გერმანიის „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ კანცლერობის კანდიდატად მოქმედ კანცლერს, ოლაფ შოლცს წარადგენს.
ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ლარს კლინგბაილმა განაცხადა.
„ჩვენ გვინდა, მომავალი საარჩევნო კამპანია ოლაფ შოლცთან ერთად დავიწყოთ“, – განაცხადა მან.
მანამდე გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ხელმძღვანელობას აცნობა, რომ არ გეგმავს, კენჭი იყაროს კანცლერობის კანდიდატად.
პისტორიუსის თქმით, ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა. მინისტრმა თანაპარტიელებს შიდა უთანხმოებების დასრულებისკენ მოუწოდა.
„მე არასდროს დამიწყია ეს დისკუსია, არასდროს მსურდა და არასდროს შევსულვარ ამ საუბარში. ახლა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, დავასრულოთ ეს დისკუსია, რადგან სასწორზე ბევრი რამ დევს“, – განაცხადა პისტორიუსმა.
ბორის პისტორიუსმა ოლაფ შოლცს ძლიერი კანცლერი და კანცლერობის სწორი კანდიდატი უწოდა.
გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2025 წლის 23 თებერვალს უნდა გაიმართოს. მანამდე, 16 დეკემბერს ბუნდესტაგში კენჭი უნდა უყარონ მთავრობისადმი ნდობის საკითხს.
გერმანიის მთავრობაში კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 6 ნოემბერს კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გადაწყვიტა, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ფინანსთა მინისტრი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ქრისტიან ლინდნერი. ამის გამო მმართველი კოალიცია, რომელშიც „სოციალ-დემოკრატები“, „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ შედიოდნენ, ფაქტობრივად, დაიშალა.