ოთხშაბათი, იანვარი 15, 2025

გია ვოლსკი – სიცრუეა, თითქოს საქართველომ რაიმე შეაჩერა, რა უნდათ პატარა ქვეყნისგან, თუ არა გარკვეული ქმედებები, რათა დამძიმდეს ვითარება და მოვიდეს ის ხელისუფლება, რომელიც ყურმოჭრილი მონის როლს შეასრულებს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებებს აფასებს, როგორც უსამართლოს.

ვოლსკის შეფასებით, საქართველოს მიმართ უსამართლობა ემსახურება კონკრეტულ ამოცანას.

გია ვოლსკი ამბობს, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არათუ შეჩერდა, არამედ საქართველო ამ კუთხით მოწინავე პოზიციაზეა და 2030 წელს ეკონომიკური და პოლიტიკური მონაცემებით ევროკავშირის წევრობის რეალური კანდიდატი იქნება.

„საქართველოს ასეთი შეფასება არ ეკუთვნის. ადამიანები გამოდიან გარეთ და გამოხატავენ გარკვეულ პოლიტიკურ პოზიციას, მაგრამ ეს ევროპისთვის სიახლე არ არის. არც პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებაა სიახლე. არც მომიტინგეების მიმართ საკმაოდ სასტიკი ანგარიშსწორება არ არის რაიმე სიახლე ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. მნიშვნელოვანი რაოდენობის შემთხვევაში, გაცილებით სასტიკია ეს ანგარიშსწორება, ვიდრე საქართველოში მოხდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში პოლიცია ასეთი სერიოზული შეტევის ქვეშ იმყოფებოდა. არ არის პოლიციაზე ასეთი ბრუტალური შეტევა – არ არის ძალის გამოყენება. გამორიცხულია, რომ პოლიციის მხრიდან ძალისმიერი მეთოდების გამოყენების პერიოდში არ მოხდეს თუნდაც ძალის გადამეტება ცალკეულ შემთხვევაში. არანორმალური ატმოსფერო, ფსიქოლოგიური ვითარება იქმნება ამ დროს და ეს მხოლოდ ქართველ პოლიციელს არ ეხება. შემაძრწუნებელია, როდესაც ადამიანი, მით უმეტეს, თუ დამნაშავე არ არის, განიცდის ფიზიკურ ზეწოლას, მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც არ ახსენებ, მათ შორის ქალბატონი კოსი, რომ ეს განაპირობა პოლიციაზე ასეთმა გააფთრებულმა შეტევამ, როდესაც 200-ზე მეტი ადამიანი ფიზიკურად არის დაშავებული, თანაც სიცოცხლისთვის საშიში შეტევაა განხორციელებული პოლიციელების მიმართ პიროტექნიკით და „მოლოტივის კოქტეილებით“. ამას რომ არ ამბობ და ამბობ მეორე მხარეს, კი, დაზიანდნენ მომიტინგეები, მაგრამ დაზიანების ის ხარისხი არ ყოფილა, რაც ახლახან გერმანიაში ვიხილეთ.

არჩევნების შეფასება, რაც მოლდოვაში ვიხილეთ, ის თუ მისაღებია და საქართველოში ჩატარებული ელექტრონული არჩევნები მიუღებელია, აქ უკვე სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ, რაშია საქმე? რა უნდათ პატარა ქვეყნისგან, თუ არა გარკვეული ქმედებები, რათა დამძიმდეს სიტუაცია, სისხლი დაიღვაროს და ხელისუფლება ძალისმიერი მეთოდით შეიცვალოს. ის ხელისუფლება მოვიდეს, რომელიც ცალ ფეხზე დადგება და ყურმოჭრილი მონის როლს შეასრულებს ყოველგვარი ეროვნული ინტერესის გათვალისწინების გარეშე. დიდი სიცრუეა, რაც გავრცელდა, რომ საქართველომ რაიმე შეაჩერა. ევროინტეგრაციის გზაზე პროცესი მეტყველებს, რომ ეს სიცრუე, ყურით მოთრეული სხვა ინტერპრეტაცია განცხადების, რომელიც მთავრობის მეთაურმა გააკეთა, რაღაცას გულისხმობს და კონკრეტულ მიზანზეა ორიენტირებული. ეს მიზანი აშკარად გამოხატა თუნდაც მიხაელ როთმა ან ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, როდესაც ახალგაზრდებს პირდაპირ მოუწოდებენ, ძალა გამოიყენონ, სისხლი დაღვარონ და სცენარი წავიკითხეთ „მაკკეინის ინსტიტუტის“ განცხადებაში. სხვა მიზეზი არ არსებობს.

ჩვენი ქვეყნის მიმართ უსამართლობა ემსახურება კონკრეტულ ამოცანას. ევროინტეგრაციის არანაირი პროცესი არ შეჩერებულა. მზად ვართ, ხვალვე დავიწყოთ მოლაპარაკებები ნებისმიერი მიმართულებით ან მიტინგი გამართონ ევროკავშირის საელჩოსთან და მოითხოვონ მოლაპარაკებების დაწყება.

არათუ რაიმე პროცესი გვაქვს შეჩერებული, არამედ ყველაზე წინ ვართ მოცემულ პერიოდში და 2030 წელს ჩვენ ვიქნებით ის ქვეყანა, რომელიც ეკონომიკური და პოლიტიკური მონაცემებით იქნება ევროკავშირის წევრობის რეალური კანდიდატი. ევროკავშირში წევრობა ვინმესთან საკეკლუცოდ კი არ გვინდა – ჩვენთვის გამოსაყენებლად. ვინმეს მიმართ ნიშნის მოგებისთვის კი არ გვინდა, არამედ ევროკავშირის ცხოვრების სტანდარტი, ეკონომიკური და პოლიტიკური, არის ის თემა, რომელიც ჩვენ მოგვწონს და მიგვაჩნია, რომ სწორია ჩვენი ქვეყნისთვის. როდესაც გედავებიან, რომ ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდა არ უნდა აკრძალო, ამის გამო თავად ჯერ კიდევ ივლისში წყვეტენ ამ პროცესს და ამბობენ, რომ საქართველომ შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი, ნოემბერში მას აღარ უნდა დააბრალო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რაიმე შეწყვიტა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამავდროულად, გია ვოლსკი ამბობს, რომ ომისა და მშვიდობის თემა კვლავ საკვანძო საკითხია, რაც დღეს მსოფლიოს აინტერესებს.

„როდესაც უსამართლობაა, ჩვენთვის ბევრი საკითხია დამაფიქრებელი და ეს უკავშირდება მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. თუდაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ იხილეთ პროცესები, როდესაც საქართველოზე ძალისმიერი მეთოდებით მოქმედებდნენ, რათა საომარ პროცესებში ჩართულიყო და ახლაც ომის თემა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. ომისა და მშვიდობის თემა კვლავ საკვანძო საკითხია, რაც დღეს მსოფლიოს აინტერესებს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „საქართველოში ვითარება არის ნათელი შეხსენება, რომ ევროკავშირის წევრობისკენ გზა არ არის მარტივი და რომ უკუსვლა შეიძლება მოხდეს და ის ხდება“.

მისივე თქმით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს „იმის გამო, რომ ხელისუფლება განაგრძობს ევროინტეგრაციისგან დაშორებას“.

„ქართველი ხალხის მიერ ევროინტეგრაციის არჩევანი არის საკონსტიტუციო ვალდებულებით გაწერილი და ისინი ყოველ ღამეს გამოდიან ქუჩაში, რადგან მათ ნათლად სურთ ამის შენარჩუნება. ხელისუფლების ქმედებები მშვიდობიანი დემონსტრანტების, ოპოზიციის წარმომადგენლების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ჟურნალისტებს წინააღმდეგ აბსოლუტურად მიუღებელია“, – განაცხადა მარტა კოსმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ვარშავაში დონალდ ტუსკს შეხვდება

დღეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში ჩავა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, ზელენსკი ვარშავაში პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს შეხვდება. 2025 წლის პირველი იანვრიდან პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. მანამდე საბჭოს ექვსი თვის განმავლობაში უნგრეთი ხელმძღვანელობდა. დონალდ ტუსკის თქმით, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის განმავლობაში პოლონეთი ეცდება, უკრაინა სათანადო მხარდაჭერით უზრუნველყოს.

ვინ დაესხა თავს გიორგი გახარიას- რას ყვება ზვიად ქორიძე

ჟურნალისტ ზვიად ქორიძის თქმით, ბათუმში მდებარე სასტუმრო "შერატონში" მას რამდენიმე ადამიანმი თავს დაესხა. "სასტუმრო "შერატონის" ფოიეში ვიჯექი. უცბად, რამდენიმე მაგიდასთან დავინახე ადამიანები სვამდნენ. დავინახე, რომ აქ, პირდაპირ როიალთან მოვიდა თანმხლებ ქალბატონთან ერთად დიმიტრი სამხარაძე. მერე მივიდა მაგიდასთან, მერე წამოვიდა ჩემთან და მითხრა: "მე გიცნობ, ხარ ზვიად ქორიძე. დაიწყო "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ გინება, რაზედაც არანაირი რეაქცია არ მქონია. წავიდა, მივიდა კარებთან, დაბრუნდა, შემოვიდა, "რა თქვი ბიჭო, შენ ოცნებაზე, ვის აგინებო". დაიწყო გინება, სავარძელზე ფეხების რტყმა. უცბად, დავინახე, რომ იმ მაგიდიდან აიშალნენ ადამიანები, 10-12 კაცი იქნებოდა, თვლა არ დამიწყია, დაიძრნენ ჩემსკენ. როდესაც მივუახლოვდი მისაღების მაგიდას და დაცვას ვთხოვე დახმარება, დაცვა გამოვარდა. მოახერხეს, შეეცადნენ, რომ ისინი გაეცილებინათ ჩემგან. იყო მუქარა, გინება. დაცვამ გამიყვანა", - განაცხადა ზვიად ქორიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

ექიმი: გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება, ჩაუტარდა კვლევები – კლინიკა საკუთარი სურვილით დატოვა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება. როგორც კლინიკის სასწრაფო დახმარების განყოფილების უფროსმა, ჯუმბერ ბოლქვაძემ  განუცხადა,  გიორგი გახარიას სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა და საკუთარი სურვილით დატოვა კლინიკა. „მოქალაქე მოიყვანეს 02:34 წუთზე, სახის არეში ჰქონდა დაზიანებები. მისი გადმოცემით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჩაუტარდა კვლევები, მდგომარეობა იყო საშუალო სირთულის და გაეწერა კლინიკიდან. საკუთარი სურვილით დატოვა კლინიკა. კონტაქტური და ადეკვატური იყო. ცხვირის ძვლების მოტეხილობა აღენიშნებოდა, მაგრამ საოპერაციო, მძიმე შემთხვევა არ იყო“, – განაცხადა ექიმმა.   შეგახსენებთ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ.

არსებული ინფორმაციით, გიორგი გახარიას თავს დაესხნენ – ის კლინიკაშია გადაყვანილი

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს, თუმცა თავდასხმის დეტალები არ დაუკონკრეტებიათ. არსებული ინფორმაციით, გიორგი გახარია კლინიკაშია გადაყვანილი. თავდასხმას პარტიის წევრი ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

თეთრი სახლი – პატიმრების გათავისუფლების შეთანხმების ფარგლებში აშშ კუბას ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიიდან ამოიღებს

პატიმრების გათავისუფლების შეთანხმების ფარგლებში აშშ კუბას ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიიდან ამოიღებს. განცხადება აღნიშნულის შესახებ თეთრმა სახლმა გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მიიღო. ამის შემდეგ კუბაში განაცხადეს, რომ ეტაპობრივად გაათავისუფლებენ 553 პატიმარს, რომლებიც სხვადასხვა დანაშაულისთვის იყვნენ დაკავებული. კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიაზ-კანელმა განაცხადა, რომ ბაიდენის გადაწყვეტილება არის ნაბიჯი „სწორი მიმართულებით“. კუბა ტერორიზმის მხარდამჭერთა სიაში დონალდ ტრამპმა თავისი პირველი პრეზიდენტობის ბოლო დღეებში, 2021 წელს დააბრუნა, რითიც აკრძალა აშშ-ის ეკონომიკური დახმარება და ქვეყანაში იარაღის ექსპორტი. ამჟამად კუბა ჩრდილოეთ კორეასთან, სირიასა და ირანთან ერთად არის აშშ-ის ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოთა სიაში. ეს ნიშნავს, რომ აშშ-ის მიერ ისინი მიჩნეული არიან ქვეყნებად, რომლებმაც „არაერთხელ გაუწიეს მხარდაჭერა საერთაშორისო ტერორიზმის აქტებს“.

ბოლო სიახლეები