საქართველო კანდიდატ სახელმწიფოებს შორის იქნება ყველაზე უფრო მზად იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გავხდეთ, – განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა.
მისი თქმით, უახლოესი პერიოდის განმავლობაში უმნიშვნელოვანესი მიმართულება იქნება სწორედ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია.
„ორიენტირებულები ვართ იმ საკითხების მოწესრიგებასა და მოგვარებაზე, რომელსაც საზოგადოებას დავპირდით. ეს არის რა, რომ უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა უნდა გაიზარდოს. უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში სიღარიბის მაჩვენებელი უნდა იყოს მინიმუმამდე და ჩვენ ვამბობთ, რომ მაქსიმუმ 4 პროცენტიან ზღვარს შესაძლოა ამან მიაღწიოს.
უახლოესი პერიოდის განმავლობაში, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი მიმართულება იქნება ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაცია. 2028 წლისთვის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90 პროცენტი უნდა იყოს შესრულებული. ჩვენ ვთქვით, 2030 წელს, ვინაიდან ევროკავშირის მხრიდანაც გაცხადებული იყო, რომ ევროკავშირის პირველი გაფართოება შესაძლოა 2030 წელს მოხდეს, ამ დროისათვის საქართველო კანდიდატ სახელმწიფოებს შორის იქნება ყველაზე უფრო მზად იმისათვის, რათა ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გავხდეთ“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.