღიარება თანამედროვე პოსტერის შექმნის პროცესში მიღწეული სრულყოფილებისა და კრეატიულობისთვის მიიღო, რაც მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკებსა და მეთოდოლოგიებზე დაფუძნებული დიზაინის საერთაშორისო სკოლის კიდევ ერთი აღიარებაა.„დიზაინის საერთაშორისო სკოლამ განსაკუთრებული სიხარულითა და სიამაყით მიიღო ცნობა იმის შესახებ, რომ ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული სტუდენტი - დიმიტრი კაზაროვი, თავისი ორი ნამუშევრით, ამერიკის 2025 წლის საერთაშორისო პოსტერის ბიენალეს გამარჯვებულია. მისი ორივე ნამუშევარი კონკურსის ჟიურიმ შეარჩია სრულყოფილების, კრეატიულობის და თანამედროვე ტენდენციების გონივრულად გააზრებისა და კონცეპტუალურ-ვიზუალური სიცხადის გამო. სერტიფიკატს, რომელიც ჩვენმა სტუდენტმა სულ ახლახან მიიღო, ხელს აწერენ USIPB 2025-ის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი. ეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის კიდევ ერთი წარმატებაა“, - ამბობს მალხაზ რაზმაძე.ბაკალავრ დიმიტრი კაზაროვს საერთაშორისო წარმატებას ულოცავს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე. რექტორის განცხადებით, ეს მიღწევა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, როგორც სტუდენტისთვის, ისე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი დიზაინის საერთაშორისო სკოლისთვის, რომელიც მიზანმიმართულად ზრდის თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებულ, კონკურენტუნარიან პროფესიონალებს.„გულითადად ვულოცავ ჩვენს სტუდენტს ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო წარმატებას. დიმიტრი კაზაროვის გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლა მაღალი აკადემიური სტანდარტებითა და სწავლების თანამედროვე მეთოდებით ქმნის გარემოს, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ თავიანთი შემოქმედებითი პოტენციალის სრულად რეალიზება. უნდა აღინიშნოს დიზაინის საერთაშორისო სკოლის აკადემიური გუნდის როლი, რომლებიც სტუდენტებს სთავაზობენ დიზაინ-აზროვნებასა და ინოვაციურ მიდგომებზე დაფუძნებულ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას.თანამედროვე მსოფლიოში პოსტერი აღიქმება როგორც სხვადასხვა ქვეყნის კულტურას შორის კომუნიკაციის, ზოგადსაკაცობრიო გამოწვევების შესახებ მსოფლიო საზოგადოების ინფორმირების და სოციალური დიალოგის ხელშეწყობის ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტი. სწორედ ასეთ კონტექსტში, ჩვენი სტუდენტის წარმატება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს - მან საერთაშორისო პროფესიულ სივრცეში ღირსეულად წარმოაჩინა საქართველო, ჩვენი უნივერსიტეტი და მისი საერთაშორისო დიზაინის სკოლა. ვულოცავ ჩვენს ახალგაზრდას! დარწმუნებული ვარ, დიმიტრი მომავალშიც არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს და საკუთარი შემოქმედებით მეტად გააძლიერებს ქვეყნის პოზიციას გლობალურ სივრცეში“, - აღნიშნავს აკადემიკოსი დავით გურგენიძე.

ნიკოლოზ სამხარაძე – ჩვენი ამოცანაა საქართველოსა და აშშ-ის მაღალი დონის სტრატეგიული პარტნიორობა, რაც პრემიერმაც განუცხადა რუბიოს, გვსურს, ეს იყოს დაფუძნებული ორივე ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე

საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებში უკვე არის პოზიტიური დინამიკა, რაც ნათლად ჩანს, როგორც ვიზიტების გაცვლის, ასევე გუშინდელი ზარის შედეგად, ვიმედოვნებთ, ურთიერთობების აღდგენა გადაიზრდება ურთიერთობების უფრო მეტ გაუმჯობესებაში, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.სამხარაძის თქმით, საქართველოს სურს, აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა დაფუძნებული იყოს ორივე ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე.„ეს ყველაფერი სამუშაო პროცესი უნდა იყოს, რომელიც დროს მოითხოვს. ჩვენი ამოცანაა, ქვეყნებს შორის მაღალი დონის სტრატეგიული პარტნიორობა იყოს. ამის თაობაზე განვაცხადეთ, როგორც ამერიკაში ვიზიტის დროს, ასევე პრემიერ-მინისტრმა მარკო რუბიოს გუშინ განუცხადა. სასიხარულოა, რომ ეს პროცესი დაიწყო. თბილისს სურს, რომ ვაშინგტონთან ურთიერთსასარგებლო, სტრატეგიული ურთიერთობა და პარტნიორობა ჰქონდეს, რომელიც დაფუძნებული იქნება საქართველოსა და ამერიკის ეროვნულ ინტერესებზე და იმაზე, რომ ორივე ქვეყანამ ამ სტრატეგიული პარტნიორობიდან სარგებელი მიიღოს.რაც შეეხება ოპოზიციის რეაქციას, მათ განცხადებებს ყურადღებას არ ვაქცევ, რადგან მარგინალური ძალა გახდნენ. თავის თავის გარდა, არცერთი სეგმეტის პოზიციას არ გამოხატავენ. შესაბამისად, მათ ყურადღება აღარ უნდა მივაქციოთ, რადგან პოლიტიკური პროცესის მიღმა არიან დარჩენილი“, – განაცხადა სამხარაძემ.

გიორგი ვაშაძე – ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიყოთ ამერიკის მძლავრი რეგიონალური პარტნიორი, ეს არის ჩვენი გზა

ჩვენთვის ამერიკა ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორია. სამწუხაროდ, „ოცნებამ“ ბოლომდე გააფუჭა ურთიერთობა, – ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.ვაშაძეს კითხვა დაუსვეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს სატელეფონო საუბრის შესახებ.„ძალიან ვწუხვარ, რომ 2 აპრილიდან, სწორედ რეჟიმის დამსახურებით, მაგალითად, ათწლიანი, მრავალჯერადი ვიზებიც აღარ გვექნება და ერთჯერადი ვიზების აღება მოუწევთ საქართველოს მოქალაქეებს. რამდენი ადამიანია, ვინც საგანმანათლებლო, ბიზნესის მიზნით დადიოდა და ამით ზიანდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიყოთ ამერიკის მძლავრი რეგიონალური პარტნიორი. ეს არის ჩვენი გზა, სამწუხაროდ, ეს არ არის რეჟიმის გზა. დარწმუნებული ვარ, ამაზე იქნებოდა საუბარი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.ცნობისთვის, 30 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომ მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. „მათ განიხილეს ორმხრივი ინტერესის სფეროები, მათ შორის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლმა, ტომი პიგოტმა.სატელეფონო ზარს გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც, რომელმაც აღნიშნა: „მარკო რუბიოსთან პროდუქტიული საუბარი მქონდა, განვიხილეთ პარტნიორობის გადატვირთვისა და სამხრეთ კავკასიაში საქართველოს როლის გაძლიერების მნიშვნელობა“.

ბოლო სიახლეები