სამშაბათი, დეკემბერი 16, 2025

გიორგი გახარია – ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიბრძოლოთ თითოეული სამუშაო ადგილისთვის, ეკონომიკის გაძლიერებისთვის, თითოეული გლეხი კახეთში უნდა იყოს მყარად ფეხზე მდგომი და მას სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს

 

დღეს ჩვენი ქვეყნის ყველაზე მთავარი გამოწვევა არის სამუშაო ადგილები და ეკონომიკის აღორძინება და ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიბრძოლოთ თითოეული სამუშაო ადგილისთვის, ეკონომიკის გაძლიერებისთვის, თითოეული გლეხი კახეთში უნდა იყოს მყარად ფეხზე მდგომი, მას სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ლაგოდეხში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლა შინდისის გმირების გახსენებით დაიწყო და აღნიშნა, რომ 12 წლის წინ, 17 ქართველი გმირი უთანასწორო ბრძოლაში ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას შეეწირა.

„ჩემთვის უდიდესი პატივია დღეს საქართველოს ამ ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ კუთხეში მქონდეს შესაძლებლობა თქვენთან საუბრის. ჩვენ ყველანი ქართველები ვართ, საქართველოში ვართ და უნდა გავიხსენოთ დღევანდელი დღე. დღეს 11 აგვისტოა და ზუსტად 12 წლის წინ, 17 ქართველი გმირი უთანასწორო ბრძოლაში ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას შეეწირა. ეს ის ადამიანები არიან, ეს ის ქართველები არიან მთელი საქართველოდან, რომლებმაც ასე პირდაპირ, ვაჟკაცურად, ქართულად, მტერს დაუპირისპირდნენ და არ დაუთმეს არაფერი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრძოლა იყო უთანასწორო. ჩვენი შინდისის გმირები ჩვენი უახლოესი ისტორიის ყველაზე დიდი ქართველები არიან, რომელთა სახელი უნდა გვახსოვდეს, მათ პატივი უნდა მივაგოთ და ჩვენი შვილები უნდა გავზარდოთ ამ მაგალითით. მაგრამ, ამასთან ერთად და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ყოველთვის ჰყავდა და ყოველთვის ეყოლება ასეთი გმირები, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რაც მთავარია, მშვიდობაზე ამ ქვეყანაში, იმიტომ, რომ მშვიდობის გარეშე არ არსებობს არანაირი განვითარება. ქვეყანაში ვერაფერი განვითარდება თუ არ იქნება მშვიდობა – ვერც ტურიზმი, ვერც ეკონომიკა, ვერც განათლება, ვერაფერი. ამიტომ, ჩვენ უნდა გვყავდნენ გმირები, ჩვენ უნდა გვყავდეს ძლიერი ჯარი, მაგრამ ჩვენ ყოველთვის უნდა ვიზრუნოთ მშვიდობაზე“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა „ქართული ოცნების“ პრიორიტეტებზე და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის უმთავრესი საზრუნავი ადამიანზე ზრუნვაა.

„ქართული ოცნება“ ყოველთვის ზრუნავდა ადამიანზე. ჩვენი პოლიტიკის ცენტრში ყოველთვის იყო და იქნება ადამიანი. ადამიანი ყველა მიმართულებით – მისი ჯანმრთელობა, მისი ეკონომიკური კეთილდღეობა. მოგეხსენებათ, რომ დღეს ჩვენ, თქვენთან ერთად გვიწევს, ვებრძოლოთ, როგორც ეპიდემიას, ასევე უნდა ვიბრძოლოთ ეკონომიკის აღორძინებისთვის, მაგრამ ყველაზე მთავარი ამ ბრძოლაში რა თქმა უნდა, არის ის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არ არსებობს წარმატებული საქართველო, თუ თითოეული ოჯახი საქართველოში არ იქნება წარმატებული. თითოეული ოჯახის წარმატების საფუძველი არის კარგი შემოსავალი და კარგი სამუშაო ადგილი. ამიტომ, დღეს ჩვენი ქვეყნის ყველაზე მთავარი გამოწვევა ეს არის სამუშაო ადგილები და ეკონომიკის აღორძინება და ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიბრძოლოთ თითოეული სამუშაო ადგილისთვის, ეკონომიკის გაძლიერებისთვის, თითოეული გლეხი კახეთში უნდა იყოს მყარად ფეხზე მდგომი, მას სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს. მიუხედავად ყველაფრისა, დღესაც, როდესაც ქვეყანას ასე უჭირს პანდემიიდან გამომდინარე, კახელი გლეხი, რომელიც ვაზს უვლის, მას სახელმწიფო გვერდით უნდა დაუდგეს და დაეხმაროს, განსაკუთრებით დღეს და რა თქმა უნდა, ჩვენ გლეხს დავეხმარებით. ეს ყველაფერი გაგრძელდება მანამ, ვიდრე თითოეული ქართული ოჯახი ეკონომიკურად არ გაძლიერდება. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი, რომ ადამიანს მივცეთ შესაძლებლობა, იზრუნოს თავის თავზე, თავის ჯახზე. დღეს, როდესაც პანდემიის ეპოქაში ვცხოვრობთ, უნდა გავუფრთხილდეთ პირველ რიგში, ჯანმრთელობას, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბევრ ქართულ ოჯახს დააკლდა შემოსავალი. საქართველოში აღარ გვყავს ბევრი ტურისტი, რომელიც თითოეული თქვენთაგანის შემოსავალი იყო. ქვეყანაში შემოსული ტურისტი მიდიოდა თითოეული გლეხის ოჯახამდე. ამიტომ, ჩვენ ვდგევართ სოფლის მეურნეობის, ჩვენი ფერმერების, ჩვენი გლეხების გვერდით და ვიდგებით ბოლომდე, სანამ ქართული მეღვინეობა არ დადგება ფეხზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ ისაუბრა ლაგოდეხში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და აღნიშნა, რომ ბევრი კარგი საქმეა დაწყებული, რომელიც უნდა დასრულდეს.

„ლაგოდეხში ბევრი რამე გაკეთდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. არავინ ამბობს, რომ უკვე ყველაფერი კარგად არის, მარამ მთავარია ის, რომ ბევრი ძლიერი, კარგი საქმე გვაქვს დაწყებული, რომელიც უნდა დავასრულოთ. დაწყებულია წყალმომარაგების რამდენიმე პროექტი, მაგრამ ლაგოდეხის 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტი დასასრულებელია. დაწყებულია საბავშვო ბაღების და სკოლების რეაბილიტაცია. კაბალში ასაშენებელია ახალი სკოლა, რომელიც აუცილებლად უნდა აშენდეს. რა თქმა უნდა გასაგრძელებელია ინფრასტრუქტურის წესრიგში მოყვანა – გზების პირველ რიგში, იმისთვის, რომ ლაგოდეხმა რაც შეიძლება მეტი ტურისტი მიიღოს და ბარაქა შემოვიდეს რაიონში. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, გასაკეთებელია. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და ამის საფუძველი არის ერთადერთი წარმატებული ქართული ოჯახი, წარმატებული საქართველო, ძლიერი ეკონომიკა და ევროპული ქვეყანა, რომელიც უნდა გახდეს სასურველი ჩვენი ძმებისთვის, რომ გავერთიანდეთ ერთ მთლიან, ერთობლივ სახელმწიფოში. მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი კანდიდატი თქვენთან არის ყოფილი გუბერნატორი, ადამიანი, რომელმაც ყველა ის დეტალი, ყველა ის პრობლემა, რომელზეც მე ვისაუბრე იცის ზედმიწევნით კარგად, ამიტომ, როგორც კი თქვენთან ერთად ჩვენ გავიმარჯვებთ და ის იქნება არჩეული, მეორე დღესვე მისი ძირითადი ამოცანა იქნება ხალხის მსახურება. არ არის არაფერი იმაზე უფრო დიდი ღირსება ვიდრე ემსახურო შენს მოქალაქეებს. მადლობა და გამარჯვებას გისურვებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ფრიდრიხ მერცი – გაყინული აქტივების გამოყენების საკითხს თუ ვერ გავუმკლავდებით, ევროკავშირის მოქმედების უნარი სერიოზულად იქნება შერყეული მრავალი წლით, თუ უფრო ხანგრძლივად არა

რუსული გაყინული აქტივების გამოყენება აუცილებელია, რათა მოსკოვს ვაჩვენოთ, რომ ომის გაგრძელება უაზრობაა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გერმანულ-უკრაინულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.„ბლოკის წევრებმა უნდა იპოვონ გზა, დაყონ რისკები, რომლებიც დაკავშირებულია ამ აქტივების ამოღებასა და გამოყენებასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი რისკავენ, ხანგრძლივი ზიანი მიაყენონ ევროკავშირის რეპუტაციას. თუ ჩვენ ვერ გავუმკლავდებით ამ ამოცანას, ევროკავშირის მოქმედების უნარი სერიოზულად იქნება შერყეული მრავალი წლით, თუ უფრო ხანგრძლივად არა“,- განაცხადა მერცმა.მისი თქმით, „მხოლოდ ძალის გამოვლენა დაასრულებს ამ ომს“.

🎥სალომე ზურაბიშვილი არის მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ ჰქონია არასდროს – იაგო ხვიჩია

„სალომე ზურაბიშვილი არის მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ ჰქონია არასდროს...“,  - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის და მისი ცოლის მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი დააკავეს

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის და მისი ცოლის მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი, ნიკ რაინერი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს.გამოცემის ცნობით, ნიკ რაინერს 4 მილიონი დოლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. გამოძიებას ჩვენი ძარცვის/მკვლელობის განყოფილება აწარმოებს. ისინი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ამ საქმეზე და შეძლეს ნიკ რაინერის, ამ საქმეში ეჭვმიტანილის დაკავება. შემდეგ მას მკვლელობაში ბრალი წაუყენეს და 4 მილიონი დოლარის ოდენობით გირაო შეეფარდა," - განაცხადა ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროსმა ჯიმ მაკდონელმა.ცნობისთვის, ცნობილი ამერიკელი რეჟისორის რობ რაინერისა და მისი მეუღლის, მიშელ რაინერის ცხედრები საკუთარ სახლში დღეს იპოვეს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის

სრულწლოვნის მიერ, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმა “სისხლის სამართლის კოდექსით“გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება.პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ხდება სრულწლოვანის მიერ დანაშაულის ჩადენაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთან ერთად თანამონაწილის ან თანაამსრულებლის სახით მონაწილეობა.შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს უკვე წარედგინა და მას დაჩქარებული წესით განიხილავენ.“ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, აღნიშნული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა ჩადენილი დანაშაულისთვის “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს.თუ არასრულწლოვანი 14 წლის ასაკს მიუღწეველია - სასჯელის ვადა არ უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულისთვის “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ვადის ორ მესამედზე ნაკლები და იმავდროულად, სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს იმავე დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.ამავე პროექტის მიხედვით, სასჯელის დანიშვნის ეს წესი არ გამოიყენება, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება ან არსებობს პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი.როგორც ინიციატორები განმარტავენ, პრაქტიკაში გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც განზრახ და მიზანმიმართულად ხდება ბავშვების ჩაბმა დანაშაულებრივ და სხვა უკანონო ქმედებებში, რაც უმთავრესად პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზანს ემსახურება. მათივე შეფასებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ლიბერალური და ჰუმანური სისტემის დანერგვას თან სდევს რისკი, რომ კრიმინალური ელემენტების მხრიდან სხვადასხვა უკანონო მიზნების მისაღწევად მოხდეს საზოგადოების გამოუცდელი და მოწყვლადი ნაწილის - ბავშვების გამოყენება.ამასთან, პარლამენტში განხილვის პროცესშია და მიმდინარე კვირას მესამე მოსმენით დაამტკიცებენ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს.

არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებით, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა.ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს ინფორმაციას.„თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი), გაფრთხილებების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება“, – ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში.

ბოლო სიახლეები