ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026

გია ვოლსკი – ბრიუსელსა და თბილისს შორის აზრთა სხვადასხვაობა არ ნიშნავს, ხალხს დაემუქრო, რომ სისხლისღვრა, სიბნელე და განვითარების პერსპექტივის არქონა გარდაუვალია

ბრიუსელსა და თბილისს შორის აზრთა სხვადასხვაობა თუ არსებობს, ეს არ ნიშნავს, ხალხს დაემუქრო, რომ სისხლისღვრა, ეკონომიკური ნგრევა, სიბნელე და განვითარების პერსპექტივის არქონა გარდაუვალია. ეს მუქარაა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ევროკავშირის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

ვოლსკის თქმით, ევროკავშირის ელჩის მუქარაზე ერთადერთი რეაგირება შეიძლება ყოფილიყო ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება.

„რასაკვირველია, ეს პოლიტიკური დემარშია, მაგრამ ამ დემარშს, არ შეიძლება, მოჰყვეს უშინაარსო საპასუხო განცხადება, მიზეზი კონკრეტულად უნდა ითქვას. რა მიზეზია საიმისოდ, მთელ ხალხს და საქართველოს რომ ჰპირდება, იქნება ბნელი პერიოდი, რომელიც უკან, 90-იან წლებში გაცილებით მძიმე ფორმებით დაგვაბრუნებს. თუმცა საკითხავია, 90-იანებში დაბრუნებას გულისხმობდა თუ 2012 წლამდე პერიოდს, როდესაც ადამიანების წამება და მოკვდინება ჩვეულებრივი ამბავი იყო და არც ჰერჩინსკის, არც მის წინამორბედს ამასთან დაკავშირებით განცხადება არასდროს გაუკეთებია. აქედან უნდა დავასკვნათ, რომ დაპირისპირება არ წარმოადგენს იმ რეალობის პასუხს, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი და რომელიც ყველაზე ავტორიტეტული სარეიტინგო კომპანიების მიერაა შეფასებული. საქართველო მოწინავეთა შორისაა და არ არსებობს არანაირი წინაპირობა, რომ აქ შავბნელი პერიოდი დადგება, ადამიანები ერთმანეთის სისხლს დაღვრიან. რაც უნდა თბილი სიტყვებით იყოს შეზავებული ეს განცხადება, აშკარა მუქარაა და ამ მუქარასთან დაკავშირებით ჰერჩინსკი საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული. ამის შემდეგაც ვერ მოვისმინეთ რაიმე არგუმენტირებული პასუხი, რომ, მაგალითად, უნდა დავფიქრდეთ, გვჭირდება თუ არა შავი ფულის შემოდინების პრევენცია, ჩვენს ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდა, ლმობიერები უნდა ვიყოთ თუ არა ადამიანებთან, რომლებიც ცეცხლს ხსნიან შუა ქუჩაში და სახელმწიფოს ყველაზე ბრუტალური ფორმებით ესხმიან, რაც ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ. ეს თუ ევროკავშირის მოთხოვნაა, ამასთან დაკავშირებით კიდევ დამატებითი კომენტარებია საჭირო. გამჭვირვალობაში ცუდი რა არის, რა არის ცუდი იმაში, რომ ჩვენ არ გვინდა, სამედიცინო ჩარევა მოხდეს სქესის შესაცვლელად ან დაშვებული იყოს ერთნაირსქესიანთა ქორწინება? რა არის ცუდი იმაში, რომ სახელმწიფო თავს იცავს მაშინ, როდესაც რევოლუცია დაფინანსებულია და ხშირ შემთხვევაში სწორედ ჰერჩინსკის წარმომადგენლობის მიერ? ეს არის ის, რის გამოც ჩვენ უნდა დავისაჯოთ და საქართველოში სისხლის გუბეები დადგეს? ჰერჩინსკიმ ამაზე უნდა გაგვცეს პასუხი და ამ მიმართულებით თქვენ შესაბამისი შეკითხვებიც უნდა დაუსვათ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ქართულმა მედიამ გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გამართულ ღონისძიებაზე გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც: „საქართველო გზაგასაყარზე დგას, საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“. ამასთან, ჰერჩინსკიმ აღნიშნა: „არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.

ამის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიზანშეწონილი იყო ელჩის დაბარება საგარეო საქმეთა სამინისტროში“.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა 24 აპრილს აღნიშნა, რომ დიპლომატიური უწყება რეაგირების გზებს გამოიყენებდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ავლაბრის რეზიდენციაში 27 აპრილს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, მაკა ბოჭორიშვილმა პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა ძირს უთხრის ნდობას და აზიანებს საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა ევროკავშირის წარმომადგენლობამაც.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტების შესწავლის პროცესი ინტენსიურად გაგრძელდება, რა წამს იქნება საკმარისი საფუძველი და ბაზა გადაწყვეტილების მიღებისთვის, არავინ დააყოვნებს

საჯაროდაც შემიძლია, ყველას ვუთხრა, რომ ვისაც ობიექტურად, გულწრფელად აქვს კითხვები, საკითხის რეალურად შესწავლის სურვილი და არა ემოციებით მანიპულირების, შემიძლია, შევხვდე სამინისტროში, პირადადაც მივაწოდოთ პასუხები ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, – ამის საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.სარჯველაძის თქმით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტების შესწავლის პროცესი აუცილებლად გაგრძელდება.„რა წამს იქნება საკმარისი საფუძველი და ბაზა გადაწყვეტილების მიღებისთვის, ამ გადაწყვეტილებას არავინ დააყოვნებს. ჩვენ გვსაყვედურობენ, როდესაც ამ ხელისუფლების პირობებში დაახლოებით ასჯერ გაიზარდა ონკოლოგიის ბიუჯეტი და ვინმე საუბრობს იმაზე, რომ ხელისუფლებას ადამიანების ჯანმრთელობაზე ფული ენანება? ეს არის მტკნარი ტყუილი. თითოეულ მედიკამენტზე გვჭირდება მუშაობის გაგრძელება, ინფორმაციის მოძიება ინტენსიურად. ეს უნდა გაგრძელდეს და ამას ვაკეთებთ უკანასკნელი დღეების განმავლობაშიც, კიდევ უფრო ადრეც, ვიდრე გარკვეულ სიმწვავეს შეიძენდა ეს პრობლემა, ვიდრე საზოგადოებისთვის თვალსაჩინო გახდებოდა. კომუნიკაცია გვაქვს ექსპერტებთან, სხვა სახელმწიფოების მარეგულირებლებთან. ვიკვლევთ ინტენსიურად და ამის კონკრეტული მტკიცებულებებიც არსებობს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ,,ბუპრენორფინი” აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული ნივთიერება ,,ბუპრენორფინი“ აღმოაჩინეს.მებაჟე ოფიცრის მიერ, შეჩერებული უცხო ქვეყნის მოქალაქის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დათვალიერების შედეგად, გამოვლენილი იქნა ყავისთვის განკუთვნილ ორ ჰერმეტულ შეფუთვად დაფასოებული, საერთო ჯამში 1 კილოგრამი ,,ბუპრენორფინის“ შემცველი აბები (2 500 აბზე მეტი).საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა  სამინისტროს გადაეცა.

ირაკლი კობახიძე – განსაკუთრებული მიღწევაა, რომ საქართველო სომხეთთან ერთად უმასპინძლებს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს, მადლობას ვუხდი სპორტის მინისტრს, ფეხბურთის ფედერაციას

განსაკუთრებული მიღწევაა, რომ საქართველო სომხეთთან ერთად უმასპინძლებს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ხელს შეუწყობს საქართველოს პრესტიჟის ამაღლებას, მათ შორის, სპორტული იმიჯის გაუმჯობესებას საერთაშორისო დონეზე.„საქართველოში სპორტის განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა ის, რომ ჩვენი ქვეყანა სულ უფრო ხშირად მასპინძლობს ძალიან პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირებს. სულ ცოტა ხნის წინ ვუმასპინძლეთ ევროპის ჩემპიონატს ძალოსნობაში, ძიუდოს ჩემპიონატს ვუმასპინძლებთ, მანამდე იყო ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი. ზამთრის სპორტის სახეობებში არაერთ პრესტიჟულ ტურნირს ვუმასპინძლეთ და ეს არის განსაკუთრებული მიღწევა, რომ საქართველო სომხეთთან ერთად უმასპინძლებს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პრესტიჟის ამაღლებას, მათ შორის, სპორტული იმიჯის გაუმჯობესებას საერთაშორისო დონეზე. უშუალოდ საქართველოში ეს ხელს შეუწყობს სპორტის განვითარებას, მასპინძლობა, მათ შორის, ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებს მისცემს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის შესაძლებლობას. ეს არის ყველა თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. მადლობა, მინდა, გადავუხადო ყველას, ვინც ამაში წვლილი შეიტანა, მათ შორის, სპორტის სამინისტროს, სპორტის მინისტრს და განსაკუთრებული მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, ბატონ ლევან კობიაშვილს. მათი განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე ეს შედეგი ვერ დადგებოდა და მადლობა მათ ამ ძალისხმევისა და წარმატებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციას რამდენჯერაც შეაქებს​ ჰერჩინსკი თუ სხვა ელჩი, იმდენი ხმა დააკლდებათ მოსახლეობისგან, საქართველომ დიდი ხანია, უარი თქვა სატელიტობაზე, ვასალობაში ვერავინ მიგვაბრუნებს

ოპოზიციას რამდენჯერაც  ჰერჩინსკი თუ სხვა ელჩი შეაქებს, იმდენი ხმა დააკლდებათ მოსახლეობისგან, ვინაიდან საქართველომ დიდი ხანია, უარი თქვა სატელიტობაზე, ვასალობაზე, ვასალობაში ვერავინ მიგვაბრუნებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ოპოზიციაში ჰგონიათ, რომ თუ რომელიმე ელჩი მათ „ტკბილ სიტყვას ეტყვის, ეს არის ხელისუფლებაში მოსვლის საწინდარი“.„ოპოზიციას ბრიუსელიდან და სხვა ქალაქებიდან, როგორც სტილი ჩამოყალიბებული აქვს სალონური საუბრები. მათ არ ესმით, რას ნიშნავს საქართველო, ქართველი ხალხი, მათთან ურთიერთობა. ფორმალობისთვის უნდა მოინიშნონ, რომ ჰქონდათ რაღაც შეხვედრა, შეატყობინონ მათ დამფინანსებლებს, თითქოს შეხვედრა ჰქონდათ. ამიტომაც არ უნდათ სხვების ყოფნა, რადგან მერე შესაბამისად შეძლონ გაბევრება შეხვედრაზე მყოფი ადამიანების. ეს არის რადიკალების სალონური შეხვედრები, რომლებიც მოწყვეტილები არიან ქართულ რეალობას და ჰგონიათ, რომ ჰერჩინსკი თუ ორ ტკბილ სიტყვას ეტყვის, ეს არის ხელისუფლებაში მოსვლის საწინდარი. არადა პირიქით არის, რამდენჯერაც მათ ჰერჩინსკი თუ სხვა ელჩი შეაქებს, იმდენი ხმა დააკლდებათ მოსახლეობისგან, ვინაიდან საქართველომ დიდი ხანია, უარი თქვა სატელიტობაზე, ვასალობაზე, როცა საბჭოთა კავშირი არა დაშლის შედეგად, არამედ ჩვენი გაცნობიერებული გადაწყვეტილებით დავტოვეთ. ვასალობაში ვერავინ მიგვაბრუნებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ირაკლი კობახიძე – ყველაფერს როდესაც უპირისპირდები, რაც დაკავშირებულია შენი ქვეყნის იდენტობასთან, მათ შორის დედაეკლესიასთან, იქ პოლიტიკურ წარმატებაზე ვერავითარი ამბიცია ვეღარ გექნება

რადიკალური ოპოზიციის ეს კონკრეტული წარმომადგენელი როდესაც ასეთი განცხადებებით გამოდის ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით, ესეც მიანიშნებს იმაზე, რომ ამ გაერთიანებას, რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არავითარი პერსპექტივა არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.კობახიძეს კითხვა დაუსვეს გიგი უგულავას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე, რომელშიც უგულავა წერს: „პატრიარქი მოკვდა, გაუმარჯოს ეგზარქოსს“.როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დედაეკლესიასთან დაპირისპირების ფონზე პოლიტიკურ წარმატებზე ამბიცია ვერ იქნება.„როდესაც რადიკალური ოპოზიციის ეს კონკრეტული წარმომადგენელი ასეთი განცხადებებით გამოდის ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით, ესეც მიანიშნებს იმაზე, რომ ამ გაერთიანებას, რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არავითარი პერსპექტივა არ აქვს. როდესაც უპირისპირდები ყველაფერს, რაც დაკავშირებულია შენი ქვეყნის იდენტობასთან, როცა უპირისპირდები მათ შორის შენს დედა ეკლესიას, იქ პოლიტიკურ წარმატებაზე ვერავითარი ამბიცია ვეღარ გექნება. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ამ ადამიანების და ამ კოლექტიური პოლიტიკური ძალის სახეს. ესენი არ იყვნენ მხოლოდ ერთეული პოლიტიკოსები, ეს იყო მთელი პარტიული სპექტრი, ეს იყო მედია და ენჯეოები. ყველა იყო ჩართული ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანიაში და ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა იმისათვის, რომ ეს კამპანია შეგვენელებინა და შეგვეჩერებინა. მთელი კონტრკამპანია დაგვჭირდა ამისათვის და საბოლოო ჯამში მივაღწიეთ მიზანს, მაგრამ ეს იყო ურთულესი ამოცანა. მათი უცხოელი მეგობრები კარნახობდნენ ასეთი კამპანიის წარმართვას. პარტიები, ენჯეოები, მედია საშუალებები, ყველა იყო ჩართული ამ უმძიმესი კამპანიის წარმოებაში, რომელიც ჩვენ შევაჩერეთ, ჩვენი კონტრკამპანიით. ახლა ცდილობენ, წამოიწყონ ახალი კამპანია, გამოდიან ასეთი განცხადებებით, ამასაც ვერ ექნება წარმატება. ჩვენი ეკლესია იქნება მტკიცე და ძლიერი, როგორც იყო აქამდე და იგივე შემიძლია ვთქვა ქართულ სახელმწიფოზე. როგორც არ უნდა სცადოს რადიკალურმა ოპოზიციამ, ქართული სახელმწიფო იქნება მტკიცე და ძლიერი მომავალშიც“, – განაცხადა კობახიძემ.

ბოლო სიახლეები