ე.წ. ოპოზიციის მიმართ ევროპარლამენტის მოწოდების უკან არ უნდა გამოვრიცხოთ ბნელი, კონსპირაციული გეგმა, რაც არ შეცვლილა პირველი რეზოლუციიდან, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიიღეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ამოცანა ისევ ერთია – საქართველოს უნდა მართავდეს მარიონეტული რეჟიმი, რასაც მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისთვის გამოიყენებ.
„ე.წ. ოპოზიციის შინაარსი არ შეცვლილა, როგორც აქამდე იყვნენ დანაშაულებრივი სისტემის მხარდამჭერები და შემქმნელები, ისეთივეებად დარჩნენ. ახლა იმაზეა საუბარი, რომელი გზა აირჩიონ, რათა პოლიტიკურ ზედაპირზეც დარჩნენ და პოლიტიკურ ცხოვრებაშიც, თუმცა, ამავე დროს, საკუთარ მიზანს მიაღწიონ. რასაკვირველია, ევროპარლამენტის დამოკიდებულება კონტექსტიდან არ უნდა ამოვიღოთ და ეს მოწოდება ნორმალური იქნებოდა, თუ ნორმალური ურთიერთიერთობა განვითარდებოდა ევროპარლამენტსა და საქართველოს შორის, მაგრამ ამის უკან სანქციების უტიფარი მოთხოვნაა და დამნაშავეების წამოწევა, როგორც დემოკრატიის ჩირაღდნების და შუქურების, „ნაცმოძრაობის“ გათეთრების მცდელობაა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ ნაწილი ხალხს სისხლისღვრისკენ და რეზოლუციების მიღებისკენ მოუწოდებს, მეორე ნაწილი – არჩევნებში შედეგს ხედავენ.
„მათი სცენარი ევროპარლამენტის რეზოლუციაში იკითხება. მნიშვნელობა არ აქვს, რას მოუწოდებენ, მნიშვნელობა აქვს, რა ხდება. ერთია, რასაც წერ, მეორეა, რასაც გულისხმობ. ამის უკან ბნელი, კონსპირაციული გეგმა არ უნდა გამორიცხო, რაც არ შეცვლილა პირველი რეზოლუციიდან, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიიღეს. ამოცანა ისევ ერთია, საქართველოს მარიონეტული რეჟიმი უნდა მართავდეს, რასაც მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისთვის გამოიყენებ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა შესწორებებით საქართველოს შესახებ ყოველწლიური ანგარიში დაამტკიცა, რომელშიც ნათქვამია, რომ „2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მედეგობის მორიგი გამოცდაა. შედეგად, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ქვეყნის ოპოზიციას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რათა ასახოს ქართველი ხალხის ერთიანობა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერაში, როგორც უკვე ნაჩვენები იყო ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით“.