გაერო-ში ირანის მისია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის არმადა ირანისკენ მიემართება.
მისიაში აცხადებენ, რომ აშშ-ს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში შეჭრა ძვირი დაუჯდა და შტატებს დიალოგისკენ მოუწოდებენ.
„ბოლოს, როდესაც აშშ-მა ავღანეთსა და ერაყში ომების დაწყებით შეცდომა დაუშვა, მან შვიდ ტრილიონ დოლარზე მეტი გაფლანგა და 7000-ზე მეტი ამერიკელის სიცოცხლე დაკარგა. ირანი მზადაა ურთიერთპატივისცემისა და ინტერესების საფუძველზე დიალოგისთვის, მაგრამ თუ იძულება იქნება, ის თავს დაიცავს და ისე უპასუხებს, როგორც არასდროს!“ – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ირანი სწრაფად „მივა მოლაპარაკების მაგიდასთან“ და სამართლიან და თანასწორ შეთანხმებას გააფორმებს, რისი დროც იწურება.
„უზარმაზარი არმადა ირანისკენ მიემართება. ის მოძრაობს სწრაფად, უდიდესი ძალით, ენთუზიაზმითა და მიზანდასახულად. ესაა უფრო მსხვილი ფლოტი, ვიდრე ის, რაც ვენესუელისკენ გაიგზავნა, უდიდესი ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნით“ სათავეში“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.

