ევროკავშირის რეზოლუცია სამართლიან ინფორმაციაზე დაფუძნებული არ არის, ინფორმაციას მათივე შექმნილი წყაროდან იღებენ – არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და ზოგიერთი პოლიტიკური პარტიიდან, რომელებიც ჩართული არიან პროცესების რადიკალიზაციის გეგმაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, კორუფციასთან ან არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით სამართლიანი დასკვნა ეუთო/ოდირის დოკუმენტში უნდა ვეძებოთ, სადაც ამგვარი არაფერი წერია.
„ევროკავშირის რეზოლუცია სამართლიან ინფორმაციაზე დაფუძნებული არ არის. ინფორმაციას მათივე შექმნილი წყაროდან იღებენ – არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და ზოგიერთი პოლიტიკური პარტიიდან, რომელებიც ჩართული არიან პროცესების რადიკალიზაციის გეგმაში. არაერთი ასეთი რეზოლუციაა მიღებული. კორუფციასთან ან არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით სამართლიანი დასკვნა ყველაზე კომპეტენტური ორგანიზაციის დოკუმენტში უნდა ვეძებოთ – ეუთო/ოდირის, სადაც ამგვარი არაფერი წერია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისი თქმით, მთავარია ისიც, რომ ვერ გაყალბდება არჩევნები, რომლებიც ელექტრონულად ტარდება.
„გადავხედეთ იმ განცხადებებს, რომელიც ცალკეული რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერებს ჰქონდათ. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშნეს ადამიანი, რომელიც თავის დროზე, ჩასაფრებული, ანტიქართული პოზიციიდან წერდა, რომ თურმე აქ გაყალბება შეუძლებელია, „ქართულმა ოცნებამ“ რეალურად გაიმარჯვა, მაგრამ მოხდა ძალადობა, ზეწოლა და ადამიანების ბულინგი, რომლებსაც ახდენდნენ ე.წ. ბირჟებზე კონცენტრირებული, ვიღაც საეჭვო გარემოების ახალგაზრდები. ამის მეტი არაფერი თქმულა. მზია ამაღლობელს რაც შეეხება, კონკრეტული დანაშაულია ჩადენილი, რომლისთვისაც ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში საკმაოდ მკაცრი სასჯელია გათვალისწინებული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.