პარასკევი, დეკემბერი 27, 2024

გიორგი გახარია – პრეზიდენტს ლეგიტიმაციას არ აძლევს ატრიბუტიკა, შენობა, პროტესტის დაყვანა შენობიდან გამოსვლა-დარჩენამდე და რეზიდენციის ფიზიკურად დაცვის იდეა პროტესტს აუფასურებს

პრეზიდენტს ლეგიტიმაციას არ აძლევს ატრიბუტიკა, მით უმეტეს შენობა, ლეგიტიმაციის წყარო ხალხის ნდობაა, პროტესტის დაყვანა შენობიდან გამოსვლა-დარჩენამდე და რეზიდენციის ფიზიკურად დაცვის იდეა, აუფასურებს პროტესტს, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, რუსთაველზე ხალხი ბევრად უფრო დიდ და მნიშვნელოვან ღირებულებებს იცავს, სწორედ ამიტომ არის პროტესტი წარმატებული.

„პრეზიდენტს ლეგიტიმაციას არ აძლევს ატრიბუტიკა, მით უმეტეს შენობა, ლეგიტიმაციის წყარო ხალხის ნდობაა. პროტესტის დაყვანა შენობიდან გამოსვლა-დარჩენამდე და რეზიდენციის ფიზიკურად დაცვის იდეა, აუფასურებს პროტესტს. ხალხი რუსთაველზე ბევრად უფრო დიდ და მნიშვნელოვან ღირებულებებს იცავს, სწორედ ამიტომ არის პროტესტი წარმატებული. უნდა გავუფრთხილდეთ ხალხს! გამარჯვების რწმენას! ერთობას პროტესტის მიზნებისა და ფასეულობების ირგვლივ! მხოლოდ ასე გახდება პროტესტი ჭეშმარიტად ყოვლისმომცველი. 1. უპირობოდ გაათავისუფლეთ უკანონოდ დაკავებული ყველა პოლიტიკური მძევალი! 2. დროულად გამოაცხადეთ ახალი არჩევნების კონკრეტული თარიღი!“, – წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

როდემდე გაგრძელდება ძლიერი თოვა და ქარბუქი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს. „28 დეკემბრიდან 29 დეკემბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, მთაში და მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი. მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების, ლიპყინულის და ხილვადობის გაუარესების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა (საფრთხის დონე საშუალო)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზელენსკი ბაიდენის ადმინისტრაციას ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისთვის მადლობას უხდის

მადლობელი ვარ შეერთებული შტატების ქართველი ხალხისა და მთელი ჩვენი რეგიონის მხარდასაჭერად გადადგმული ძლიერი ნაბიჯისთვის - ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. „ივანიშვილი დღეს თბილისის დე ფაქტო მმართველია და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო პუტინის კონტროლის ქვეშ მოაქციოს. ჩვენი რეგიონის ნებისმიერი ქვეყნის დაკარგვა, ერთი ქვეყნის დემოკრატიის განადგურება და კრიმინალური რუსული გავლენის გავრცელება საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონსა და მის ყველა ხალხს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

პროტესტის 30-ე დღე – რუსთაველის გამზირი დღესაც გადაიკეტა

პროტესტის 30-ე დღე - ერთი თვეა რუსთაველის გამზირი ყოველ საღამოს იკეტება და ტრადიცია გრძელდება. დემონსტრანტები, რომლებიც დღესაც შეიკრიბნენ პარლამენტთან, უცვლელი მოთხოვნები აქვთ - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციების დროს დაკავებულები. აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით არიან მოსულები, მიტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერებიც. აქციას მსვლელობით შეუერთდნენ მოქალაქეები სხვადასხვა ლოკაციებიდან. პროტესტი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

კახა კალაძე – ბიძინა ივანიშვილი ისედაც დე ფაქტო დასანქცირებული იყო, მოთხოვნა არის, რომ დაითმოს ქვეყნის ინტერესები

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ისედაც დე ფაქტო დასანქცირებული იყო. ამის შესახებ მან ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „ბიძინა ივანიშვილი ისედაც დე ფაქტო დასანქცირებული იყო. ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაგვიკეთებია. ჩვენ ვხედავთ მუდმივ შანტაჟს ხან კანდიდატის სტატუსით, ხან მოლაპარაკების გახსნა-არგახსნის საკითხით, ხან სანქციებით, რაც წარმოუდგენელია. მოთხოვნა რა არის, რომ დაითმოს ქვეყნის ინტერესები, ქვეყანა შეუერთდეს სანქციებს, გაიხსნას მეორე ფრონტი და ასე შემდეგ. წარმოუდგენელია იმ მოთხოვნების შესრულება, რასაც ჯერ კიდევ კაბინეტებში პირდაპირ მოგვიწოდებდნენ, მუქარებით, შანტაჟით. ეს უკვე ყველა ზღვარს სცდება, პირდაპირ მოწოდებები. რეზოლუციებიც კი მიიღეს სანქციების მიერთებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის საქართველოში მთლიანად დაკავებული იყო კეთილი საქმეებით, ქველმოქმედებით, უამრავი პროექტი და საქველმოქმედო ღონისძიება აქვს გაკეთებული, თუმცა მისი მხრიდან გადადგმული ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო 2012 წელს, როდესაც პოლიტიკაში შემოვიდა და გამარჯვება მოიპოვა. ეს ადამიანი ემსახურება ქვეყანას, ქართველ ხალხს და ეს დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალშიც“, – განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-თან, ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ურთიერთობები გადაიტვირთება. „ჩვენ, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, რომელმაც 26 ოქტომბერს მოვიპოვეთ გამარჯვება და ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის მხრიდან მივიღეთ მხარდაჭერა, რადგან ვატარებთ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ვიცავთ ჩვენს მოსახლეობას, ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ მომავალშიც. ჩვენ გვინდა მეგობრობა, თანამშრომლობა, პარტნიორობა, მაგრამ ამ ტიპის დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ახალი ადმინისტრაციის პირობებში მთლიანად გადაიტვირთება ურთიერთობა და ყველაფერი დალაგდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი – ნუ დაგვავიწყდება, რომ სახაზინო დეპარტამენტს უფლება აქვს, შემოიღოს მეორადი სანქციები მათ მიმართ, ვინც ივანიშვილთან ბიზნესს აწარმოებს

ნუ დაგვავიწყდება, რომ სახაზინო დეპარტამენტს უფლება აქვს, შემოიღოს მეორადი სანქციები მათ მიმართ, ვინც ივანიშვილთან ბიზნესს აწარმოებს, – ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით აშშ-მა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. „აშშ-მა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ბიძინა ივანიშვილის სანქცირებით. ნუ დაგვავიწყდება, რომ OFAC-ს (უცხოური აქტივების კონტროლის ოფისს) უფლება აქვს, შემოიღოს მეორადი სანქციები მათთან მიმართებით, ვინც ივანიშვილთან ბიზნესს აწარმოებს“, – წერს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. გადაწყვეტილება დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ბოლო სიახლეები