ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ჩვენი ქვეყნის მომავალსა და გურიაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბევრი გამოწვევაა: სამუშაო ადგილების, ინფრაქტრუქტურის პრობლემებია, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჩვენ ყველა ერთად ვმუშაობთ და ვხედავთ ყოველდღიურ პროგრესს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ვასილ ჩიგოგიძის წარდგენისას განაცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, დღეს გურიაში მარტივი პრობლემები არ არის. „მაგალითად, ლანჩხუთის წყალალმომარაგება ასე თუ ისე ნორმალურ კონდიციაში მოვიყვანეთ, სოფლებში წყლის მომარაგება პრობლემაა, ისევე როგორც შიდა სასოფლო გზები. მაგრამ მე ერთი რამ მინდა გითხრათ: მიუხედავად გლობალური გამოწვევისა და პანდემიისა, ბოლო 8 თვის განმავლობაში ქვეყანაში, მათ შორის გურიაში სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა არც ერთი საათით არ შეჩერებულა. ამის შედეგია ის, რომ სამტრედია-გრიგოლეთის 2 მონაკვეთი გაიხსნა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, მთავრობის მთავარი მიზანი და ამოცანა ისაა, რომ არ უნდა იყოს დიდი განსხვავება იმაში, თუ სად ცხოვრობს ადამიანი და ყველას დაახლოებული პირობები უნდა ჰქონდეს.
„განსაკუთრებით ახალგაზრდებს. მათ უნდა შეეძლოთ თავიანთი თავის რეალიზება თავიანთ კუთხეში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ინფრასტრუქტურიდან დაწყებული, წყალმომარაგებით, წყალარინებით, სკოლებით, ბაღებით, მედიცინით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სხვაობა დიდი არ იყოს თბილისსა და ლანჩხუთს შორის. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი. ამ მიზნიდან გამომდინარე გვაქვს ის გეგმა, რომელიც მთელი 4 წლის განმავლობაში დეტალურად გვაქვს გაწერილი და ზუსტად ვიცით, სად რა უნდა გავაკეთოთ. მომავალი 4 წლის განმავლობაში საქართველოში ინფრასტრუქტურულ პროექტებში მინუმუმ 20 მილიარდი ლარი დაიხარჯება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.