პარასკევი, იანვარი 10, 2025

გიორგი გახარია: “ოცნება” ცდილობს შეცვალოს ქართული კულტურული და ეროვნული კოდები”

„ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელი განცხადება არის იმ პროპაგანდისტული ხაზის სახიფათო გაგრძელება, რომელსაც რეჟიმი უკვე რამდენიმე წელია აქტიურად იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და საქართველოს ეროვნული ინტერესების საზიანოდ. – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

“ერთი შეხედვით, ღიმილის მომგვრელი თეორიები „გლობალური ომის პარტიასა“ და „დიფ სთეითზე“, სხვა არაფერია, თუ არა ამ საკითხზე სერიოზული დისკუსიის გახსნის მცდელობა, თავდაპირველად უწყინარ იუმორისტულ ჟანრში, შემდეგ კი – თავიანთი პროპაგანდისტული არხების მეშვეობით, საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმით, ადამიანებისგან სასურველი ქცევების მისაღწევად.

რეჟიმის გადასარჩენად „ოცნება“ აწარმოებს ჰიბრიდულ ომს საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ: ის ცდილობს შეცვალოს ქართული კულტურული და ეროვნული კოდები: მტერს დაარქვას მოყვარე – მოყვარეს მტერი, მეგობარი გამოაცხადოს აგრესორად და მტერს მოუხადოს ბოდიში, ერთგულებას და ქვეყნის მსახურებას უწოდოს ღალატი, ღალატს კი – პატრიოტიზმი, ადამიანზე ძალადობა გაასაღოს ღირსებად და ამისთვის დააწესოს ჯილდო.

ეს, ერთი შეხედვით, შეშლილი თეორიები, რეჟიმის ეფექტური ინსტრუმენტების პირობებში, შესაძლოა, ერთ დღესაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების რეალობად იქცეს. ამიტომ, სისტემურად და თანმიმდევრულად უნდა ავუხსნათ ჩვენს მოქალაქეებს, რომ სინამდვილეში „ოცნება“ ნიშნავს სიღარიბეს, ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციას, კორუფციას, ნარკომანიასა და კრიმინალს, უსამართლობას და დაუსჯელობას, ახალგაზრდებისგან დაცლილ ქვეყანას, ეს ყველაფერი – სახელმწიფოს ღალატის შედეგია.

უნდა ვესაუბროთ ყველას, პირველ რიგში კი მათ, ვინც ფსიქოლოგიური ძალადობის სამიზნეა, რათა ისინი არ დავტოვოთ მარტო რეჟიმთან უთანასწორო ჰიბრიდულ ომში.“

მადლობა თანამშრომლობისთვის!” –  ნათქვამია გახარია განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ცნობილია კაცის ვინაობა, რომლის ცხედარი 4 თვიანი ძებნის შემდეგ სასაფლაოზე იპოვეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, 39 წლის მურთაზ რუსტამოვის ცხედარი სასაფლაოზე 4 თვიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. გარდაცვლილის ახლობლების თქმით, ცხედარს კიდურები მოკვეთილი ჰქონდა. ადგილობრივების თქმით, რამდენიმე დღის წინ ჯერ კაცის ტელეფონი და პირადობის მოწმობა აღმოაჩინეს, ხოლო მოგვიანებით მისი ცხედარი. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ზურაბ ქადაგიძე: ოცნების მთავარი დაპირება, რომ აუცილებლად მოხდებოდა რეჟიმის გასამართლება, დღეიდან იწყება – მილიონობით მოქალაქე ელოდება, ქართულ “ნიურნბერგის” პროცესს

„ნაციონალური მოძრაობა, როგორც ბოროტების სათავე, უნდა ამოიძირკვოს ქართული რეალობიდან და დამსახურებული ადგილი მიეჩინოს, ისტორიულ სანაგვეზე!“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე. "ენჯეოკრატია", რომელმაც სამოქალაქო საზოგადოების სახელით გადააგვარა სამოქალაქო საზოგადოება; ფსევდო-სუვერენიტეტი, როდესაც საგარეო თუ საშინაო პოლიტიკა უცხო ქვეყნის ელჩებითა და საერთაშორისო აქტორებით ხორციელდებოდა; მედია-პლურალიზმის სახელით დამკვიდრებული - ლიბერალური ცენზურა; პატრიოტიზმით შეფუთული, ოკუპაციის ხელშეწყობა, საკუთარ ჯარისკაცებზე ომის დანაშაულების დაბრალება; ეკონომიკის სტიმულირებით შელამაზებული, სტრატეგიული ობიექტებისა და სახელმწიფო ქონების გადაცემა ოკუპანტ ქვეყანაზე; მონოპოლიზებული ბიზნესები და რეგულაციების გაუქმება; ჰუმანიზმის სახელით დამკვიდრებული ლიბერალური ფაშიზმი; ეს მცირე ჩამონათვალია იმ ბოროტი მემკვიდრეობისა, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ 2012 წელს დატოვა. ოცნების მთავარი დაპირება, რომ აუცილებლად მოხდებოდა რეჟიმის გასამართლება, დღეიდან იწყება და მილიონობით მოქალაქე ელოდება ქართულ "ნიურნბერგის" პროცესს, რომელსაც სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასებები მოჰყვება. ნაციონალური მოძრაობა, როგორც ბოროტების სათავე, უნდა ამოიძირკვოს ქართული რეალობიდან და დამსახურებული ადგილი მიეჩინოს ისტორიულ სანაგვეზე!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ჯორჯია მელონი აცხადებს, რომ ილონ მასკი არ წარმოადგენს საფრთხეს დემოკრატიისთვის

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, ილონ მასკი არ წარმოადგენს საფრთხეს დემოკრატიისთვის. მელონის თქმით, ჯორჯ სოროსი არის ის, ვინც ერევა სხვა ქვეყნების პოლიტიკაში. „პრობლემა არის მაშინ, როცა მდიდარი ადამიანები იყენებენ რესურსებს პარტიების, ასოციაციებისა და პოლიტიკოსების დასაფინანსებლად მთელ მსოფლიოში, რათა გავლენა მოახდინონ ეროვნული სახელმწიფოების პოლიტიკურ არჩევანზე, მაგალითად, რასაც აკეთებს ჯორჯ სოროსი“, – განაცხადა ჯორჯია მელონიმ. იტალიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, სწორედ ეს არის ჩარევა სახელმწიფოების საქმეებში და მათ სუვერენიტეტში. „პრობლემა არის ის, რომ ილონ მასკი გავლენიანი და მდიდარია, თუ ის, რომ არ არის მემარცხენე?“,- აღნიშნა მელონიმ ჟურნალისტებთან საუბრისას. ცნობისთვის, ევროპელი ლიდერების ნაწილი ილონ მასკს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტებით შიდა პოლიტიკაში ჩარევასა და ტრანსატლანტიკური კავშირების გაუარესებაში ადანაშაულებენ.

ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

„ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლას დათანხმდა, ფრანგები აჩქარებენ და ტრანსფერის შაბათ-კვირისთვის დასრულება სურთ, – ინფორმაციას AreaNapoli ავრცელებს. „ხვიჩა კვარაცხელია და „ნაპოლი“, შესაძლოა, ერთმანეთს რამდენიმე დღეში დაემშვიდობონ, სიახლე სულ უფრო და უფრო სანდო ხდება. იყო კონტაქტი პსჟ-სთან, მაგრამ გარიგება მხოლოდ ნეაპოლელთა პირობებით გაფორმდება – 80 მილიონი ევრო. ამასობაში, ფეხბურთელმა ფრანგებს თანხმობა პირადად განუცხადა. ქართველის დამატება პარიზელებს გასულ ზაფხულსაც სურდათ. ეიფელის კოშკის ჩრდილში ის ბევრად მეტს გამოიმუშავებს და ევროპის ერთ-ერთ ტოპ-კლუბშიც ჩაირიცხება. ჩვენი ინფორმაციით, პარიზელებს, სურთ გარიგების შაბათ-კვირისთვის დასრულება, რათა ქართველი უკვე მომავალ კვირას ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ მატჩებში დაეხმაროს. გარიგება, შეიძლება, დასრულდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფრანგები „ნაპოლის“ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ და 80 მილიონ ევროს გადაიხდიან“.

ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს. „ბატონო პრემიერ-მინისტრო, ღრმად დამწუხრებული ვართ გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ხანძრის შედეგად ხუთი ბავშვის დაღუპვის გამო. მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ვიზიარებ თქვენს მწუხარებას და პირადად ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით გულწრფელად გისამძიმრებთ პირადად თქვენ, გარდაცვლილი ბავშვების ოჯახს, ახლობლებსა და მთელს ქართველ ხალხს“,- აღნიშნავს ილჰამ ალიევი.

ბოლო სიახლეები