მსჯავრდებული მზია ამაღლობელისთვის გმირის ჯილდოს გადაცემა მკაფიოდ აჩვენებს, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია საერთაშორისო მედია, საერთაშორისო პრესა, რომელიც ზუსტად ისე, როგორც ბრიუსელის პოლიტიკური ისტებლიშმენტი, ერთი ცენტრიდან იმართება, ერთი ხელით ტოტალურად კონტროლდება და ნებისმიერი მსგავსი გადაწყვეტილება კონკრეტულ მიზანს ემსახურება, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი გრძელიშვილი საერთაშორისო პრესის ინსტიტუტისა და საერთაშორისო მედიის მხარდაჭერის პარტნიორობით დაწესებული მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს მზია ამაღლობელისთვის გადაცემას.
როგორც გრძელიშვილმა ბრიფინგზე განმარტა, ამაღლობელს „დაუფასეს“ დავალების პირნათლად შესრულება და საერთაშორსიო ასპარეზზე გმირად გამოაცხადეს, რაც „დიფ სთეითის“ ხელწერაა, ვინაიდან, მათთვის როგორც პოლიტიკაში, ისე მედიაში, გაუკუღმართებული სტანდარტი მოქმედებს.
„ამ შემთხვევაში მსჯავრდებული ამაღლობელი მიზანმიმართული ძალადობისთვის, სახელმწიფოსა და მის ინსტიტუციებზე თავდასხმისთვის გამოიყენეს, ხოლო შედეგად ვხედავთ, რომ „დაუფასეს“ დავალების პირნათლად შესრულება და საერთაშორისო ასპარეზზე არც მეტი, არც ნაკლები – გმირად გამოგვიცხადეს.
სწორედ ეს არის „დიფ სთეითის“ ხელწერა – პოლიტიკაშიც და მედიაშიც მათთვის არსებობს მხოლოდ ერთი – გაუკუღმართებული სტანდარტი, როდესაც ხელისუფლების დამხობის ორგანიზატორებს მსხვერპლად აცხადებენ – კანონის აღმსრულებელ ხელისუფლებას კი მოძალადედ. როდესაც მოძალადე ჟურნალისტს გმირის ჯილდოს აძლევენ, ხოლო საკუთარი საქმის კეთილსინდისიერად შემსრულებელ ჟურნალისტებს რუსული პროპაგანდის გამხმოვანებლად მოიხსენიებენ ისე, რომ ერთი ფაქტის წარმოდგენაც კი არ შეუძლიათ. მაშინ, როდესაც ქართული პოლიტიკური და მედია სივრცე გაჯერებულია უცხო ქვეყნის აგენტებით, რომლებსაც საკუთარი პატრონები უმეტეს შემთხვევაში აიძულებენ, რომ კედელს თავით დაეჯახონ, გადადგან ნებისმიერი უკანონო ნაბიჯი კანონიერი ხელისუფლების დასამხობად, მათ ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელის მოხდა საპატიმრო დაწესებულებებში უწევთ. გვარამია, მელია, ჯაფარიძე და სხვა აგენტები დღესაც იხდიან სასჯელს მზია ამაღლობელის მსგავსად, მაგრამ როგორც ჩანს, „დიფ სთეითის“ გმირის წოდება მხოლოდ ამ უკანასკნელმა დაიმსახურა. საზოგადოებას აქვე შევახსენებ, რომ „დიფ სთეითის“ ფონდებიდან – რანგით შედარებით დაბალი, თუმცა არაერთი პრიზი გადაეცათ გასულ წლებში ნიკა გვარამიას და ნინო ლომჯარიას, ერთს მედიის, ხოლო, მეორეს – ადამიანის უფლებების სფეროში. ამ დროს, გვარამიას ერთადერთი დამსახურება ქართულ მედიაში არის ის, რომ ნორმად აქცია დედის გინება და ბილწსიტყვაობა, რაც შეეხება ლომჯარიას, ის სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ პირადი ომბუდსმენი იყო“, – განაცხადა გიორგი გრძელიშვილმა.