ორშაბათი, მარტი 30, 2026

გარემოს დაცვის კომიტეტში ნენსკრაჰესის მშენებლობაზე სხვადასხვა მოსაზრება აქვთ

მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით გარემოს დაცვის კომიტეტში განსხვავებული შეფასებებია. ინფორმაციას გამოცემა “კომერსანტი” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ღირს თუ არა 280 მეგავატის სანაცვლოდ, 200 ჰექტარი ბიომრავალფეროვანი ტყის გაჩეხვა, კომიტეტის თავმჯდომარის კახა კუჭავა პასუხობს, რომ არცერთი ჰიდრო თუ სხვა მასშტაბური პროექტი გარემოს დაზიანების ხარჯზე არ უნდა განხორციელდეს.

„სოციალური საკითხებისა და სტრატეგიულობის გათვალისიწინება აუცილებელია, ამის შემდეგ კი აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ღირს თუ არა პროექტის დაწყება, რაც მოხდა კიდეც ნენსკრას შემთხვევაში.  აქვე აღვნიშნავ,  რომ არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ უნდა ხორციელდებოდეს გარემოს დაზიანების ხარჯზე“,- ამბობს კუჭავა

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი კომპონენტია სავალდებულო აღდგენითი ღონისძიებები და რეაბილიტაცია.

საკითხთან დაკავშრებით განსხვავებული მოსაზრება აქვს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ზაზა ხუციშვილს. მისი თქმით, ყოველდღიურად იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება, ამიტომ გარკვეულ დათმობაზე წასვლა საჭიროა.

ხუციშვილის თქმით, ნენსკრასთან დაკავშირებით დეტალურად არ ფლობს ინფორმაციას, თუმცა  მიღებულია ძალიან მკაცრი  კანონი გარემოზე ზემოქმედების შეფასების კუთხით და სწორედ მის ფარგლებში  ხდება გადაწყვეტილების მიღებაც.

„რაც შეეხება ნენკსრას, წარმოიდგინეთ, რომ  არ გვქონდეს ენგურჰესი, რომელმაც ისედაც დიდი ტერიტორია დატბორა, რა მოხდებოდა. ისედაც ცოტაა ენერგომატარებლები, არ გვაქვს არც გაზი და არც საწვავი (დიზელი და ბენზინი), ხოლო ელექტროენერგის თვალსაზრისით კი ისედაც ყიდვა-გაყიდვის რეჟიმში ვართ, ამიტომ მცირე და საშუალო ჰესების ათვისება არის ძალიან მნიშვნელოვანი“,- აღნიშნავს ზაზა ხუციშვილი.

ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) “ნენსკრაჰესის” დაფინანსება თებერვლის დასაწყისში დაამტკიცა საქართველოში დაგეგმილი პროექტისთვის 127 მილიონი ევროს სესხის გამოყოფა იგეგმება.

„ნენსკრაჰესის“ დაფინანსების გადაწყვეტილება უკვე მიიღო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა. EBRD მშენებლობას 214 მილიონი დოლარით დააფინანსებს, 15 მილიონი დოლარის ინვესტიციას კი კომპანია „ნენსკრა ჰიდროს“ კაპიტალში ჩადებს.

დაფინანსების მოძიება კიდევ რამდენიმე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტიდან, მათ შორის აზიის განვითარების ბანკიდან და კორეის განვითარების ბანკიდან იგეგმება. 280-მეგავატიანი ჰესის მშენებლობის მთლიანი ღირებულება მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.

2017 წლის 29 ნოემბერს თბილისში გამართული აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, ნენკრაჰესის გენერალური დირექტორის მოადგილემ ტაეკვონ სიომ ფორუმის მონაწილეებს პროექტის შესახებ ინფორმაცია გააცნო. მისი თქმით, 2018 წელს პროექტის ფინანსური სამუშაოები დასრულდება, ჰესის ნაწილობრივი გენერირება 2021 წელს დაიწყება, ხოლო სრული ამოქმედება – 2023 წელს იგეგმება. ამასთან, ტაეკვონ სიომ თქვა, რომ 3000-ზე მეტი მუშახელი დასაქმდება.

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა კი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ რამდენიმე აქცია უკვე გამართეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რომის პაპი – იესო ქრისტე არ უსმენს მათ ლოცვებს, ვინც ომებს აწარმოებენ

იესო ქრისტე არ უსმენს მათ ლოცვებს, ვინც ომებს აწარმოებენ, არამედ უარყოფს მათ, – ამის შესახებ რომის პაპმა, ლეო XIV-მ განაცხადა.კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელის თქმით, იესო ქრისტე უარყოფს ომს და ამბობს: „ბევრი ლოცვის შემთხვევაშიც კი მე არ მოგისმენთ თქვენ, თქვენი ხელები სისხლით არის დაფარული“.რომის პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ადამიანებს მიმართა: „ძმებო და დებო, ეს არის ჩვენი ღმერთი: იესო, მშვიდობის მეფე, რომელიც უარყოფს ომს, რომელსაც ვერავინ გამოიყენებს ომის გასამართლებლად“.„როიტერის“ თანახმად, რომის პაპს, ლეო XIV-ს კონკრეტულად მსოფლიოს არცერთი ლიდერი არ დაუსახელებია, თუმცა ბოლო კვირების განმავლობაში მან ირანის ომის მიმართ კრიტიკა გააძლიერა.

საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვა გიორგი მიქაუტაძის დუბლით დაამარცხა და ისტორიული მე-100 მატჩი მოიგო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კაუნასში ლიეტუვასთან გამართულ ამხანაგურ მატჩში გიორგი მიქაუტაძის დუბლით 2:0 გაიმარჯვა. ეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისთვის ისტორიაში მე-100 მოგება იყო.ისრაელთან მატჩის შემდეგ ვილი სანიოლმა შემადგენლობაში ოთხი ცვლილება განახორციელა – მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე ლუკა ლოჩოშვილის ნაცვლად ლაშა დვალი გამოჩნდა, მარცხენა ფლანგზე გიორგი წიტაიშვილი ირაკლი აზაროვმა შეცვალა, ხოლო ტრავმირებული ოთარ კიტეიშვილისა და ნიკა გაგნიძის ნაცვლად ნახევარდაცვაში გიორგი ჩაკვეტაძე და ზურიკო დავითაშვილი გავიდნენ მოედანზე.პირველ ტაიმში ყველაზე რეალური მომენტი 31-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ შექმნა – „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა საჯარიმო სახიფათოდ შეასრულა და მასპინძლები ძელმა გადაარჩინა.მეორე ტაიმში ლიეტუველები გააქტიურდნენ და გიორგი მამარდაშვილმა ორჯერ იხსნა საქართველოს ნაკრები – პირველად ბალტიისპირელთა კაპიტნის, იუსტას ლასიცკასის სახიფათო დარტყმის შემდეგ, ხოლო მეორედ მწვავე ფლანგური გადაცემა ჩაჭრა.საქართველოს ნაკრებმა პირველი გოლი 71-ე წუთზე გაიტანა. გიორგი მიქაუტაძემ თავისივე მოპოვებული პენალტი ზუსტად დაარტყა. 84-ე წუთზე კი ნიკა გაგნიძის გადაცემით დუბლი შეასრულა და 23 გოლით ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირების სიაში ხვიჩა კვარაცხელიას გადაასწრო, შოთა არველაძეს კი მხოლოდ 3 გოლით ჩამორჩება.საქართველოს ნაკრებმა ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, შემდეგ შეხვედრას კი ვილი სანიოლის გუნდი 2 ივნისს რუმინეთთან თბილისში გამართავს.

მეუფე შიო მუჯირი – ღმერთმა დაგვანახა ილია მეორის პიროვნების მნიშვნელობა და სიდიადე, საქართველოში ამ დღეებში რაც ვიხილეთ, ამას არ შეიძლება, ეწოდოს სხვა რამ, თუ...

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა, რის შემდეგაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდა.მეუფე შიოს თქმით, ამ დღეებში ღმერთმა დაგვანახა ილია მეორის პიროვნების მნიშვნელობა და სიდიადე.„დღეს ვევედროთ წმინდა ღირს დედა მარიამ ეგვიპტელს, რომ მისი მაგალითის შემხედვარეებმა მივბაძოთ და შევძლოთ, ვუპასუხოთ ეკლესიის ამ დიდებულ მოწოდებას, რაც არის ჩვენი დანიშნულება და არ დავთმოთ არაფერი ჩვენს რწმენაში, სიკეთის რწმენაში, ჩვენს რწმენაში ღვთისადმი და რწმენაში ადამიანისადმი. აი, ამის მაგალითი კი გახლავთ ჩვენი დიდი კათოლიკოს-პატრიარქი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი აღმსარებელი ხელაია, რომელიც ამ წმინდა ტაძარში არის დასვენებული, განისვენებს, რომელმაც აღმსარებლობის ღვაწლით დაამტკიცა თავისი ერთგულება ღვთისადმი, სამშობლოსადმი და ადამიანისადმი. შეგვეწიოს ასევე მისი მადლი, მისი ლოცვა. და დღეს ისევ და ისევ ვიხსენებთ მის უწმინდესობას და უნეტარესობას, ჩვენს ძვირფას კათოლიკოს-პატრიარქს, წინამძღოლს, ილია მეორეს, რომლის სულის მოსახსენებლადაც ჩვენ ახლა გადავიხადეთ პანაშვიდი. ისიც გახლავთ დიდი მემკვიდრე ამ ჩვენი დიდი წინაპრების, პატრიარქების, რომლებმაც ჩვენამდე მოიტანეს მთავარი ღირებულებები, მთავარი საუნჯეები, რაც უფლისგან გვაქვს მოცემული. ამ დღეებში ღმერთმა დაგვანახა ჩვენ მისი პიროვნების მნიშვნელობა და სიდიადე, რომ არ ვცდებოდით მრავალი ჩვენგანი, როდესაც ვამბობდით და ხაზს ვუსვამდით, რომ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ღვაწლი არის ჭეშმარიტად სამოციქულო. ის, რაც ამ დღეებში ჩვენ ვიხილეთ საქართველოში, ამას არ შეიძლება ეწოდოს სხვა რამ, თუ არა სამოციქულო მსახურების და ღვაწლის გამოვლინება. და უფალმა მოახდინა ეს საოცრება, სასწაული მისი ხელით, აღძრა მთელი საქართველოს, ჩვენი, ყველას გულები მისთვის მადლობის სათქმელად და მწუხარების გამოსახატავად“, – განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.

ვოლოდიმირ ზელენსკი – ყველა იმეორებს, რომ უკრაინა ომს ვერ მოიგებს, რადგან რუსეთი ბირთვული ძალაა, მითხარით, უსაფრთხოების რა გარანტიები გვჭირდება ბირთვული ძალის დასაბალანსებლად?

ყველა იმეორებს, რომ უკრაინა ამ ომს ვერ მოიგებს, რადგან რუსეთი ბირთვული ძალაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.ზელენსკის თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საჭიროებების საკითხი ჯერჯერობით არავის დაუყენებია.„ყველა იმეორებს, რომ უკრაინა ამ ომს ვერ მოიგებს, რადგან რუსეთი ბირთვული ძალაა. მაშინ მითხარით, რა უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება უკრაინას ბირთვული ძალის დასაბალანსებლად? რომელი? არის ეს ნატო? არის ეს ბირთვული არმია? თუ ასეა, მაშინ ამაზე ასე უნდა ვისაუბროთ – ჩვენ გაძლევთ ნატო-ს და ბირთვულ იარაღს, მაგრამ ეს საკითხი ჯერჯერობით არავის დაუყენებია“, – განაცხადა ზელენსკიმ Le Monde-სთან ინტერვიუში.მისივე თქმით, ყველაზე შეურაცხმყოფელი არის ის, რომ რუსეთს ზეწოლით არავინ ესაუბრება.„იცით, რა არის შეურაცხმყოფელი ამ ყველაფერში? არავინ ესაუბრება რუსეთს ასე: „ცოტა უკან უნდა დაიხიო, კომპრომისზე წახვიდე, დანებდე. დაასრულე ეს ომი, რადგან ეს სიცოცხლეებს წირავს“. ასე არავინ საუბრობს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, თუ აშშ-ს ომის სწრაფი დასრულება ნამდვილად სურს, ეს არა უკრაინაზე ზეწოლით, არამედ რუსეთზე ზეწოლით მიიღწევა.

ვინ არის ქალი, რომელიც პატრიარქს მუხლებზე დაჩოქილი დაემშვიდობა

სოციალურ ქსელში პატრიარქთან გამომშვიდობების ამსახველი ბევრი ემოციური ფოტო გავრცელდა. მათ შორის იყო მოხუცი ქალბატონის ფოტო, რომელიც მუხლებზე დაჩოქილი ემშვიდობება ილია მეორეს.ფოტოზე გამოსახული ქალბატონი სულიკო ღვინჯილია, ის 86 წლისა და როგორც „ამბები გე-ს“ უყვება, პატრიარქ ილია მეორე-ს პირადად იცნობდა და ხშირად ესწრებოდა წირვებს. ქალბატონი ეკლესიის მრევლია ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან და შვილებსაც ამ სარწმუნოებით ზრდიდა.მის ცხოვრებაში დიდი ტრაგედია მოხდა — კოვიდის შედეგად ერთდროულად დაკარგა მეუღლე და 43 წლის ვაჟი.როგორც სულიკო ღვინჯილია ამბობს, ტაძარში შესვლა ვერ შეძლო, ამიტომ გარეთ, სამხედროებთან იდგა და როცა პატრიარქის ცხედარი გამოასვენეს, დაჩოქილი დაემშვიდობა.

ბოლო სიახლეები