შაბათი, აპრილი 4, 2026

გიორგი გახარია: მცხეთა განსახიერებაა საქართველოსი, ყველაფრის, რაც საქართველოს ისტორიასთან არის დაკავშირებული

მცხეთა განსახიერებაა საერთოდ, საქართველოსი. აქ თავმოყრილია ყველაფერი, რაც კი საქართველოს ისტორიასთან არის დაკავშირებული და როდესაც აქ ჩვენ ვსაუბრობთ მომავალზე და ერთმანეთს ვპირდებით, ეს პასუხისმგებლობა ყველას უნდა გვესმოდეს და გვახსოვდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მცხეთაში, მცხეთის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა კერესელიძის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მცხეთა სრული ასახვაა ამ ქვეყნის და საქართველოს ისტორიის.

„ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად აქ ყოფნა, მცხეთაში, მუზეუმად ქცეულ ქალაქში, რომელიც სრული ასახვაა ამ ქვეყნის და ჩვენი ისტორიის. შეუძლებელია, აქ ისაუბრო მომავალზე და არ გქონდეს წარსულთან ბმა. შეუძლებელია, არ შევთანხმდეთ იმაზე, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე, ხვალინდელი გეგმები უნდა იყოს დაკავშირებული წარსულთან – ჩვენს დიდებულ, გამორჩეულ წარსულთან, რომლის განსახიერებაც არის მცხეთა და სვეტიცხოველი. აქედან თქმული, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმაზე და ვიშრომოთ, რომ ეს ქვეყანა იყოს ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი და ევროპული სახელმწიფო, უდიდეს სიმბოლოს ატარებს. ამიტომ, ემოციურიც არის და დიდი პასუხისმგებლობაა, აქ, თქვენთან ერთად ყოფნა და მომავალ გეგმებზე საუბარი. მცხეთა განსახიერებაა საერთოდ, საქართველოსი. აქ თავმოყრილია ყველაფერი, რაც კი საქართველოს ისტორიასთან არის დაკავშირებული და როდესაც აქ ჩვენ ვსაუბრობთ მომავალზე და ერთმანეთს ვპირდებით, ეს პასუხისმგებლობა ყველას უნდა გვესმოდეს და გვახსოვდეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა მცხეთაში არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მიუხედავად ეპიდემიისა და ეკონომიკური კრიზისისა, არც ერთი დღით სისტემური პროექტები არ გაჩერებულა და არც გაჩერდება.

„უნდა შევთანხმდეთ, რომ ბევრი კარგი საქმე გვაქვს დაწყებული რომელიც ერთად უნდა დავასრულოთ. არ მინდა დეტალებში ღრმად წავიდე იმ კონკრეტულ მიღწევებზე, რომელიც მცხეთაშია. ბევრგან არის მოსაგვარებელი ისეთი საკითხები, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, წყალი. მიუხედავად იმისა, რომ სამელიორაციო პროექტები 9 ლოკაციაზე გაკეთდა და 4000 ჰექტარი მიწა მოირწყვება დამატებით, მიუხედავად ამისა, ამ მიმართულებითაც ბევრია გასაკეთებელი. მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ, ცუდ პერიოდში ვცხოვრობთ, ეპიდემია, ეკონომიკური კრიზისია, არც ერთი დღით სისტემური პროექტები არ გაჩერებულა და არც გაჩერდება. ვიცი, რომ ამ რეგიონისთვის და მცხეთისთვის ქვეშეთი-კობის მონაკვეთს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ასევე, ნატახტარი-ჟინვალის 2021 წელს დაიწყება და გაკეთდება. ეს ყველაფერი დამატებითი რესურსია მცხეთისთვის“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ მცხეთისთვის ტურიზმს აქვს უდიდესი მნიშვნელობა.

„სამწუხაროდ, წელს, ამ გლობალურმა პანდემიამ ცუდ დღეში ჩაგვაგდო, თუმცა მთავარი მაინც უნდა იყოს ადამიანზე ზრუნვა. ჩვენ, დღესაც გვქონდა ბევრი შეხვედრები, ბევრი ვისაუბრეთ, გვაქვს ინფიცირებული ადამიანების რაოდენობის ზრდა, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ დღეს, ჩვენ უკვე მზად ვართ იმისთვის, რომ მსგავს რისკებს ვუპასუხოთ ისე, რომ გავუფრთხილდეთ თითოეული ადამიანის სიცოცხლესაც და გავუფრთხილდეთ თითოეულ სამუშაო ადგილსაც. 6 თვე გამოვიარეთ ერთმანეთთან ნდობით, ღიად, პირდაპირი საუბრით. ჩვენ, ჩვენს ხალხთან არაფერი დასამალი არ გვაქვს და არც ის გვაქვს ბევრი სასაუბრო, რა გაგვიკეთებია, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ჩანს. ის, რასაც ჩვენ მომავალში ერთად გავაკეთებთ, ესეც არ იქნება დაპირება, ეს იქნება პირდაპირი გეგმა და პირდაპირი საქმე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა იზრუნოს მომავალ თაობაზე, ბავშვებზე და ამიტომ, მთავრობა ორიენტირებული იქნება ეფექტურ, სწრაფ განათლების რეფორმაზე.

„მცხეთასთან და საერთოდ, რეგიონთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა უნდა გამოვყოთ. მცხეთა მუზეუმის გარეშეა და ამ ხალხის დამსახურებაა, რომ მცხეთას ექნება მუზეუმი და კინოთეატრი გადაკეთდება მუზეუმად. აუცილებლად უნდა ვთქვათ ის სპორტული კომპლექსი, რომელიც გაკეთდა და რომელიც მცხეთელებს და ახალგაზრდებს, აქაურებს აძლევს შესაძლებლობას, რომ ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვრონ. გაკეთდა და კიდევ 24 სკოლის რეაბილიტაცია გაკეთდება. ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტები პანდემიის დროს არ გაჩერებულა და შემდეგ, მათი სისწრაფე და რაოდენობა გაორმაგდება. რა თქმა უნდა, აქ აუცილებლად უნდა ვთქვათ სოფლის მეურნეობაზე. სახელმწიფოს აქვს თავისი, პირდაპირი პასუხისმგებლობები. სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა იზრუნოს ჩვენს მომავალ თაობაზე, ბავშვებზე და ამიტომ, ჩვენ ვიქნებით ორიენტირებული ეფექტურ, სწრაფ განათლების რეფორმაზე. რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ხანდაზმულ ადამიანებზე და ამისთვის ჩვენ ვაკეთებთ სოციალური სისტემის რეფორმას. ასევე ამასთან იყო დაკავშირებული მაღალმთიანი სტატუსის მინიჭება ბევრი სოფლისთვის. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დაახლოებით არის 421 სოფელი. ეს პირდაპირი სოციალური დახმარება ადამიანებისთვის, რომლებიც მთას ამაგრებენ, საზღვრებს ამაგრებენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გასაგრძელებელია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობის გეგმების განხორციელების ცენტრში არის ადამიანი და მასზე ზრუნვა.

  1. ვინც რა უნდა თქვას, ჩვენს გეგმებს განვახორციელებთ და ამ გეგმების ცენტრში არის ადამიანი და მასზე ზრუნვა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გლობალურად და ქვეყანაში არის პანდემია, ეს იქნება ჩვენი ძირითადი მიზანი დღესაც და ხვალაც. ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ მიზანმიმართულად უნდა ვიზრუნოთ ბავშვებზე, ხანდაზმულებზე და ყველამ ერთად უნდა შევუქმნათ სამართლიანი, თანასწორი უფლებები იმისთვის, რომ ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი შრომით ჩვენი ოჯახები. ეს არის სამართლიანი, ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო, ისეთი სახელმწიფო, რომელიც დღეს კიდევ უფრო ახლოს უნდა იყოს ევროპასთან, ვიდრე გუშინ და ხვალ ისე უნდა მიუახლოვდეს, რომ ამ ქვეყნის ისტორიული მიზანი – ევროპულ ოჯახში ჩვენი დაბრუნება უნდა გახდეს შესაძლებელი. ეს ჩვენი ერთობლივი საქმეა. როდესაც მაჟორიტარობის კანდიდატზე ვსაუბრობთ, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანაში საარჩევნო სისტემა შეიცვალა. დღეს მცხეთას, სამწუხაროდ, ცალკე მაჟორიტარი არ ჰყავს, ეს არის დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის ოლქი, მაგრამ დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად, ეს იყო ერთ-ერთი მიზანი, რატომაც ჩვენ ბევრი ფიქრის შემდგომ არჩევანი გავაკეთეთ შალვა კერესელიძეზე. ეს ადამიანი იყო ამ რეგიონის გუბერნატორი და ყველაზე უკეთ იცის სად რა პრობლემაა. ეს არის ადამიანი, რომელიც კი არ ტრაბახობს და კი არ ყვება, რა გაუკეთებია ამ კუთხისა და რეგიონისთვის, არამედ წყნარად, მშვიდად, თავმდაბლად მიდის და საქმეს აკეთებს. დარწმუნებული ვარ, ის იქნება ამ რეგიონის ღირსეული ხმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში და დარწმუნებული ვარ, რაც მთავარია სამართლიან ბრძოლაში ღირსეულად გავიმარჯვებთ. გამარჯვებას გისურვებთ, მცხეთელებო“ , – განაცხადა პრემიერმა.
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ნამახვანის პროექტთან მიმართებით სახელმწიფო ვერ დადგა ბოლომდე მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა, სადაც იყო სისუსტეები, ის სისუსტეები აღარ იქნება

ნამახვანის პროექტთან მიმართებით სახელმწიფო ვერ დადგა ბოლომდე მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა, სადაც იყო სისუსტეები, საზოგადოებას ვპირდებით, რომ ის სისუსტეები აღარ იქნება გამოვლენილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე და ის ხარვეზები, რაც იყო წარსულში, აღარ იქნება დაშვებული მომავალში.„თავის დროზე იყო ბევრი ხარვეზი, ეს ხარვეზები გამოჩნდა მათ შორის, ნამახვანის პროექტთან მიმართებით. სახელმწიფო ვერ დადგა ბოლომდე მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა, სადაც იყო სისუსტეები, საზოგადოებას ვპირდებით, რომ ის სისუსტეები აღარ იქნება გამოვლენილი. დღეს სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე, შესაბამისად, ის ხარვეზები, რაც იყო წარსულში, აღარ იქნება დაშვებული მომავალში. ამას ჩვენ დავაზღვევთ. ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამისათვის ვართ აბსოლუტურად მზად“, – განაცხადა პრემიერმა.

იოჰან ვადეპული – საერთაშორისო ასპარეზზე ეფექტური მოთამაშე რომ ვიყოთ, უნდა გავაუქმოთ ერთსულოვნების პრინციპი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული მიიჩნევს, რომ ეფექტურობის მიზნით, ევროკავშირმა ერთსულოვნების პრინციპზე უარი უნდა თქვას.მისი თქმით, ევროკავშირის მოქმედების უნარს ცალკეული ქვეყნების მხრიდან არსებული დაბრკოლებები საფრთხეს უქმნის,  შესაბამისად, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში გადაწყვეტილების მიღებისადმი განსხვავებული მიდგომის მომხრეა.გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი უახლოეს მომავალში დიდწილად მიატოვებს ერთსულოვნების პრინციპს.„საერთაშორისო ასპარეზზე ეფექტური მოთამაშე რომ ვიყოთ, ჩვენ უნდა გავაუქმოთ ერთსულოვნების პრინციპი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში“, – განაცხადა ვადეპულმა.მისივე თქმით, მხარს უჭერს ევროკავშირის მუშაობას „კვალიფიციური უმრავლესობის სისტემით“.„უკრაინისთვის დახმარებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ მიღებული მთელი ჩვენი გამოცდილება ამას ადასტურებს“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რობერტ ფიცო – ევროკავშირმა უნდა განაახლოს დიალოგი რუსეთთან, უზრუნველყოს გარემო, რომელიც ცალკეულ წევრებსა და მთლიანად გაერთიანებას მისცემს საშუალებას, შეავსონ გაზისა და ნავთობის მარაგები

ევროკავშირმა, განსაკუთრებით ევროპულმა თანამეგობრობამ დაუყოვნებლივ უნდა განაახლოს დიალოგი რუსეთთან და უზრუნველყოს ისეთი პოლიტიკური და სამართლებრივი გარემო, რომელიც ცალკეულ წევრ სახელმწიფოებსა და მთლიანად ევროკავშირს მისცემს საშუალებას, შეავსონ გაზისა და ნავთობის დეფიციტური მარაგები, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო სოციალურ ქსელში წერს.ამასთან, ფიცო ევროკავშირს „საღი აზრისკენ დაბრუნებისკენ“ მოუწოდებს.მისივე თქმით, აუცილებელია გაუქმდეს სანქციები, რომლებიც კრძალავს რუსეთისგან გაზისა და ნავთობის იმპორტს.„მე არ მოვუწოდებ სხვას არაფერს, მხოლოდ საღი აზრისკენ დაბრუნებას. მთელი ევროკავშირი და განსაკუთრებით, ევროპული თანამეგობრობა, ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში სულ უფრო ჰგავს თვითმკვლელ გემს. დღევანდელმა სატელეფონო საუბარმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან, დაადასტურა, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ უზარმაზარ ენერგეტიკულ კრიზისთან გამკლავებას მხოლოდ ეროვნულ დონეზე. თუმცა, სლოვაკეთისა და უნგრეთის მთავრობები ყველაფერს აკეთებენ, რათა დაიცვან თავიანთი ეროვნული ეკონომიკები და მოქალაქეები ევროპული თანამეგობრობის იდეოლოგიური სიბრმავისა და არაკომპეტენტურობისგან, ბოროტი განზრახვების მქონე უკრაინის პრეზიდენტისა და ირანის წინააღმდეგ ომის შედეგებისგან. ევროკავშირმა და განსაკუთრებით, ევროპულმა თანამეგობრობამ დაუყოვნებლივ უნდა განაახლოს დიალოგი რუსეთთან და უზრუნველყოს ისეთი პოლიტიკური და სამართლებრივი გარემო, რომელიც ცალკეულ წევრ სახელმწიფოებსა და მთლიანად ევროკავშირს მისცემს საშუალებას, შეავსონ გაზისა და ნავთობის დეფიციტური მარაგები და უზრუნველყონ სტრატეგიული ნედლეულის მიწოდება ყველა შესაძლო წყაროდან და მიმართულებიდან, მათ შორის, რუსეთიდან. ამიტომ აუცილებელია გაუქმდეს უაზრო სანქციები, რომლებიც კრძალავს რუსეთისგან გაზისა და ნავთობის იმპორტს, დაიწყოს ევროკავშირის ცალკეული ინიციატივა უკრაინაში ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებისთვის და გადაიდგას გადამწყვეტი ნაბიჯები მილსადენ „დრუჟბის“ მუშაობის აღსადგენად“, – წერს ფიცო.

ირაკლი კობახიძე – ათწლიან პერსპექტივაში გვინდა, დადგმული სიმძლავრის მოცულობა 11 500 მგვტ-მდე გაიზარდოს, რომ საქართველო გახდეს დამოუკიდებელი იმპორტისგან, შეძლოს ენერგიის ექსპორტზე გატანა

გვინდა, რომ საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით გახდეს თვითკმარი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.მთავრობის მეთაურის განმარტებით, საქართველო აღარ იქნება დამოკიდებული იმპორტზე და პირიქით, შეძლებს საკუთარი წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანას.„ელექტროენერგიის გენერაციის მიმართულებით ჩვენი ზოგადი ამოცანა არის ძალიან მკაფიო. გვინდა, რომ საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით გახდეს თვითკმარი ქვეყანა. არსებობს ენერგიის სხვა წყაროები, ეს არის გაზი, ნავთობი, სადაც ჩვენ ვერ გავხდებით თვითკმარი, არ გვაქვს შესაბამისი რესურსები, თუმცა ელექტროენერგეტიკის სფეროში გვაქვს შესაძლებლობა, გავხდეთ სრულად თვითკმარი. თვითკმარში ვგულისხმობთ მარტივად რას, რომ საქართველო აღარ იქნება დამოკიდებული იმპორტზე და პირიქით, შეძლებს საკუთარი წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანას, რაც მნიშვნელოვანია ამ სფეროში წარმატებისთვის, ენერგოდამოუკიდებლობისთვის და ასევე, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.დღევანდელი მოცემულობით, ჩვენ ვართ იმპორტზე დამოკიდებული მნიშვნელოვანწილად. ჩვენი ჯამური გენერაცია დაახლოებით არის 4 700 მგვტ დადგმული სიმძლავრე და გვაქვს კონკრეტული, მკაფიო ხედვა, რომელიც უზრუნველყოფს ამ მდგომარეობის შეცვლას. ჩვენ გვინდა, რომ საბოლოო ჯამში, ათწლიან პერსპექტივაში 11 500 მგვტ-მდე გაიზარდოს დადგმული სიმძლავრის მოცულობა და ასეთ შემთხვევაში, საქართველო უკვე გახდება მთლიანად დამოუკიდებელი იმპორტისგან და პირიქით, შეძლებს ექსპორტზე ელექტორენერგიის გატანას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე – 2 000 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები თუ არ დაგვემატება, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი

დღეს უნდა იცოდეს სახელმწიფომ, დაიწყოს თუ არა დიდ ჰესებზე მუშაობა, ჩვენი პასუხი არის ძალიან მკაფიო – კი, იმიტომ, რომ დიდი ჰესების გარეშე ამ სექტორში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანას თუ არ დაემატება 2 000 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი.„დღეს უნდა იცოდეს სახელმწიფომ, დაიწყოს თუ არა დიდ ჰესებზე მუშაობა. დღესვე უნდა ვუპასუხოთ ამ შეკითხვას. ჩვენი პასუხი არის ძალიან მკაფიო – კი, იმიტომ, რომ დიდი ჰესების გარეშე ამ სექტორში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული. როდესაც ვსაუბრობთ ჰიდროელექტროსადგურებზე, 2 800 მეგავატია საპროგნოზო მაჩვენებელი, ათწლიან პერსპექტივაში, აქედან დაახლოებით 1 900 მეგავატი მოდის სწორედ დიდ ჰესებზე. ყველაფერი დათვლილი გვაქვს. ამიტომ, ვამბობთ, თუ არ დაგვემატება დაახლოებით 2 000 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი. მით უმეტეს ვერ იქნება სტაბილურობა უზრუნველყოფილი მზის და ქარის ენერგიის ხარჯზე“, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები