შაბათი, ივნისი 7, 2025

გიორგი გოგოლაშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“ როცა მოვიდა, ერთდროულად ჩაატარეს რამდენიმე მძიმე ღონისძიება ქართული ენის მიმართ, დაიწყო დარტყმა სტრუქტურაზე, სამეცნიერო სექტორის განადგურება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ქართული ენის კათედრის პედაგოგმა, გიორგი გოგოლაშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა, რომ 2004-2005 წლებში განათლების სამინისტროს მხრიდან მძიმე ღონისძიებები ჩაატარდა ქართული ენის მიმართულებით.

ამასთან, კომისიის სხდომაზე გოგოლაშვილმა განათლების სამინისტროში ალექსანდრე ლომაიასთან შეხვედრა გაიხსენა.

„ხელისუფლება როცა მოვიდა, ერთდროულად ჩაატარა რამდენიმე მძიმე ღონისძიება ქართული ენის მიმართ. გაუქმდა ენის სახელმწიფო პალატა, პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო კომისია ქართული ენისა. ეს ხდებოდა 2004-2005 წლებში. გაუქმდა პარლამენტში არსებული ქართული ენის ქვეკომიტეტი, უმაღლეს სასწავლებლებში სავალდებულო ქართული ენის სწავლება, დაიხურა ყველა სატელევიზიო პროგრამა: „ჩვენი ენა ქართული“, „ენაი შემკული და კურთხეული“ და ასე შემდეგ. დაიხურა ყველა ჟურნალ-გაზეთი. ცოტა მოგვიანებით, პირველ კლასში ქართულის საათები გაუყვეს ინგლისურს. არაერთგზის დაიწერა, რატომ ხდებოდა ასეთი მასშტაბური შეტევა. ლომაიას ვკითხე, ეს არის სამინისტროს პოზიცია, თუ გიგი თევზაძის პოზიცია-მეთქი. მაშინ ამაზე პასუხი არ გაუციათ. მეორე კითხვაც დავსვი: გიგი თევზაძემ თქვა, ჩვენ არ ვითანამშრომლებთ ჯავახიშვილის უნივერსიტეტთანო. უპირველეს უმაღლეს სასწავლებელთან, განათლების სისტემაში უპირველეს დაწესებულებასთან არ ვითანამშრომლებთ, ეს მისი პირადი აზრია, თუ სამინისტროს აზრი-მეთქი. ეს კითხვები როცა დავსვი, შეხვედრას ესწრებოდა თავად მინისტრი, მისი მოადგილე, ალექსანდრე დიდებულიძე, ბელა წიფურია, რატი ამაღლობელი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი და კიდევ მაღალჩინოსნები, გიგი თევზაძე და სიმონ ჯანაშია. ეს კითხვები დავსვი ოფიციალურად, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. პროფესორებიდან შეხვედრაზე იყვნენ მიხეილ ქურდიანი, ჯემალ მებონია, თენგიზ სანაძე“, – განაცხადა გიორგი გოგოლაშვილმა.

როგორც გიორგი გოგოლაშვილმა განმარტა, აღნიშნული შეხვედრა განათლების სამინისტროში 2004 წლის ბოლოს, ლომაიას მიწვევით შედგა.

„ლომაიას მოვთხოვეთ, მოსულიყო უნივერსიტეტში, შეგვხვედროდა ამ გართულებულ სიტუაციაში. მან მიგვიწვია სამინისტროში და 6-7 კაცი ვიყავით. ეს ხდება 2004 წლის ბოლოს. ვითხოვეთ, მოსულიყო ჩვენთან. კანონის მიღების საკითხი როცა დგებოდა, ლომაიამ მოისურვა უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრა. ეს ძალიან მძიმე საკითხი იყო. არ უნდოდა ჩვენთან შეხვედრა, ჩვენ გვლანძღავდა და „კმარას“ აქტივისტებმა მოაწყვეს ორგანიზებული შეხვედრა სააქტო დარბაზში ლომაიასა და სტუდენტებს შორის. სტუდენტებთან გვლანძღავდა, უნივერსიტეტი უნდა გადავარჩინოთ, კორუმპირებულების ხელშიაო. ამის შემდეგ იყო, რომ გააძევეს უნივერსიტეტიდან, უკანა კარიდან გაიყვანა დაცვამ. ამ გართულებულ სიტუაციაში მოვისურვეთ ჩვენ შეხვედრა, მან თვითონ მიგვიწვია სამინისტროში და იქ მოხდა ეს საუბარი. პირადად მე, ღია წერილი მივწერე ნოდარ გრიგალაშვილს, გაზეთ „თბილისში“ დაიბეჭდა ის. ეს ხდება 2005 წელს. ოტია იოსელიანი ჩავრთეთ, ესეც ჟურნალისტური ხერხი იყო, გვიშველეთ, რაღაცო. ეს ფაქტები იმდროინდელ პრესაში დაფიქსირებულია. არსად წამიკითხავს უარყოფა იმისა, რომ ასეთი რამ არ უთქვამს“, – განაცხადა გიორგი გოგოლაშვილმა.

კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა გოგოლაშვილს მიმართა: „ცოცხალია და იქნებ ახლა თქვას რამე გიგი თევზაძემ, რატომ აპირებდა ინგლისურის სახელმწიფო ენად ქცევას მაშინდელი განათალების სამინისტრო სააკაშვილთან ერთად“.

ამასთან, გიორგი გოგოლაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დაიწყო დარტყმა სტრუქტურაზე, სამეცნიერო და აკადემიური სექტორების განადგურება.

„ეს იყო დასაწყისი ეტაპი ამ ბრძოლებისა. როცა გვემუქრება, რომ ნაჯახით ამოვძირკვავ, აკეთებს მეორე განცხადებას, მე შევქმნი ამბიციურ უნივერსიტეტს ამის ნაცვლადო. ილიაუნზე, ილიას უნივერსიტეტზეა ლაპარაკი. ეს ტერმინიც მისია – ამბიციური უნივერსიტეტი და შემდეგ აჩუქეს კიდეც გიგი თევზაძეს ის უნივერსიტეტი. ერთი იყო სტრუქტურული შეტევა, რეორგანიზაცია, ანუ დარტყმა სტრუქტურაზე, მეორე სამეცნიერო სექტორის განადგურება და მესამე, აკადემიური სექტორის განადგურება. მიზანმიმართულად დაიწყო ამ სამი ეტაპის შესრულება“.

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გოგოლაშვილმა 27 სექტემბერს გამართული საბჭოს სხდომაც გაიხსენა.

„27 სექტემბერს საბჭომ განიხილა „კანონი უმაღლესი განათლების შესახებ“. სამსაათიანი სხდომა იყო და მკვეთრად უარყოფითი დასკვნა გაკეთდა, რომ ასეთი კანონი დაღუპავს უმაღლეს განათლებას. მივმართეთ პარლამენტსაც და პრეზიდენტს ცალკე გაეგზავნა წერილი, ეს არის 27 სექტემბერი. ამას მოჰყვა შტურმი უნივერსიტეტზე, 28 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილის პირდაპირი ჩართვა გაკეთდა დილის საინფორმაციო საშუალებებში და დაიწყო უნივერსიტეტის ლანძღვა „წითელი პროფესორები“, „კორუმპირებულები“, „ჩარეცხილი“ შემდეგ ჩაემატა ამ ლექსიკას და ა.შ. რომ „ჩვენ არ გვინდა პროგრესი, ჩვენ არ გვინდა რეფორმა“, აი ასეთი განწყობით. მეორე ფრონტი გახსნა მინისტრმა ლომაიამ. ის ყოველ გამოსვლაში ხმარობს ტერმინებს: „უსირცხვილო, უსინდისო, კორუმპირებულები“. პირდაპირ ეს სიტყვები ისმის ჩვენ მიმართ და რადგან ჩვენ წინააღმდეგი ვართ რეფორმის. მესამე ფრონტი თუ შეიძლება, ფრონტი ასე ითქვას, სამინისტროში მაშინ იყო, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პოეტი რატი ამაღლობელი როცა ხელმძღვანელობდა. იმ დღესვე გამოდის რატი ამაღლობელი, მას გვერდით უდგანან, ზურგს უმაგრებენ მისი თაობის ცნობილი ახალგაზრდები: ლაშა ბუღაზე, ლაშა ბაქრაძე, ზაალ სამადაშვილი და ვიღაცები, რომ უნივერსიტეტი წინააღმდეგია რეფორმის. ჩატარდა სხდომა, დაიწუნეს კანონპროექტი და არცერთი კონკრეტული წინადადება არ თქმულა ამ განხილვაზე. სხვათა შორის, განხილვის შედეგები გაზეთში დაიბეჭდა, შევხვდით ჩვენ სამინისტროში, ეს გაზეთი დავუდე წინ რატი ამაღლობელს და ვუთხარი, აი ეს არის ის. სხვათა შორის ყველა უნივერსიტეტელი გამოიყენა ლომაიამ ჩვენ წინააღმდეგ: რატი ამაღლობელი, გიგი თევზაძე, სიმონ ჯანაშია და ასე შემდეგ, რომ მათ ებრძოლათ ჩვენ წინააღმდეგ“,-განაცხადა გოგოლაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

“მოღალატეობრივია ამ არჩევნებში მონაწილეობა” – ირაკლი მილაძე “ძლიერი საქართველოს” დატოვა 

"ჩემთვის დისკუსიის გახსნაც იგივეა, რაც არჩევნებში გასვლა. თუკი ვფიქრობ, რომ ამ აბსურდულ არჩევნებში გასვლა მოღალატეობრივია, ვერ გავმართავ დისკუსიას, შეიძლება თუ არა ვიყო მოღალატე. სწორედ ამიტომ, მრავალი ადამიანური და პოლიტიკური განსხვავებებისა, მე ვეღარ ვიქნები ამ გუნდში და ვტოვებ კასპის "ძლიერი საქართველოს" ხელმძღვანელის პოზიციას," - ამის შესახებ ირაკლი მილაძე სოციალურ ქსელში წერს."პოლიტიკური პარტია არ არის ჩემი ცხოვრებისეული განაჩენი. ნებისმიერ პარტიას რუსული მთავრობის შეცვლის ინსტრუმენტად განვიხილავდი. ას იყო 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებშიც, როცა პატივი მერგო და ნდობა გამომიცხადეს, ვყოფილიყავი კასპში "ძლიერი საქართველოს" ხელმძღვანელი. ჩემი ცხოვრებისეული განაჩენი ჩემი მორალი და პიროვნულობაა. ამ მორალში არ ჯდება პარტია "ლელოს" დღევანდელი გადაწყვეტილება, რომ 60-მდე პოლიტიკური პატიმრის პირობებში და "ქართული ოცნების" ადმინისტრირებულ არჩევნებში მივიღო მონაწილეობა. თავს ვერ მოვიტყუებ და ვერც ამომრჩეველს მოვატყუებ. კასპის საკრებულოს დეპუტატობა არ მიღირს ამად! მინდა ღირსეული ვიყო, როგორც მოქალაქე, როგორც პოლიტიკოსი და როგორც ბიჭის მამა, რომელიც ამ დღეებში დაიბადება. მამუკა ხაზარაძის დღევანდელი განცხადებები კი ცხადს ხდის მის პოზიციას არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.ჩემთვის დისკუსიის გახსნაც იგივეა, რაც არჩევნებში გასვლა. თუკი ვფიქრობ, რომ ამ აბსურდულ არჩევნებში გასვლა მოღალატეობრივია, ვერ გავმართავ დისკუსიას, შეიძლება თუ არა ვიყო მოღალატე. სწორედ ამიტომ, მრავალი ადამიანური და პოლიტიკური განსხვავებებისა, მე ვეღარ ვიქნები ამ გუნდში და ვტოვებ კასპის "ძლიერი საქართველოს" ხელმძღვანელის პოზიციას.პირველ რიგში, დიდ მადლობას ვუხდი გუნდის უამრავ წევრს, იმ ურთიერთობისთვის და ყურადღებისთვის, რასაც აქამდე ჩემს მიმართ იჩენდნენ. განსაკუთრებული მადლობა კი გრიგოლ გეგელიას, რომელთან ერთადაც მართლაც უდიდესი შრომა გავწიე მაქსიმალური შედეგის მისაღწევად. მადლობა მას უანგარო ყურადღებისთვის და მხარდაჭერისთვის," - წერს ირაკლი მილაძე Facebook-ზე.

7 ივნისი მიცვალებულების ხსენების დღეა – ლოცვა, რომელიც უნდა წაიკითხოთ

7 ივნისი მიცვალებულთა ხსენების დღეა. სულთმოფენობის წინა დღეს სულთაობას, სულის შაბათს ეძახიან. სულთმოფენობა აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. წინა შაბათს კი მორწმუნეები ლოცულობენ და იხსენებენ ყველა გარდაცვლილს."სანატრელსა შინა დაძინებასა, საუკუნო განსვენება მიჰმადლე უფალო, სულთა მიცვალებულთა, მონათა და მხევალთა ღვთისა, ყოველთა მართლმადიდებლობით აღსრულებულთა ქრისტიანეთა და მიეც მათ საუკუნო ხსენება. საუკუნოდ იყოს ხსენება და კურთხევა მათი!"8 ივნისს სულთმოფენობაა. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით კი, ეკლესიები მინდვრის ყვავილებით იფინება. მორწმუნეები ტაძარში ყვავილების თაიგულით მიდიან, რომელიც წირვის დასრულების შემდეგ იკურთხება. ეს ტრადიცია სამყაროზე სულიწმიდის მადლის გარდამოსვლას განასახიერებს.სულთმოფენობისთვის მზადება უძველესი ტრადიციაა, ქრისტიანები არა მხოლოდ შინაგანად, გარეგნული თვალსაზრისითაც რთავდნენ ტაძარს ყვავილებით, ბალახით. ტაძრის მწვანედ შემოსვის ტრადიცია ძველი აღთქმიდან იღებს სათავეს, კარვობის დღესასწაულზე ისრაელიანები თავიანთ სახლებს ყვავილებითა და ბალახით რთავდნენ.სულიწმინდის მადლი მაკურნებელ ძალას აძლევს ბალახსაც, ამიტომ მორწმუნეები ტაძრიდან წაღებულ ყვავილებსა და სიმწვანეს მთელი წელი იმ რწმენით ინახავენ, რომ მათ სამკურნალო ძალა აქვთ. შეგიძლიათ ეს ყვავილები რაიმეში გაახვიოთ და ბალიშის ქვეშ გედოთ. ძველს სუფთა ადგილას წვავენ.

შალვა პაპუაშვილი – ელჩები უნდა იყვნენ თავიანთი ქვეყნის წარმომადგენლები და არა მასპინძელი ქვეყნის მენტორები, ქართველმა ხალხმა საკმარისი პოლიტიკური გამოცდილება დააგროვეს, რათა უცხოური ჩარევა დანახვისთანავე...

ვინაიდან, ბოლოს და ბოლოს, მშვიდობა კვლავ ხდება რეგიონული და მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე სასურველი მიზანი, ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა კვლავ უნდა აქციონ დიპლომატია ურთიერთგაგების, მშვიდობის დამყარებისა და თანამშრომლობის უმნიშვნელოვანეს საშუალებად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ბოლო პერიოდში დიპლომატია გამოიყენება მისი რეალური მიზნის სრულიად საპირისპირო შედეგების მისაღწევად – პრობლემების გადაჭრის ნაცვლად, მათი გაღვივებისთვის.„სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ხშირად ვხედავთ, რომ დიპლომატია გამოიყენება არა როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ინსტრუმენტი, არამედ როგორც პროპაგანდის, შიდა საქმეებში ჩარევისა და ხელისუფლების გარედან შეცვლის საშუალებაც კი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დიპლომატია გამოიყენება მისი რეალური მიზნის სრულიად საპირისპირო შედეგების მისაღწევად – პრობლემების გაღვივებისთვის და არა მათ გადასაჭრელად.სახელმწიფოებს მრავალი საშუალება აქვთ თავიანთი პოლიტიკური პრეფერენციებისა და უკმაყოფილების გამოსახატავად, მაგრამ როდესაც დიპლომატია არა უთანხმოების გადასაწყვეტად, არამედ მის გასაღრმავებლად გამოიყენება, ჩვენ ვართმევთ შანსს მშვიდობასა და თანამშრომლობას, რამაც მსოფლიო უკეთესობისკენ უნდა შეცვალოს.როდესაც ვხედავთ, რომ აკრედიტებული დიპლომატები ცდილობენ მასპინძელი ქვეყნის საშინაო საქმეებში ერთი კონკრეტული პოზიციის მხარდაჭერას, პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებას, იდეოლოგიური მიზნებისთვის ექსტრემიზმის წაქეზებას, მთავრობაზე ზეწოლას ომში ჩასათრევად, და “რევოლუციის” გზით ხელისუფლების შეცვლის ხელშეწყობასაც კი, გვახსენდება საბჭოთა კავშირის საგარეო პოლიტიკა, რომელიც ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის დიპლომატიის გამოყენებით, “მსოფლიო რევოლუციის” წახალისებას ისახავდა მიზნად.როდესაც საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ელჩები თავიანთ უფლებამოსილებებს აჭარბებენ, ჩვენი ერთადერთი გზა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაა. ქართველებს, საბჭოთა პერიოდიდან, ჯერ კიდევ კარგად გვახსოვს კომუნისტური პარტიის ე.წ. მეორე მდივნის ინსტიტუტი, რომელიც ექსკლუზიურად მოსკოვიდან ინიშნებოდა და საქართველოს შიდა საქმეებში გადამწყვეტი სიტყვა ჰქონდა. ამ მტკივნეული გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ, „მეორე მდივანს“, დანახვისთანავე ვცნობთ.გარდა ემოციური განზომილებისა, არსებობს აღნიშნული საკითხის სამართლებრივი ასპექტიც: „ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ“ ხაზს უსვამს დიპლომატების უფლებებსა და მოვალეობებს, როდესაც განსაზღვრავს, რომ „დიპლომატიური მისიების ყველა წარმომადგენლის მოვალეობაა… პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს. მათ, ასევე, აქვთ ვალდებულება, არ ჩაერიონ ამ სახელმწიფოს შიდა საქმეებში“, – წერს პაპუაშვილი.პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რასაც ბოლო რამდენიმე წელია ვუყურებთ, ღიად ეწინააღმდეგება ვენის კონვენციას, რომელიც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია.,,კონკრეტული პოლიტიკოსებისადმი პირდაპირი მხარდაჭერის გამოხატვა, პოლიტიკური პარტიების საქმიანობის დაფინანსება, პოლიტიკური არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობასთან დაკავშირებით მოსაზრებების გამოთქმა და საკანონმდებლო პროცესში მონაწილეობის პრეტენზიის გამოხატვა – ეს არის იმ საქმიანობის არასრული სია, რომლებიც საქართველოში ზოგიერთი უცხოური მისიისა და დიპლომატისთვის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.არ არსებობს პრივილეგია პასუხისმგებლობის გარეშე. როდესაც უცხოელი დიპლომატები მოქმედებენ როგორც ადგილობრივი პოლიტიკოსები, ისინი მზად უნდა იყვნენ, აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე, რაც მათ კრიტიკის ლეგიტიმურ სამიზნედ აქცევს. ასეთი კრიტიკა კი ვერ იქნება განხილული „თავდასხმად“. ადგილობრივი პოლიტიკოსების პოლიტიკური დღის წესრიგის კოპირებითა და მათი გზავნილების გამეორებით, დიპლომატებმა თავი არ უნდა გააიგივონ ადგილობრივ პოლიტიკოსებთან. ქართველმა ხალხმა საკმარისი პოლიტიკური გამოცდილება დააგროვა, რათა უცხოური პოლიტიკური მიკერძოებულობა და ჩარევა დანახვისთანავე ამოიცნოს.ელჩები უნდა იყვნენ საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლები, და არა მასპინძელი ქვეყნის მენტორები. პირადი დამოკიდებულებებისა და პროფესიული მოვალეობების აღრევა დიპლომატიური ურთიერთობების არსს ეწინააღმდეგება. როგორც ვენის კონვენციაშია აღნიშნული, „მიმღებ სახელმწიფოსთან ყოველგვარი ოფიციალური საქმიანობა, რომელიც მისიას წარმგზავნი სახელმწიფოს მხრიდან ევალება, უნდა განხორციელდეს მიმღები სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ან მისი მეშვეობით“. როდესაც დიპლომატები, მათი საეჭვო ქმედებების გამო, ვერ ახერხებენ მასპინძელი ქვეყნის ოფიციალურ ინსტიტუტებთან სათანადო კომუნიკაციას და, სანაცვლოდ, პროპაგანდას ეყრდნობიან, ეს სხვა არაფერია, თუ არა დიპლომატის როლზე უარის თქმა და მასპინძელი საზოგადოების საკუთარ გემოვნებაზე მორგების მცდელობა.ისტორიის ამ ტურბულენტურ პერიოდში, დიპლომატიის თავის კუთვნილ ადგილას დაბრუნება უდიდეს სარგებელს მოუტანს როგორც საქართველოს, ისე ჩვენს უცხოელ პარტნიორებს,“- წერს პაპუაშვილი.

დღეს სულის შაბათია – რას ნიშნავს ეს დღე ქრისტიანებისთვის

სულთმოფენობის დღესასწაულს (8 ივნისს), წინ, სულის შაბათი უძღვის. ეს არის მიცვალებულთა საყოველთაო  ხსენების დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქ მიცვალებულთა სულზე ზრუნვას.ამ დღეს ტაძრებში გარდაცვლილთა სულთა საოხად დიდი პანაშვიდი აღესრულება.წმინდა მამები ამბობენ, რომ ამ დღეს განსაკუთრებით ელოდებიან გარდაცვლილები საკუთარი ოჯახის წევრების მხრიდან შემწეობას და მოხსენებას.ყველამ უნდა ეცადოთ მოიხსენიოთ თქვენი მიცვალებულები, დაესწროთ წირვას, შეაგზავნოთ მოსახსენებელი და მათ სახელზე დაანთოთ თუნდაც ერთი სანთელი. იკურთხება  მრევლის მიტანილი პროდუქტი და შემდეგ ის რიგდება მშიერთათვის... შეგიძლიათ ზეთი შესწიროთ, რომელიც ტაძრის კანდელებში ჩაისხმება.მიცვალებულები ახლობლების ლოცვასა და სიკეთეებზე არიან დამოკიდებულნი. მათ აღარ შეუძლიათ მონანიება. ამიტომ ჩვენი მიცვალებულებისთვის უნდა ვილოცოთ, ვიკითხოთ ფსალმუნნი და მათ სახელზე გავცეთ მოწყალება.წმინდა პაისი ათონელი:მიცვალებულები გონს მოდიან და დახმარებას ითხოვენ, მაგრამ საკუთარ თავს ვერ ეხმარებიან. ჯოჯოხეთში მყოფებს ქრისტესგან მხოლოდ ერთი რამ სურთ, 5 წუთი იცოცხლონ, რომ მოინანიონ. ჩვენ, ცოცხლებს, გვაქვს მონანიების დრო, მიცვალებულებს კი - არა. სწორედ ამიტომ მოვალენი ვართ დავეხმაროთ მათ ჩვენი მხურვალე ლოცვით. ამიტომ აქვს ჩვენს ეკლესიას წირვა, პანაშვიდი. პანაშვიდი მიცვალებულთა სულების საუკეთესო დამცველია. მათ აქვთ სულის ჯოჯოხეთიდან გამოყვანის უნარი. თქვენ კი, ყოველ ღვთისმსახურებაზე, უნდა წაიკითხოთ ფსალმუნები თქვენი მიცვალებულებისთვის.აუცილებელია წანდილის გაკეთება, რადგან ხორბალს აქვს მნიშვნელობა: დათესე ხრწნილებაში, ის აღდგება უხრწნელობაში (1 კორ. 15:42). ანუ ის სიმბოლოა ადამიანის სიკვდილისა და აღდგომისა. უნდა მიუთითოთ მიცვალებულთა სახელები, რათა მღვდლებმა მოიხსენიონ ისინი, რადგან ისინი უფრო მეტად გაჭირვებულები არიან, ვიდრე ავადმყოფები. ***საკურთხი მიცვალებულთა მოსახსენიებელ დღეებში კეთდება. ეს დღეები გახლავთ ხორციელის კვირისა და დიდი მარხვის სამი (მე-2, მე-3, მე-4) შაბათი, სულთმოფენობის წინა დღე (მას სულის შაბათსაც უწოდებენ). გარდა ამისა, საკურთხს აკეთებენ გარდაცვლილის დაბადებისა და გარდაცვალების დღეებში.რასაკვირველია, გარდაცვლილის სული საკვებს არ გეახლებათ; მას მადლით აღავსებს საკურთხის დროს აღვლენილი ლოცვები, მიცვალებულის სახელზე მომზადებული ტრაპეზით გლახაკების დაპურება და მოწყალების გაცემა.საკურთხზე ყოველთვის ამზადებენ კოლიოს ანუ წანდილს. ამ ტრადიციას საინტერესო ისტორია აქვს: იულიანე განდგომილმა, კონსტანტინეპოლის მეფემ, უარყო ქრისტე და კერპთაყვანისმცემლობას შეუდგა. მან იცოდა, რომ დიდმარხვის პირველ კვირას მორწმუნენი მარხვას განსაკუთრებით წმინდად ინახავდნენ და ცოდვებს ინანიებდნენ. იულიანემ უბრძანა ქალაქის თავს, მთელი კვირის მანძილზე ყოველდღე შეებღალა ბაზარში გასაყიდი სანოვაგე სამსხვერპლო ცხოველთა სისხლით. მეფის ბრძანება შესრულდა. კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოს ევდოქსის გამოეცხადა წმინდა თეოდორე ტირონი (იგი მრავალი წლის წინათ ეწამა ქრისტესთვის), ამცნო, რომ საზრდელი ნაკერპალის სისხლით იყო შებილწული და ურჩია, მის ნაცვლად მიეღოთ კოლიო - თაფლთან ერთად მოხარშული ხორბალი. ქრისტიანებმა შეიძინეს ხორბალი, კოლიო მოხარშეს და მთელი კვირის განმავლობაში მას იხმევდნენ. ასე გადაურჩნენ მარხვის შემწიკვლებას (დარღვევას). მას შემდეგ დიდმარხვის პირველი შვიდეულის შაბათი წმინდა თეოდორეს ხსენების დღედაა მიჩნეული.წანდილის გარდა ტრაპეზზე უნდა იყოს პური, ღვინო, ზეთი და კერძები, რომელთა გაკეთების სურვილიც მიცვალებულის ახლობლებს ექნებათ.

უკრაინაზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 80 კი დაშავდა

უკრაინაზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 80 კი დაშავდა, - განაცხადა საღამოს ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.მან აღნიშნა, რომ სხვადასხვა ქალაქსა და რაიონში სამაშველო სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.„ტერნოპოლი, ლუცკი, კიევი და ოლქი, პოლტავა, ხმელნიცკის ოლქი, ლვოვი, ჩერნიგოვი, ოდესის ოლქი, სუმი. სულ 80 ადამიანი დაზარალდა - დახმარება ყველას გაეწია. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები. ამ დროის მდგომარეობით 4 დაღუპულის შესახებ არის ცნობილი - კიევსა და ლუცკში”, - განაცხადა ზელენსკიმ.მან ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა, ნანგრევებში ადამიანები იყვნენ მოყოლილი. მისი ინფორმაციით, კიევშიო დაღუპულები მაშველები არიან, რომლებიც ადგილზე პირველი დარტყმის შემდეგ მივიდნენ და განმეორებით დარტყმას ემსხვერპლნენ.

ბოლო სიახლეები