უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია 11 წელი მიუსაჯო ადამიანს, პარალელურად, საქმე აღძრა მისი მშობლების წინააღმდეგ და 50 000-ლარიანი მორიგებით ეს ადამიანი თავისუფლებზე გამოუშვა – გასაგებია, რომ აქ არ გვაქვს საქმე ინსტიტუციურ სამართლებრივ გადაწყვეტილებასთან და როგორც სხვა დანარჩენ შემთხვევაში, ეს გადაწყვეტილებაც არის ერთი პირის, ან პირთა ჯგუფის მიერ არაფორმალურად მიღებული, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რითაც „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის გათავისუფლებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „რა ავტოკრატიული რეჟიმიც გვაქვს, ის შედეგი დადგა“.
„ავტოკრატიულ რეჟიმში ბრალის აღიარება იშვიათი გამონაკლისი არ არის. რა ავტოკრატიული რეჟიმიც გვაქვს, ის შედეგი დადგა. სამწუხარო რეალობაა ის, რომ დღეს ამ შეთანხმების არავის სჯერა. არავის სჯერა, რომ ასე შეიძლებოდა ეღიარებინა ბრალი ბატონ ბაჩიაშვილს. მილიარდებზე იყო საუბარი და პრეტენზიები და საპროცესო გარიგების თანახმად, 50 000 ლარი რომ გადაახდევინეს ბაჩიაშვილს, ყველაფერზე მეტყველებს, რამდენად სამართლიანი შეიძლებოდა ყოფილიყო ეს შეთანხმება. სამწუხაროდ, ყველაფრის თავი და თავი არის ის ავტოკრატიული სისტემა, რაც არის საქართველოში. ვინც დაიჭირა, იმან გამოუშვა. გამოუშვა მაშინ, როცა ეს საჭიროდ ჩათვალა. ეს არის პრობლემის მთავარი არსი, თორემ ნებისმიერ შემთხვევაში, ბატონ ბაჩიაშვილს ვულოცავთ თავისუფლებაზე ყოფნას. ამ ადამიანს აქვს საკმარისი უნარები იმისთვის, რომ გაცილებით მეტად გამოადგეს ქვეყანას თავისუფლებაზე, ვიდრე გამოკეტილი 4 კედელში,” – განაცხადა შარაშიძემ.
ცნობისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა პენიტენციური დაწესებულება 18 თებერვალს დატოვა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბაჩიაშვილმა ყველა სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაული აღიარა, აანაზღაურა ზიანი და გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი ბაჩიაშვილი 2025 წლის მაისში დააკავა. ბაჩიაშვილი მსჯავრდებული იყო „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში. მას ამ საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
ბაჩიაშვილი მსჯავრდებული იყო კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს. მას სასჯელის სახით 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
ასევე, გიორგი ბაჩიაშვილს „მტკვარი ჰესის“ საქმეზე ბრალდება საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

