ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა ბორტზე, რომლითაც მომიტაცეს, – ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.
ბაჩიაშვილის თქმით, ის ყველა ნორმის დარღვევით ჩამოიყვანეს საქართველოში.
„ბიძინა ივანიშვილმა როდესაც ნახა, რომ პირდაპირ ვერ შემიყვანა მის სახელმწიფო სამსახურში, მომთხოვა, დამეწყო ანტიდასავლური და ანტიქართული წერილების გამოქვეყნება, რომელსაც დღემდე შათირიშვილი აქვეყნებს. ანუ, ზუსტად მანდ ჩაეყარა საფუძველი იმ დაპირისპირებას, რომელიც ჩვენ შორის შემდეგ გაიზარდა. ამ უარის შემდეგ გავხდი მიუღებელი, შესაბამისად, ივანიშვილმა მომიწყო სასამართლო პროცესის იმიტაცია, რომელსაც გავდიოდი წინა ორი წლის განმავლობაში. ერთადერთ გზად დამიტოვა საკუთარი ბედის ხელში აღება, ამაში არის მთელი უბედურება. თუმცა ესეც არ ეყო. შემდეგ მიმართა კრიმინალურ მეთოდს, მოტაცებას. იმ მეთოდს, რომლითაც 90-იანებში მას ძმა მოსტაცეს, მეთოდს, რომლითაც კალაძეს ძმა მოსტაცეს ზუსტად იმავე მიზნით, ფულის გამოძალვის მიზნით. ერთადერთი სხვაობა ის იყო, რომ იმ გამომძალველებს და მომტაცებლებს სახელმწიფო არ ჰქონდათ მიტაცებული. ყველა ნორმის დარღვევით, თავზე ტომარაწამოფარებული, უკანონოდ, საერთაშორისო სამართლისა და ქართული სამართლის დარღვევით ჩამომიყვანეს საქართველოში. ეს იყო ივანიშვილის მიერ შეთხზული და სუს-ის მიერ შესრულებული სპეცოპერაცია. ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა ბორტზე, რომლითაც მომიტაცეს. ალბათ თქვენთვის გასაკვირი არ არის, მაგრამ ამ დანაშაულს იძიებს ანრი ოხანაშვილი. ანუ, სუს-ი იძიებს თავის მიერ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულს. გამაგებინეთ, როგორ ვიპოვო სამართალი, სად დავიცვა თავი? როგორ ვანდო ჩემი თავი და სამართალი იმ ხელისუფლებას, რომელიც შეფის კარზე ატუზული მყავს ნანახი? როგორ ვანდო თავი იმ სასამართლოს, რომელმაც, ივანიშვილის ზეპირი ჩვენების საფუძველზე, ორი წელი ჯოჯოხეთი მოგვიწყო მე და ჩემ ოჯახს? ეგ იყო ერთადერთი მტკიცებულება ჩემს საქმეში. როგორ გენდოთ იმ სისტემას, რომელმაც ორად გაყავით საქართველო და ერთს სხვა სამართალს უწყობთ, მეორეს – სხვას? მალე ალბათ ორი კონსტიტუცია იქნება მიღებული ჩვენთვის. ზოგიერთები ტელევიზიით ამბობენ, რომ რა კარგია, ხომ ხედავთ წამება არ არისო. აბა, ჰკითხეთ ჩვენს მშობლებს, თუ არ არის წამება? ჰკითხეთ იმ დაჭერილი ახალგაზრდების მშობლებს, სინდისის პატიმრების მშობლებს, მათ ოჯახებს, მზია ამაღლობელის ოჯახს, თუ არ არის ეს წამება“, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
გიორგი ბაჩიაშვილს 5 მარტს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ამასთან, გიორგი ბაჩიაშვილს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე თერთმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 27 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი ბაჩიაშვილი დააკავა.