გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის განცხადება სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით:

„გვსურს გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში, გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას. ცილისწამების ახალი ფაზა ეხება ე.წ. დაზიანებებს თითქოს, ყრმა იესოს სახეზე ბზარი მძიმე ისტორიული წარსულის შედეგი კი არა,ახლად მიღებული დაზიანებაა. ეს არაპროფესიული და არაეთიკური ქმედებები ემსახურება გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის მიერ გელათის კომპლექსში მიმდინარე საკვლევ-საკონსერვაციო ქმედებების დისკრედიტაციას.
▪ სამწუხაროა, რომ ამგვარი დეზინფორმაციის გავრცელებაში მონაწილეობას იღებენ კულტურული მემკვიდრეობის სფეროში გათვითცნობიერებული პირებიც, რომელთაც უნდა იცოდნენ, რომ გელათის მოზაიკური კომპოზიცია მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 80-იან წლებშიც, რასაც დიდწილად განაპირობებდა მონასტრის სიახლოვეს მიმდინარე კარიერული აფეთქებები. აღნიშნული მძიმე გარემოებიდან გამომდინარე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და გამოჩენილმა ქართველმა კონსერვატორმა, აწ განსვენებულმა კარლო ბაკურაძემ, მოზაიკური კომპოზიციის გადასარჩენად ფასდაუდებელი საკონსერვაციო პროექტი განახორციელა. ბატონმა კარლომ მოახდინა 85% საფუძველს მოცილებული მოზაიკური კომპოზიციის ფიქსაცია და გამაგრება. სწორედ ამ საკონსერვაციო პროექტის განხორციელების შემდეგ, 1991 წელს, მოხდა ფოტო-გადაღება და აღნიშნული მასალა დღესდღეობით ინახება გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის არქივში.
▪ ფართო საზოგადოებას გვინდა გავაცნოთ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოების ანალოგი, რომელიც 1991 წელს არის გადაღებული და რომელიც გამოთხოვილ იქნა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის არქივიდან: იხილეთ შედარებითი ვიზუალიზაცია:
▪ აღნიშნული მასალა ცხადად აჩვენებს, რომ არსებული დაზიანებები მაშინაც აღენიშნებოდა მოზაიკას და ამის დაბრალება დღეს მიმდინარე პროცესზე ან ამორალურობაა ან სრული უმეცრება!
▪ დეზინფორმაციის გამავრცელებლებს გვსურს ასევე შევახსენოთ, რომ მე-20 საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის სფეროს მესვეურთა მხრიდან, ათწლეულების განმავლობაში, არ დამდგარა საკითხი მოზაიკური კომპოზიციის მდგომარეობის შეფასებისა და შემდგომი კვლევისა, ვიდრე, გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის მიერ არ იქნა მოწვეული მოზაიკის კონსერვაციის მიმართულებით მსოფლიოში წამყვანი სპეციალისტი – პროფესორი რობერტო ნარდი. მისი დიდი ძალისხმევითა და უაღრესად ფრთხილი მიდგომით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოზაიკის მდგომარეობისა და მასალების სპეციფიკაციის კვლევა, რათა ზუსტად და უსაფრთხოდ დაიგეგმოს მომავალი საკონსერვაციო მიდგომები და მეთოდოლოგია“.