ორშაბათი, ივნისი 23, 2025

გიორგი გახარიას საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კიდევ ერთხელ დაიბარებენ

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კიდევ ერთხელ დაიბარებენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სხდომაზე კენჭისყრის შედეგად მიიღეს. გიორგი გახარია ამჯერად კომისიის სხდომაზე 2 ივლისს არის დაბარებული.

„ჩვენ ბატონ გიორგის გავუგზავნეთ შეტყობინება სამი სხვადასხვა საშუალებით. ეს იყო სატელეფონო კონტაქტი, საფოსტო მომსახურება და სამ შემთხვევაში მივიღეთ დადასტურება, რომ მან იცოდა, დღეს, 12:00 საათზე უნდა გამოცხადებულიყო. ეს იცოდა მაშინ, როცა იმყოფებოდა საქართველოში. პირველი გახლდათ მასთან გაგზავნილი სატელეფონო შეტყობინება, რომ ის იყო ხელმეორედ დაბარებული, რომლის საპასუხოდაც თავის წარმომადგენელს, ასისტენტს დაარეკინა ჩვენი სამდივნოს წარმომადგენელთან. წარმომადგენელმა გაკვირვება გამოხატა, რატომ გახდა საჭირო მეორედ მისი დაბარება. ეს ადასტურებს, რომ ბატონი გიორგი გაეცნო იმ ტექსტურ შეტყობინებას, რომელიც მას გაეგზავნა. ახსნილი იქნა საკითხები, ჩორჩანის ეპიზოდი, საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოებული საქმიანობა და მისი როლი 2012-2025 წლებში, რომ ეს თემები იყო განსახილველი. ამის შემდეგ უკვე წერილობითი შეტყობინება, საფოსტო, ოფიციალური წერილი გაიგზავნა რეგისტრაციის მისამართზე. ბატონი გიორგის მშობელმა ხელი მოაწერა საბუთს, რომ ის იღებდა პასუხისმგებლობას, მისთვის ეცნობებინა წერილის შინაარსის შესახებ და გადაეცა ეს წერილი. ამის შემდეგ უკვე 16 ივნისს თბილისში, წავკისში, პირადად გიორგი გახარიამ თავისი ხელმოწერის ქვეშ ჩაიბარა შეტყობინება, რომ დღეს, 23 ივნისს, 12:00 საათზე უნდა ყოფილიყო ჩვენთან ერთად. ამ დროს მას, როგორ ამას ადასტურებს ფელდეგერის მიერ შედგენილი ოქმი, არავითარი მინიშნებაც კი არ გაუკეთებია, რომ ან ვერ მოვიდოდა, ან არ მოვიდოდა ან ქვეყნიდან გამგზავრებას აპირებდა. პირიქით, როგორც ფელდეგერი გვიამბობს, სამდივნოს უთხრა ძალიან კულტურულად, ზრდილობიანად, თანამშრომლობით განწყობაზე მყოფმა, ეს წერილი ჩაიბარა და ხელიც მოაწერა.

ორი დღის წინ, იგივე წარმომადგენელი უკავშირდება სამდივნოს და ეუბნება, რომ გიორგი გახარიამ ქვეყანა დატოვა და შესაბამისად, ის ვერ გამოცხადდება ორშაბათს და ითხოვს, მოხდეს მისი ჩართვა. თავიდან მოთხოვნა, თხოვნა, თუ შუამდგომლობა იყო ასეთი, რომ 23-ში ვერ ჩაერთვება, მაგრამ მომდევნო დღეს, რომელიმე დღეს ჩაერთვება, რადგან არაერთი კვირის განმავლობაში არ აპირებს ქვეყანაში დაბრუნებას. ცოტა ხანში მოთხოვნა შეიცვალა და იყო, რომ ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლობას კომისიასთან და 23-ში, რაკი ვერ მოდის, ჩაერთვება დათქმულ დროს, ანუ 12:00 საათზე. ამის შესახებ კომისიის წევრებმა ვიმსჯელეთ და ისევ ჩემი ხელმოწერით მას გაეგზავნა პასუხი იმ წერილზე, რომელიც ამასობაში ოფიციალურადაც შემოიტანეს, 23-ში ჩაგვრთეთ 12:00 საათზეო. გაეგზავნა პასუხი კომისიის სახელით, რომ ეს არ იყო დაკმაყოფილებული და ის ფიზიკურად უნდა გამოცხადებულიყო დღეს, 12:00 საათზე. ის ისევ არ არის მობრძანებული. გუშინ გავრცელდა ასევე განცხადება, რომ ვერ მოვა, ითხოვს ონლაინ ჩართვას და ა.შ. ამიტომ ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, რას ვაკეთებთ. უნდა ვუყაროთ კენჭი და ეს საკითხი ან გადავაგზავნოთ პროკურატურაში ან სხვა ტიპის მიდგომა ავირჩიოთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე ხელმეორედ 16 ივნისს დაიბარეს. გახარია საგამოძიებო კომისიაზე დღეს, 23 ივნისს უნდა გამოცხადებულიყო.

პარტიამ „ გახარია საქართველოსთვის“ აღნიშნულ საკითხზე გუშინ, 22 ივნისს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ გიორგი გახარია საქართველოში არ იმყოფება და გამოთქვამს მზაობას, კომისიას დისტანციურად ჩაერთოს.

საგამოძიებო კომისიამ უარი განაცხადა გახარიას დისტანციურად გამოკითხვაზე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საკანონმდებლო ცვლილებებით, სასამართლო აქტები ხელმისაწვდომი გახდება დაინტერესებული პირისთვის მხოლოდ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რომლის გათვალისწინებით, სასამართლო აქტები საჯარო ინფორმაციის სახით ხელმისაწვდომი გახდება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის მხოლოდ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.კანონპროექტის მიხედვით, სასამართლოს მიერ ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის სრული ტექსტი შესაბამის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე ხდება საჯარო ინფორმაცია და გაიცემა საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.„არავის აქვს უფლება, ამ აქტის ტექსტი საჯაროდ გამოაქვეყნოს მისი დეპერსონალიზაციის გარეშე. ამასთანავე, აღნიშნული სასამართლო აქტის დეპერსონალიზებული ტექსტი შესაბამის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვებგვერდზე ქვეყნდება. ამ პუნქტის მიზნებისთვის სასამართლო აქტი არის საქართველოს საერთო სასამართლოს მიერ გამოტანილი ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის, ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება. ამ პუნქტის მიზნებისთვის სასამართლო აქტის ტექსტის დეპერსონალიზაციაში იგულისხმება მასში მითითებული შემდეგი ინფორმაციის სრული დეპერსონალიზაცია: ა) პირის ვინაობა, სახელწოდება, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, საიდენტიფიკაციო ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, სამუშაო ადგილისა და დაკავებული თანამდებობის სახელწოდებები; ბ) პირის რეგისტრაციის ადგილის, ადგილსამყოფლის, საცხოვრებელი ადგილისა და სამუშაო ადგილის მისამართები; გ) პირის ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი; დ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განსაზღვრული სხვა სახის ისეთი ინფორმაცია, რომელიც პერსონალურ მონაცემებს განეკუთვნება. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას საჭიროების შემთხვევაში განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო“, – ნათქვამია კანონპროექტში.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები მედიის მიერ სასამართლო სხდომების გაშუქებასაც ეხება

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები მედიის მიერ სასამართლო სხდომების გაშუქებასაც ეხება. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სასამართლოში (სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში) ფოტო, კინო, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელია გარდა იმ შემთხვევის, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი.პროექტში ნათქვამია, რომ სასამართლოს შეუძლია, გაავრცელოს თავის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო-კინო და ვიდეოგადაღების მასალები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს.კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა დაიშვება მხოლოდ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით.

ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ესკალაციის ფონზე, კატარმა საჰაერო სივრცე დახურა

ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ესკალაციის ფონზე, კატარმა საჰაერო სივრცე დახურა.როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, კატარი ხურავს საკუთარ საჰაერო სივრცეს, რათა უზრუნველყოს ქვეყნის ვიზიტორებისა და რეზიდენტების უსაფრთხოება.მანამდე აშშ-მა კატარში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს ურჩია, უსაფრთხო თავშესაფარი ადგილზე მოიძიონ. შესაბამისი განცხადება დოჰაში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა. არანაირი დამატებითი განმარტება აშშ-ის დიპლომატიურ წარმომადგენლობას არ მოუყვანია.

დედოფლისწყაროში 4 ადამიანი დაჭრეს – რა დეტალები ხდება ცნობილი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანში 30 წლამდე მამაკაცმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან 4 პირი დაჭრა, რომელთაგან 2 ამავე სოფლის მკვიდრია.ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით, იმ დროს მოხდა, როდესაც მამაკაცს ბებიის მიტოვებულ სახლში სუფრა ჰქონდა გაშლილი.მხარეებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი ურთიერთდაპირისპირებაში გადაიზარდა.დაჭრილებიდან ორი მამაკაცი მხარში მიყენებული დაზიანებებით დედოფლისწყაროს კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ჩარევის შემდეგ კი სახლში გაწერეს.შედარებით რთულია კიდევ 2 მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა.ერთ მათგანს გამჭოლი ჭრილობა აქვს მიყენებული და წნორის არქიმედეს კლინიკაში მკურნალობს, მეორე კი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, კატასტროფის ბრიგადამ თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანა.მომხდარ ფაქტზე გამოძიება 117-ე, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

გია ვოლსკი – გახარია პასუხს ვერ სცემს, რატომ არ შეატყობინა უშიშროებას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, თუ ისეთი ვითარება იყო, რომ რუსეთს წინ წამოსვლა უნდოდა და ჩორჩანა...

როგორც გახარია ამბობს, კრიტიკული ვითარება შეიქმნა, რომლის თაობაზეც თავად არავის აცნობა, გადაწყვეტილება მიიღო და, პრევენციის ნაცვლად, ქვეყანამ კონტროლირებადი ტერიტორიის დიდი ნაწილი დაკარგა, რომელიც ისედაც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ოკუპაციის პირობებში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით,  განსაკუთრებით მოსახლეობა დაზარალდა.„პრაქტიკა და პოსტების გახსნის არაერთი მაგალითი არსებობს. მაგალითებს თუ მივყვებით, მივხვდებით, რომ იმისათვის, რომ ეს უბედურება არ მომხდარიყო, ზომები არ მიუღია იმ პერიოდის შს მინისტრს. პირიქით, ისე იმოქმედა, რომ გაცილებით მძიმე შედეგები მოიტანა. ვიღაცისთვის ეს შეცდომა იყო, ვიღაცას ჰგონია, რომ მან სიკეთე გააკეთა, მაგრამ თუ შედეგებით ვიმსჯელებთ, საკმაოდ მძიმე დარტყმა მიაყენეს ქვეყნის ინტერესებს, მაშინ როცა შეეძლო, ამის საპირისპიროდ ემოქმედა. პასუხს ვერ სცემს, თუ რატომ არ შეატყობინა უშიშროების სამსახურს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და რატომ არ ატეხა განგაში, თუ ისეთი ვითარება იყო, რასაც ის აღწერს, რომ რუსეთს წინ წამოსვლა უნდოდა და ჩორჩანა თუ არა, ამ წინსვლას რა შეაჩერებდა. თუმცა აბსოლუტურად საპირისპირო მივიღეთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ბოლო სიახლეები