გერმანიის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა პასუხები პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კითხვებზე, რომლებიც საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას და ამ პროცესში გერმანიის საელჩოს, აგრეთვე, გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მონაწილეობას შეეხებოდა.
ოფიციალურ ინფორმაციაში გერმანიის მთავრობა ასაჯაროებს თანხებს, რომლებიც მხარდამჭერი პროექტების ფარგლებში საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოიყო. კერძოდ: 2020 წელი – 360,164 ევრო; 2021 წელი – 401,368 ევრო; 2022 წელი – 297,899 ევრო; 2023 წელი – 517,937 ევრო; 2024 წელი – 831,914 ევრო; 2025 წელი – 150,580 ევრო.
ამასთან, ინფორმაციაში არ გვხვდება თანხის მიმღებ არასამთავრობოთა ჩამონათვალი.
„ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორი ორგანიზაციების საჯაროდ დასახელება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ მზარდი რეპრესიული კლიმატის ფონზე რისკს უქმნის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობას და ორგანიზაციებში მომუშავე პირებს. დაფინანსება ემყარება ნდობას, რომელიც მოიცავს სენსიტიური მონაცემების კონფიდენციალურად დამუშავებას. ნდობა თანამშრომლობის ფუნდამენტური წინაპირობაა და წინააღმდეგ შემთხვევაში შესაბამისი პროექტების განხორციელება დაზარალდებოდა“, – აღნიშნულია გერმანიის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ამასთან, ამავე ინფორმაციაში ნათქვამია, რომ „პარტნიორი ორგანიზაციების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება შეუძლებელია საქართველოში პარტნიორ ორგანიზაციებში მომუშავე პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის პოტენციური საფრთხის გამო“.
გერმანიის მთავრობის განმარტებით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მიზანია ერთობლივად შეთანხმებული პროექტის მიზნების მიღწევა.
კერძოდ, „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერით პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ჩართულობის გაძლიერება და ამით პლურალიზმის, დემოკრატიისა და სოციალური ერთიანობის გაძლიერება საქართველოში“.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გერმანიის საელჩო საქართველოში ჩართულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტების კოორდინაციაში – იღებს მონაწილეობას პროექტების დავალებისა და ანგარიშების მომზადებაში.
ამასთან, გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, 2020-დან 2025 წლის პერიოდში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მეშვეობით საქართველოში არანაირი მედია არ დაფინანსებულა.

