ევროკავშირისგან სანქციებს არ ველოდებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, მხოლოდ უნგრეთი არ დგას იმ პოზიციაზე, რომ საქართველოს მიმართ სანქციების დაწესება უსამართლოა და ასე სხვა ქვეყნებიც ფიქრობენ.
„თუ კონსესუსი არ იქნება, გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ. რეგლამენტის ცვლილებასაც უმრავლესობა და კონსესუსი სჭირდება. თუ დღეს საქართველოს მიმართ არის პოზიცია, რომ გადაწყვეტილების მიღება უმრავლესობით მოხდეს, ეს საკითხი ხვალ დღის წესრიგში სხვა ქვეყნის შემთხვევაში დადგება. ეს არ აწყობთ. უსამართლობას რომ თავი დავანებოთ, ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს. იტალია ფიქრობს, რომ მისთვის ევროკავშირის ეკონომიკური ურთიერთობები არ არის გასაზიარებელი, თუ ამერიკის ეკონომიკურ ინტერესს უპირისპირდება. ის თავის დამოკიდებულებას ცალკე განავითარებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისივე თქმით, არ შეიძლება, წინააღმდეგი იყო იმის, რომ გამჭვირვალეობა იყოს უზრუნველყოფილი და თავადაც ამაზე ალაპარაკდნენ.
„გარკვეული პრინციპებია, რამაც შეიძლება, ევროკავშირს სერიოზული დარტყმა მიაყენოს. თუ საქართველოს მიმართ უსამართლო გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს ჯაჭვური პრინციპით გაგრძელდება. ტექნიკურადაც ამის გაკეთება ძნელია, გარდა იმისა, რომ ეს უსამართლობაა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.