გადაცემაში ხუხაშვილი გამოეხმაურა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებულ გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც გამოკითხვაზე დაიბარეს რამდენიმე პოლიტიკოსი და ყოფილი სამხედრო პირი.
ექსპერტის განცხადებით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარკვეული ჯგუფები ირანში გადიოდნენ მომზადებას და ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან. მისი თქმით, მიმდინარე რეგიონული დაძაბულობის ფონზე აღნიშნული ფაქტორი დამატებით რისკებს ქმნის.
„რამდენი ხანია საუბარია, რომ „ალ – მუსტაფას“ უნივერსიტეტში, რომელიც აშშ-ის მიერ არის დასანქცირებული, რადგან ჯაშუშურ საქმიანობაშია ეჭვმიტანილი, ამზადებენ აქტიური მოქმედებებისთვის დაჯგუფებებს. გავიდა ინფორმაცია, რომ თითქოს ამ უნივერსიტეტს საქართველოში 3 ფილიალი აქვს: გარდაბანში, მარნეულში და ფონიჭალაში. გარკვეული ჯგუფები ირანში გადიოდნენ მომზადებას და ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან – რა მომზადებას გადიოდნენ, რა არის მოსალოდნელი? ომი რომ არ იყოს, შეიძლება სხვანაირად შეგვეხედა, მაგრამ ომი დაიწყო. თუ „ნაღმებია ჩადებული“, როდის გააქტიურებს ირანის ხელისუფლება, რომელიც გამწარებულია, ჩვენ ხომ არ ვიცით?!
თუკი საქართველოში ასეთი ჯგუფები არსებობდა, ისინი ხომ ფინანსდებოდნენ საიდანღაც. ფინანსდებოდა ზუსტად „რუხი სქემებიდან“. ინფორმაციაც გავრცელდა იმისთან დაკავშირებით, რომ ირანში რეკლამას უკეთებენ: „სანქციების გვერდის ავლა გინდა, ჩამოიტანე საქართველოში, წარმოშობის სერტიფიკატი ქართულზე შეუცვალე და გაიტანე ევროპაში“. ასეთ რეკლამას ტყუილად ხომ არ აკეთებენ? ეს საქმეები დალაგებულია. რა თქმა უნდა, ამ საქმეებს ჰყავთ ქართველი კურატორები, რომლებიც ამაზე ფულს შოულობენ. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ხალხი ხელისუფლებაშია, რადგან ხელისუფლების გარეშე შეუძლებელია ამ ტიპის სქემების დალაგება. აქედან გამომდინარე, შეიძლება ეს ხალხი ახლდეს ამ გამოძიების პროცესის საბოტირებას. სუს-ი ამას კი არ იძიებს, იმას იძიებს თინა ხიდაშელმა რა ილაპარაკა და რა იცის“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

