ჩვენი პოლიტიკური ძალა სრულად გააზრებულად იღებს პასუხისმგებლობას იმ შეცდომებზე, და, ჩვენ, თქვენგან განსხვავებით, შეცდომების აღიარების პრობლემა არასდროს გვქონია, რაც ამ ერთი წლის განმავლობაში დავუშვით, რაც, პირველ რიგში, ეხება საპარლამენტო ბოიკოტს, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკური პროტესტის ამ ფორმამ „ოცნების“ მოძალადე მანქანა ვერ შეაჩერა ისეთი დამაზიანებელი გადაწყვეტილებების მიღებისგან და, არ მოახდინა არ დამაზიანებელი გადაწყვეტილებების პრევენცია, როგორიც იყო საქართველოს ევროპულ მომავალზე უარის თქმა, ანტიდემოკრატიული, ადამიანის უფლებების შემლახველი კანონების მიღება და, რაც მთავარია, „ოცნება“ ვერ შეაჩერა მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობისგან.
„ბოიკოტისა და 4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის ტოტალური კამპანიის ფონზე, რაც განსაკუთრებული მონდომებით, პირველ რიგში, სახელისუფლებო მედია აშუქებდა და პროპაგანდას უწევდა, მოსახლეობის ნაწილმა დაიჯერა, რომ ე.წ. მშვიდობიანი დამხობა შეიძლებოდა, გამხდარიყო ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილების ინსტრუმენტი. „ოცნებას“ კი, მის მიერ ჩადენილი არაერთი დანაშაულისა და ძალადობის გამო, ჰქონდა ლეგიტიმაციის მწვავე კრიზისი, საშუალება მიეცა, დრო მოეგო და ხალხი მშვიდობიანი დამხობის, როგორც არსებული მწვავე რეალობის კიდევ უფრო უარესი ალტერნატივით დაეშინებინა. ამ შიშის ფაქტორით მოახერხეთ ეტაპობრივად დაგებრუნებინათ დაკარგული ამომრჩეველი და, რა თქმა უნდა, 4 ოქტომბრის იმ უპასუხისმგებლო სპეცოპერაციის შემდეგ ერთგვარად გაგჩენოდათ დამატებითი საფუძველი, რომ დაგეძლიათ ლეგიტიმაციის კრიზისი. თუმცა, დაპირისპირებისა და რადიკალიზაციის ხელოვნურად წახალისების გარეშე, ამას ვერ შეძლებდით. ამიტომ, 4 ოქტომბრის პროვოკაციის მძიმე შედეგებზე, რამაც ქვეყანა დაპირისპირების საშიშ ზღვართან მიიყვანა, პასუხისმგებლობას ვერც თქვენ გაექცევით, რადგან, სულ მცირე, შეგეძლოთ და არ აღკვევთ ეს პროვოკაცია. ვერც ის უპასუხისმგებლო პროვოკატორები გაექცევიან, ვინც პირდაპირ, თუ ირიბად, 4 ოქტომბრის მშვიდობიანი დამხობის ორგანიზებაში ან მის წახალისებაში მონაწილეობდნენ, გნებავთ დამნაშავის და გნებავთ, სასარგებლო იდიოტის როლში, როდესაც 4 ოქტომბერს ხალხს არჩევნების ნაცვლად მშვიდობიანი დამხობის აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებდნენ“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
მისი თქმით, ეს გვერდი ვერ გადაიფურცლება, ვიდრე შეცდომას შეცდომა არ დაერქმევა, დანაშაულს კი – დანაშაული.
„მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენთვის მთავარი ღირებულება და საზრუნავია ქართველი ხალხია. ერთი მხრივ, „ოცნებისგან“ მოტყუებული და პროპაგანდის მსხვერპლი, მეორე მხრივ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების უპასუხისმგებლობათა გამო იმედგაცრუებული ჩვენი მოქალაქეები. სწორედ ქართველი ხალხის პატივისცემით, იმ რეალობის აღიარებით, რომ ჩვენ ვერ შევძელით მათთვის უკეთესი ალტერნატივის შეთავაზება, რადგან ერთი წლის მანძილზე ჩვენვე ვთქვით უარი ხალხის მიერ მონიჭებულ მანდატებზე და მარტო დაგტოვეთ ამ დარბაზში, მზად ვართ, მივიღოთ ეს გამოწვევა და ხალხის ხმა და განსხვავებული აზრი დავაბრუნოთ პარლამენტში, რომელიც არ გეკუთვნით არც თქვენ და არცერთ სხვა პარტიას, არამედ ეკუთვნის მხოლოდ ქართველ ხალხს. ხალხს, რომელიც „ოცნების“ პროპაგანდისტული რეჟიმის პირისპირ დაუცველი აღმოჩნდა, იმ რეჟიმის პირისპირ, რომლის კანონებითაც, სამწუხაროდ, იმართება დღეს ქვეყანა და რის საფუძველზეც უამრავი ადამიანია დაჭერილი“, – განაცხადა გიორგი შარაძიემ.
მისი თქმით, ამ მძიმე ვითარებიდან გამოსავალი მხოლოდ ხალხისთვის განკუთვნილი ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტისა და პლატფორმის ხალხის სამსახურში დაბრუნებაშია.
„სიმართლე მწარეა და ამ სიმართლის მოსმენა მოგიწევთ ჩვენგან პარლამენტში, რომელიც, უნდა შეეგუოთ, რომ დღეიდან თქვენი პარტიული ოფისი აღარ იქნება და აქ ხალხის ხმას და განსხვავებულ აზრს ჩვენგან გაიგონებთ! ჩვენ გვჯერა, რომ ოცნების მოძალადე რეჟიმთან პრინციპული და შეურიგებელი ბრძოლით მივაღწევთ თავისუფალ არჩევნებს, სამართლიან წესრიგს და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლის გზაზე დაბრუნებას“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

