ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად სწორ და ლოგიკური. ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაასაბუთა ის, რომ საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, ამ ქვეყანაში უმთავრესია ამ ქვეყნის ხალხის ინტერესები და ამ სახელმწიფოს სუვერენული უფლებები, – განაცხადა საზოგადოება „ქართულის“ წევრმა გიორგი კალანდიამ.
„ის, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის გარშემო მოვლენები ვითარდება გარკვეულწილად არასწორად, ეს არის ძალიან დროებითი. მსოფლიოში, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე პროცესები ცხადყოფს იმას, რომ ჩვენი სახელმწიფო სწორი გზით მიდის და მიდიოდა. გარდაუვალია ისიც, რომ არა თავს მოხვევა, არა ხელის გადაგრეხა, არამედ დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინება, შეჯიბრებითობის პრინციპი იქნება სულ მალე ევროპაში წარმმართველი, სადაც საქართველო თავის ღირსეულ ადგილს დაიკავებს“, – განაცხადა გიორგი კალანდიამ.
საზოგადოება „ქართულმა“ PACE-ს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 29 იანვარს მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, საქართველოს დელეგაციას აპრილამდე შეზღუდული უფლებამოსილება ექნება. დოკუმენტში მოცემულია გარკვეული პირობები, რომელთა შესრულებასაც საქართველოს ხელისუფლებას აპრილამდე სთხოვენ. მათ შორის არის „პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების გამოცხადება“.
მოგვიანებით საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ქართველი დეპუტატები წყვეტენ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრად რჩება.