„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პროკურატურაში განუცხადეს.
„„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული ყველა სისხლის სამართლის საქმეზე. ასევე, სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა ზიანი, რის საფუძველზეც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე და ჯარიმაზე“, – აცხადებენ საქართველოს პროკურატურაში.
ცნობისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს 2025 წლის 5 მარტს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამასთან, გიორგი ბაჩიაშვილს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე თერთმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
სუს-მა გიორგი ბაჩიაშვილი 2025 წლის 27 მაისს დააკავა.

