ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024

გიორგი ვაშაძემ მანდატის გაუქმების მოთხოვნით პარლამენტს ელექტრონული ფოსტით მიმართა – დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგებიც იმავეს გააკეთებენ

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მანდატის გაუქმების მოთხოვნით პარლამენტს მიმართა. ამის შესახებ ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით კოლეგებთან საუბარი არ ჰქონია, თუმცა დარწმუნებულია, რომ ისინიც იმავეს გააკეთებენ.

„ოპოზიციონერ კოლეგებთან ვერ მქონდა კონსულტაცია, რადგან მთელი დღე თქვენთან ერთად ვარ. მე უკვე გავაგზავნე განცხადება ამ თვითმარქვია ორგანოში, რომელსაც ისინი პარლამენტს უწოდებენ და დაუყოვნებლივ მოვითხოვ, შეწყდეს ჩემი მანდატი. დაუყოვნებლივ მოვითხოვ, მიიღონ გადაწყვეტილება, რომ გაუქმდეს მათთან ჩემი ყოველგვარი კავშირი. არანაირი კავშირი ამ თვითმარქვია დაჯგუფებასთან არ მექნება და ვიქნები თქვენთან ერთად ბოლომდე, რათა მოვიპოვოთ გამარჯვება. დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგებიც იმავეს გააკეთებენ, უბრალოდ, მე ახლა აქ ვარ და აქედან მოგმართავთ თქვენ. ეს განცხადება უკვე რეგისტრირებულია პარლამენტში, გაგზავნილია ელექტრონული ფოსტით და დაუყოვნებლივ, ხვალვე მოვითხოვ, შეწყდეს ჩემი მათთან კონტაქტი. მათთან არაფერი მაკავშირებს, არანაირი მანდატი, არანაირი პარლამენტი არ არსებობს. არსებობს ეს თვითმარქვია ორგანო და არსებობთ თქვენ, ძალაუფლება თქვენშია და არა – მათში“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ და აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე ყოფნისთვის მადლობა გადაუხადა.

ვაშაძის თქმით, უკან არ დაიხევენ და ერთობლივი ბრძოლით აუცილებლად მიაღწევენ საბოლოო გამარჯვებას.

„ბიძინა ივანიშვილი პარლამენტის შენობიდან გაიპარა, გაიპარა საკუთარ თვითმარქვია დაჯგუფებასთან ერთად, რომელმაც დღეს საკონსტიტუციო გადატრიალება მოაწყო საქართველოში. პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს არის დღეიდან არა ხელისუფლება, არამედ თვითმარქვია ადამიანების ერთობლიობა, რომელსაც უნდა, მიიტაცოს ეს ქვეყანა, მაგრამ პირობას გაძლევთ, ერთობლივი ბრძოლით ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და მივიყვანთ ამ გამარჯვებას ბოლომდე. არცერთი წუთით არ დავიხევთ უკან, ვიბრძოლებთ, რათა საქართველომ გაიმარჯვოს. ეს ბრძოლა, შეიძლება, ცოტა გაგვიგრძელდეს, მაგრამ მერწმუნეთ, არცერთ წამს, წუთს თქვენ ჩვენგან ვერ ნახავთ უკან დახევას. თქვენთან ერთად ბოლომდე მივაწვებით, რომ ეს რეჟიმი ჩამოიშალოს. მერწმუნეთ, აუცილებლად ასე მოხდება. ჩვენ არც წვიმა გაგვაჩერებს, არც ქარი, არც სიცივე და ჩვენი ერთიანობით აუცილებლად გავიმარჯვებთ და ვიზეიმებთ ისეთ საქართველოს, რომელიც გინდათ“, – განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, დღევანდელ დღეს არაფერი დასრულებულა, არამედ იწყება სრულიად ახალი პროცესი.

„ჩვენი ბრძოლის ხაზი იქნება პროტესტი, საგარეო ასპარეზი. სულ მალე დადგება წამი, როდესაც ჩვენ გადამწყვეტ შეტევას მივიტანთ ამ თვითმარქვია დაჯგუფებაზე და ვიზეიმებთ საბოლოო გამარჯვებას. დღევანდელ დღეს არაფერი დასრულებულა, პირიქით, დღევანდელ დღეს იწყება სრულიად ახალი პროცესი. ჩვენ გადავდივართ ახალ ეტაპზე, როცა ამ ქვეყანას ხელისუფლება არ ჰყავს. ჩვენ, ყველანი ერთად, შევქმნით ალტერნატიულ მექანიზმებს, რომელიც თქვენგან იქნება ლეგიტიმური და დაიწყებს ურთიერთობებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, რათა საბოლოოდ ჩაბეტონდეს, რომ არ მოხდება ამ არჩევნების აღიარება და თქვენს წარმომადგენლად იქნება ცნობილი ის მექანიზმი, რომელსაც ჩამოვაყალიბებთ ოპოზიციურ კოლეგებთან ერთად. ხელს თუ ჩამოვუშვებთ, მაშინ მტერი გაიმარჯვებს, თუ ვიბრძოლებთ, თავდადებას, ბრძოლას, წინსვლას ყოველთვის ექნება შედეგი. თქვენ წინაშე ვფიცავ, რომ არცერთი წამით არ დავიხევთ უკან. თქვენ ხართ ის ნათელი წერტილი, რომელიც იმსახურებს ღირსეულ, ერთიან, ევროკავშირის წევრ საქართველოში ცხოვრებას. მჯერა, ავაშენებთ ქვეყანას, სადაც დიდს და პატარას ექნება საკუთარი ღირსეული ადგილი. სულ მალე დიდი ზეიმი იქნება საქართველოში და საქართველოში ინათებს და აუცილებლად იქნება ის, რისთვისაც ვიბრძვით – ერთიანი, ძლიერი, ევროკავშირის წევრი საქართველო, ღირსეული ადამიანების ქვეყანა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ისრაელსა და „ჰესბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდება

ისრაელსა და „ჰესბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდება. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტი შეთანხმების დასამტკიცებლად 26 ნოემბერს შეიკრიბება. შეთანხმების ტექსტი დღეს დასრულდა. ისრაელის მედია ასევე წერს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიბანში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. გავრცელებული ცნობით, ისრაელის არმიამ ნეთანიაჰუს უთხრა, რომ არმიამ მიაღწია დასახულ მიზნებს, საზღვრის გასწვრივ „ჰესბოლას“ ინფრასტრუქტურის განადგურებას და ჩრდილოეთ ისრაელში შეტევის შესაძლებლობის აღმოფხვრას, ასევე „ჰესბოლას“ სარაკეტო არსენალის მკვეთრად შემცირებით. პარალელურად, ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ლიბანში დაიბომბა 25 სამიზნე ობიექტი, რომელსაც „ჰესბოლას“ წევრები იყენებდნენ. ისრაელის არმიის სამიზნე გახდა ლიბანის დედაქალაქი ბეირუთი. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიბანის ქალაქ ტვიროსში ისრაელის დაბომბვას 12 ადამიანი ემსხვერპლა. პარალელურად, ლიბანიდან „ჰესბოლამ“ ისრაელის მიმართულებით 340 რაკეტა გაუშვა, რაც არის ყველაზე დიდი თავდასხმა ომის დაწყების შემდეგ. სარაკეტო შეტევის შედეგად ისრაელში 11 ადამიანი დაშავდა.

გაერო-ს მონაცემებით, 2023 წელს დაახლოებით 85 ათასი ქალი და გოგონა გახდა ფემიციდის მსხვერპლი

გაერო-ს მონაცემებით, 2023 წელს დაახლოებით 85 ათასი ქალი და გოგონა გახდა ფემიციდის მსხვერპლი. მათგან დაახლოებით 51 000 (60 პროცენტი) პარტნიორებმა ან ოჯახის სხვა წევრებმა განზრახ მოკლეს. როგორც გაერო-ში აცხადებენ, ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოში ოჯახური ძალადობის შედეგად, ყოველ 10 წუთში ერთი ქალი ან გოგონა იღუპება. გაერო-ს მონაცემების მიხედვით, ფემიციდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აფრიკაში დაფიქსირდა, შემდეგ მოდის ჩრდილოეთი, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა, 2023 წელს ევროპაში ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალი იყო. ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს გავრცელებულ განცხადებაში გაერო გამკაცრებულ კანონმდებლობას და მსხვერპლთა შესახებ ინფორმაციის უკეთ შეგროვებას ითხოვს. გაერო-ში ამბობენ, რომ მთავრობებმა მეტი ვალდებულება უნდა აიღონ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად. ასევე საჭიროა ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციებისთვის მეტი დაფინანსების გამოყოფა და ქალთა მიმართ ძალადობისადმი ნულოვანი ტოლერანტობის კულტურის შექმნა.

რობ ბაუერი: ყველაფერი, რაც ახლა მსოფლიოში ხდება, ბევრად უფრო დიდი საკითხია, ვიდრე უკრაინა – ეს არის ძალაუფლების გადაბალანსება აშშ-სა და ჩინეთს შორის

ხალხს უნდა ესმოდეს, რომ ყველაფერი, რაც ახლა მსოფლიოში ხდება, ბევრად უფრო დიდი საკითხია, ვიდრე უკრაინა და ეს არის ძალაუფლების გადაბალანსება აშშ-სა და ჩინეთს შორის, – ამის შესახებ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა, რობ ბაუერმა განაცხადა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, რუსეთის მიერ საქართველოში და ყირიმში შეჭრამ ვაკუმი შექმნა, რადგან დასავლეთმა რუსეთის ქმედებებს არ უპასუხა. „ჩვენ უნდა ავუხსნათ მოსახლეობას, რომ უკრაინაში ომი თუ ხვალ დასრულდება, ნებისმიერ ვითარებაში, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნდება, რადგან ეს ბევრად უფრო დიდი გამოწვევის ნაწილია, ეს არის ძალაუფლების გადაბალანსება აშშ-სა და ჩინეთს შორის. ეს ხდება ახლა მსოფლიოში. უკრაინის ომი ერთი მაგალითია, როდესაც პუტინს ეგონა, რომ თავს გაართმევდა აღქმული ვაკუმის გამო, რაც მოხდა 2008 წელს საქართველოში, რაც მოხდა 2014 წელს ყირიმში. უპასუხობა დასავლეთის მხრიდან, სირია – რეალური უპასუხობა დასავლეთიდან, ასე რომ ეგონა, ამას თავს გაართმევდა. ეს იყო კიდევ ერთი მომხდარი ფაქტი. ის ფიქრობდა, რომ ამის გაკეთებას ხუთ დღეში შეძლებდა და ჩვენ არ ვუპასუხებდით. მოვლენები განსხვავებულად წარიმართა. პუტინმა წააგო სტრატეგიულად, რადგან ვერ მიაღწია ვერცერთ სტრატეგიულ ამოცანას. სურდა რეჟიმის ცვლილება, მარიონეტული სახელმწიფო და შესაბამისად ბუფერული ზონა“, – განაცხადა ბაუერმა. ამასთან, რობ ბაუერის განცხადებით, „ხალხს უნდა ესმოდეს, რომ ყველაფერი, რაც ახლა ხდება, ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე უკრაინა“. „ეს ეხება წესებს და შეთანხმებებს რაც გვაქვს მსოფლიოში, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი. ჩვენ უარვყავით ჩვენი დემოკრატიული სისტემის შენარჩუნების საჭიროება და ვიფიქრეთ, რომ ეს იმდენად კარგი სისტემაა, რომ არ სჭირდება შენარჩუნება. ჩვენ შეცდომა დავუშვით. შესაბამისად, ჩვენ ყურადღება არ მივაქციეთ იმას, რომ არსებობს ალტერნატივები რიგი ქვეყნებისთვის მსოფლიოში. თუ ვეტყვით, რომ ჩვენ გვაქვს დიდებული სისტემა, გინდათ გასწავლოთ როგორ მუშაობს? ხალხი გიყურებს და გეუბნება, რას ნიშნავს მასწავლი როგორ მუშაობს? საკუთარ თავს შეხედე. აღარ მინდა შენი ფული, უნდა დამემტკიცებინა, როგორ დავხარჯე ყოველი ცენტი, ახლა მე ვიღებ ფულს რუსეთიდან და ჩინეთიდან უფრო მარტივად. ასევე, ჩვენ ახლა ვისმენთ პირველ საჩივრებს რიგი ქვეყნებიდან რუსებზე და ჩინელებზე, რაზეც უნდა ვიფიქროთ. ნატო-სთვის კარი ის არის, რომ არსებობს ლიდერი, ეს აშშ-ია, ევროპაში კი ბევრად რთული ვითარებაა, არ არსებობს ერთი ლიდერი, ამიტომ არის მუდმივი დისკუსია სად წავიდეთ. ეს ევროკავშირში ცხოვრებას ართულებს, რადგან ყოველთვის დისკუსიაა“, – განაცხადა რობ ბაუერმა.

სალომე ზურაბიშვილი – როცა გადავწყვეტ, წავიდე სტრასბურგში, როგორც აქამდე, წინასწარ გეტყვით, რისთვის მივდივარ, ვის ვხვდები, მე აქ ვიქნები და ერთად მოვემზადებით შემდეგი არჩევნებისთვის

მივესალმები საქართველოს საზოგადოებას, რომელსაც დღეს გული სტკივა და ყველას უნდა გვტკიოდეს გული, რადგან დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს და პარლამენტმა თუ მმართველმა გუნდმა, ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია, ძალიან მეცოდებიან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა. ზურაბიშვილის თქმით, დღეს ყველაფერი ახალგაზრდების ხელშია. „პირველ რიგში, მეცოდება კობახიძე, როგორც ამ კონსტიტუციის დამწერი. როგორც ჩანს, რაღაცები ვერ გათვალა, თორემ არ დასჭირდებოდა, რომ თავზე დაეხია კონსტიტუცია. მეცოდება ყველა ის პარლამენტარი, რომლებიც დღეს ისხდნენ გაყინული სახეებით, რამეთუ იციან, რომ არიან გაყალბებული არჩევნების შედეგი, რამეთუ იციან, რომ იქნებიან რამდენიმე თვით თუ რამდენიმე კვირით ჩაკეტილი ამ დარბაზში, სადაც არცერთს არანაირი უფლება არ გააჩნიათ. მეცოდება ის საქართველო, სადაც ადამიანები ერთმანეთს ისე ესალმებიან, როგორც ჩვენ დღეს ვნახეთ კადრები, რომელიც ნამდვილად სამარცხვინოა და შევა ისტორიაში, როგორც სამარცხვინო კადრი, ერთმანეთის მისალმების თუ დაჩოქების. სამაგიეროდ, არ მეცოდებით თქვენ, არ მეცოდება ჩვენი საზოგადოება, რომელიც დგას იქ, სადაც უნდა იდგეს და როცა უნდა იდგეს. არ მეცოდება ჩვენი ახალგაზრდობა, რამეთუ მომავალი მათ ხელშია და უნდა მოემზადონ იმისთვის, რომ არა მხოლოდ მომავალი იყოს მათი, არამედ ძალიან მალე ხელში აიღონ სადავეები ამ ქვეყნის. თუ რამეს ვხედავთ ჩვენ, ეს არის, რომ თქვენი დრო მოვიდა. ის ძველი დრო, რომელიც ასახულია დღევანდელ პარლამენტში, ნამდვილად დამთავრდა. საჭიროა, რომ ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში, რადგან ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების, რომელიც უნდა ჩატარდეს ახალი ფორმით, არა კალანდარიშვილისეული ფორმით, არამედ თავისუფლად, სამართლიანად და ეს დრო ნამდვილად მოდის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, ახლა მთავარი მოვალეობაა, ყველა ერთად იდგეს. „ჩვენი მთავარი მოვალეობა დღეს ის კი არ არის, რომ ყოველდღე ვიდგეთ სადმე, მთავარი მოვალეობაა მომზადება. თუ მოვემზადებით, იმედი უნდა გვქონდეს ჩვენი თავის, ჩვენი პარტნიორების, რომლებიც ნამდვილად მზად არ არიან, რომ მიატოვონ საქართველო, და იმედი უნდა გვქონდეს, რომ ეს მომავალი არის ამ ქვეყნის და ჩვენი, ყველასი ერთად. მე როცა გადავწყვეტ, წავიდე სტრასბურგში, როგორც აქამდე, წინასწარ გეტყვით, რისთვის მივდივარ, ვის ვხვდები, რას ვაკეთებ და როგორ დავბრუნდები. მე აქ ვიქნები და ერთად მოვემზადებით შემდეგი არჩევნებისთვის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

საპარლამენტო კომიტეტებმა თავმჯდომარეების პირველი მოადგილეები აირჩიეს

XI მოწვევის პარლამენტის კომიტეტებმა საორგანიზაციო სხდომები გამართეს, სადაც კომიტეტების დებულებები დაამტკიცეს. კომიტეტების სხდომებზე საკადრო საკითხებზეც იმსჯელეს და კომიტეტების თავმჯდომარეების პირველი მოადგილეები აირჩიეს. კერძოდ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დეპუტატებმა თენგიზ შარმანაშვილის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გიორგი ჩაკვეტაძე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ კი ირაკლი შატაკიშვილი აირჩიეს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ კომიტეტმა ირაკლი ხელაძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ შოთა ხაბარელი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ვლადიმერ ბოჟაძე, ხოლო ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ალუდა ღუდუშაური აირჩიეს. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვახტანგ თურნავა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კი მარიამ ლაშხი იქნება. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა თავმჯდომარის პირველ მოადგილედ მხარი გივი ჭიჭინაძის კანდიდატურას დაუჭირა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა კი თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ვლადიმერ კახაძე აირჩია. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კი ეკა ჭიჭინაძე იქნება. რაც შეეხება აგრარულ საკითხთა კომიტეტს, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ დავით შერაზადიშვილი აირჩიეს.

ბოლო სიახლეები