ორშაბათი, ივლისი 13, 2026

გარემოს ეროვნული სააგენტო თელავში სტიქიის პირველად შეფასებას აქვეყნებს

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო თელავში სტიქიის პირველად შეფასებას აქვეყნებს.

როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, 12 ივლისს, გამთენიისას, ქ. თელავში მოსული უხვი ნალექის შედეგად მდინარე თელავის ხევმა კალაპოტი გაარღვია და ღვარცოფულმა ნაკადმა ქალაქის რამდენიმე ქუჩა დატბორა.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიური სადგურების მიხედვით, ნალექების რაოდენობამ თელავის სადგურზე 57.3 მმ შეადგინა, რაც თელავისთის თვის ნორმის 85 პროცენტს შეადგენს, ხოლო იყალთოს სადგურზე 40.1 მმ.

თელავში არსებული მდგომარეობის შესაფასებლად დილიდან ადგილზე იმყოფებოდნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებისა და ჰიდროლოგების ჯგუფი.

პირველადი შეფასებით, თელავის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია.

მყარი ნატანისა და წყლის კრიტიკული მასის ერთობლიობამ მძლავრი ღვარცოფული ნაკადი ჩამოაყალიბა. მდინარის შუა წელში განთავსებულმა სამმა ღვარცოფდამჭერმა (ე.წ. ხერხეულიძის ღვარცოფდამჭერი) ნაგებობამ ნაწილობრივ უზრუნველყო ნაკადის ფილტრაცია: პირველმა თითქმის სრულად შეაკავა მსხვილი ხე-ტყის მასალა, მეორემ – მცირე რაოდენობის ხე-ტყის ნატანი, ხოლო მესამემ – ქვა-ღორღოვანი ფრაქცია. მიუხედავად ამისა, ნაკადის დიდმა მოცულობამ და ენერგიამ სამივე ნაგებობას მარცხენა მხრიდან გვერდი აუარა, დროებით კალაპოტად გამოიყენა ძველი გრუნტის გზა, დააზიანა ნაპირდამცავი ნაგებობები და გზის ცალკეულ მონაკვეთებზე გამოიწვია საფარის დეფორმაცია.

ქალაქის ტერიტორიაზე, მდინარის კალაპოტმა ვერ უზრუნველყო ღვარცოფული ნაკადის სრული გატარება და გადავიდა მიმდებარე ტერიტორიაზე. ღვარცოფული მასის ძირითადი აკუმულირება თელავის ქვედა ნაწილში, ცალკეული ინფრასტრუქტურული ობიექტების მიმდებარედ დაფიქსირდა“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და აგრძელებენ სტიქიის ზონის დეტალურ შესწავლას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი გადაცემაში "კოტcast" საუბრობს, რატომ შეიძლება, ყინული ეპიდაფეთქების წყარო გახდეს და რატომ ჯობს, ზაფხულში დიდი ხნით ადრე მომზადებულ სალათებს მოვერიდოთ:- ყინული ეპიდემიოლოგიური აფეთქებების ერთ-ერთი ხშირი წყაროა. ამიტომ, ჯობია ყინულს მოვერიდოთ. მაგალითად, როდესაც სასმელს ვუკვეთთ ან ვყიდულობთ, უმჯობესია, მაცივრიდან გამოღებული მთლიანი ბოთლი ან რკინის ჭურჭელი შევარჩიოთ, რადგან არავინ იცის, თუ რა წყლისგან არის ეს ყინული დამზადებული. ყინულთან ასოცირებული ეპიდემიოლოგიური აფეთქებები კი ძალიან ბევრი და ხშირია. ​გარდა ამისა, კიდევ ერთხელ შევეხოთ სალათებს და ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ზაფხულში, რესტორნებშიც კი, აჯობებს, ჯანსაღი კვება დროებით გვერდზე გადავდოთ და უპირატესობა ახლად მომზადებულ კერძებს მივანიჭოთ. აჯობებს, საკვები მაღალ ტემპერატურაზე იყოს მომზადებული, ვიდრე სალათები მივირთვათ, რადგან სალათები ხშირად ინფექციების გავრცელების განსაკუთრებული წყაროა. ასე რომ, ეს ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორია.

მარიამ ქვრივიშვილი – სახელმწიფო თავად განავითარებს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, შექმნის იმ ეკოსისტემას, რომელიც გააერთიანებს არაერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ინტერესებს

ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს ტრადიციულად ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში და სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომდევნო წლების განმავლობაში შვიდ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ამ სექტორში, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აღნიშნული ინვესტიციების ფარგლებში აშენდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, მაგისტრალური გზები, ახალი საერთაშორისო აეროპორტი და საქართველოს მთავრობა ასევე განაგრძობს ინვესტიციას საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციაში.ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე საუბრისას მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ის „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება და მისი მფლობელი სახელმწიფო იქნება.„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი ჩვენი ქვეყნისთვის. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ჩვენი ქვეყნისთვის – სტრატეგიული ობიექტის მფლობელი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შემთხვევაში იქნება სახელმწიფო. სახელმწიფო თავად განავითარებს პორტს, შექმნის იმ ეკოსისტემას, რომელიც გააერთიანებს არაერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ძალიან დიდი დაინტერესება არის ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში ოპერირებასთან დაკავშირებით ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, ჩინეთიდან, საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან – მათ შორის აზერბაიჯანიდან, ასევე დასავლური კომპანიებიდან.„ჩვენს ქვეყანას ექნება შესაძლებლობა, რომ ძალიან სწორი პოლიტიკით, ძალიან სწორი მიდგომით აირჩიოს ის პარტნიორები, რომლებთან ერთადაც უკვე ოპერირების განსხვავებული მოდელით, ქართული მფლობელობით, მაგრამ საერთაშორისო თანამშრომლობით უზრუნველყოფს ტვირთნაკადების მოზიდვას და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განსაკუთრებულ წარმატებას“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ცნობილია, რამდენ დოლარს მიიღებენ RAF-ში გამარჯვებული ქართველი მოჭიდავეები

ცნობილი გახდა, რა ოდენობის ფულად ჯილდოს მიიღებენ ქართველი მოჭიდავეები, რომლებმაც RAF-ის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვეს.ორგანიზატორების ინფორმაციით, თითოეული გამარჯვებული სპორტსმენი 100 000 აშშ დოლარით დაჯილდოვდება, ხოლო გამარჯვებულებს 200 000 გადაეცემათ.ტურნირზე გამარჯვება მერაბ დვალიშვილმა, გენო პეტრიაშვილმა, გივი მაჭარაშვილმა და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოიპოვეს.რაც შეეხება კიდევ ერთ ქართველ მონაწილეს, ვლადიმერ გამყრელიძე საჩემპიონო შეხვედრაში ამერიკელ კაილ დეიკთან 0:2 დამარცხდა.

„სრულიად საქართველოს ეხება!“ – ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება

ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება, რომელიც 6 ივლისით თარიღდება.„იყავით ფრთხილად ზღვისპირა ქალაქებში და არამარტო... შოვის მსგავსი საკითხების წინაშე დავდგებით! გაუფრთხილდით ერთმანეთს. ძალიან დიდი ნგრევები წყლის სახით, მცოცავი მიწა! სახლებს მიხედეთ. სრულიად საქართველოს ეხება! ძალიან ბევრი აღმოსავლეთით და დასავლეთში,“ - წერს ეზოტერიკოსი.

შსს-ს მომსახურების სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

თელავში განვითარებული სტიქიური მოვლენებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო, 13 ივლისს თელავში პრაქტიკული გამოცდის­ როგორც პირველი ეტაპი (მოედანი), ისე მეორე ეტაპი (ქალაქი) არ ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.მათივე ცნობით, მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები მძღოლობის კანდიდატებს ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან და გამოცდის ახალ თარიღს შეუთანხმებენ.„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ ქალაქ თელავში განვითარებული სტიქიური მოვლენებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო, 13 ივლისს ქალაქ თელავში პრაქტიკული გამოცდის როგორც პირველი ეტაპი (მოედანი), ისე მეორე ეტაპი (ქალაქი) არ ჩატარდება.მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები მძღოლობის კანდიდატებს ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან და გამოცდის ახალ თარიღს შეუთანხმებენ.პრაქტიკული გამოცდის განახლებისა და სააგენტოს სხვა მომსახურებებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით ვაცნობებთ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები