საქართველოს შესახებ დონალდ ტუსკის განცხადება საკუთარი პრობლემების სხვა მიმართულებით გადატანის მცდელობაა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, მსგავს განცხადებას პოლონელები მხარს არ უჭერენ.
„პოლონეთში საკმაოდ რთული პოლიტიკური ვითარება დავინახეთ. მმართველ პარტიას სეიმში დეპუტატთა ის რაოდენობა არ გააჩნია, რომელიც პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს. ეს ურთულესი პრობლემაა, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში მმართველ პარტიას ექნება, თუ ის ისევ ხელისუფლებაში დარჩება. სეიმში მძიმე განხილვები იყო მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების თვალსაზრისით. ამ ფონზე და ასეთ ვითარებაში ტუსკის განცხადება იმ კონტექსტშია განსახილველი, რომ საკუთარი პრობლემები სხვა მიმართულებით გადაიტანოს. ეს არის ყურადღების გადატანის მცდელობა. არ მგონია, ასეთ განცხადებას პოლონელები მხარს უჭერდნენ, რადგან ბევრი მეგობარი გვყავს პოლონეთში. ვინც აქ ჩამოდის და სიტუაციას ნახულობს, კარგად გაერკვევა ვითარებაში და საკუთარ ქვეყანაში დადებით ინფორმაციას ჩაიტანს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
11 ივნისს, დონალდ ტუსკმა პოლონეთის პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის საკითხზე კენჭისყრამდე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მზად არის, ყველა ხელმისაწვდომი მეთოდი გამოიყენოს „საერთაშორისო სამართლის შესაცვლელად, რომ უკანონო მიგრაციის რისკი მინიმუმამდე შევამციროთ“. დონალდ ტუსკის თქმით, საჭიროა უმრავლესობა, რათა შეიზღუდოს ან შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა, მათ შორის, საქართველოსთან.