მინდა, ყურადღება გავამახვილო იმ რეფორმაზე, რომელიც ჩვენს პარტიას შესთავაზა პრეზიდენტმა სააკაშვილმა და რომლის მთავარი ამოცანა და მიზანი არის პარტიის ბევრად უფრო მეტად დაახლოება საზოგადოებასთან, ხალხთან, ჩვენს წევრებთან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა.
ბარამიძის თქმით, აღნიშნული რეფორმის მიზანია, რომ ყველას ჰქონდეს საშუალება, უშუალოდ ჩაერთოს პარტიის მიერ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
„„ნაციონალური მოძრაობა“, უკვე დიდი ხანია, ცდილობს, რომ სწორედ უშუალოდ საზოგადოებამ მიიღოს მონაწილეობა ასეთი საკითხების გადაწყვეტაში. ჩვენ ეს გავაკეთეთ, როდესაც ავირჩიეთ პარტიის თავმჯდომარე, მივიღეთ ამა თუ იმ პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, მაგალითად, პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით. ჩვენ საშუალება გვექნება, რომ ამ სისტემის გამოყენებით ჩვენმა საზოგადოებამ, პარტიის ხელმძღვანელობასთან ერთად, წელიწადში რამდენჯერმე მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი პარტიისთვის. ასევე, როდესაც ამის დრო დადგება და იქნება მეტ-ნაკლებად ნორმალური არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა, ჩვენმა წევრებმა პარტიული სიების დაკომპლექტებაში მონაწილეობა მიიღონ. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია „ნაცმოს“ მხრიდან იმისა, რომ მაგალითი ვაჩვენოთ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ აღმოსავლეთ ევროპაში, როგორი უნდა იყოს პარტია, უშუალოდ როგორ იმართებოდეს არა მარტო პარტიული წესდებით განსაზღვრული ხელმძღვანელობის მიერ, არამედ მისი ნამდვილი წევრებისგან. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, როგორი უნდა იყოს პარტია. ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს პასუხისმგებლობას, როგორც ისტორიულად ამ რეჟიმის მთავარი ოპონენტი ძალა“, – განაცხადა ბარამიძემ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გარკვეული წინადადებები 15 აპრილს გამოაქვეყნა: „კლასიკური პარტიიდან უნდა გარდავიქმნათ წინააღმდეგობის მოძრაობად, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვთავაზობ ძირითადი გადაწყვეტილებების მიღებას ელექტრონულად და კენჭისყრით“.