კვირა, მარტი 8, 2026

გადაწყდა – საქართველო რვა ერში ითამაშებს

საქართველოს რაგბის კავშირმა გამოაქვეყნა მეტად სასიამოვნო ინფორმაცია – ოფიციალურად დადასტურდა, რომ ნოემბერში საქართველოს ნაკრები 8 ერის გათამაშებაში ჩაერთვება:

„სიხარულით გვინდა ვაუწყოთ ქართული რაგბისა და სპორტის მოყვარულებს, ფართო საზოგადოებას – დატვირთული მოლაპარაკებების შედეგად საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჩვენი მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გუნდი წელს ნოემბრის მეორე ნახევრიდან მონაწილეობას მიიღებს „შემოდგომის ერთა თასი 2020“-ის გათამაშებაში, სადაც პატივი ექნება ეთამაშოს მსოფლიო რაგბის ისეთ გრანდებს, როგორიცაა ინგლისი, ირლანდია, უელსი და სხვ.

მაშინ, როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამო, რომელმაც უამრავი პრობლემა შეუქმნა მთელ მსოფლიოს, მათ შორის სპორტს და, კერძოდ, რაგბის, გაუქმებულია თითქმის ყველა საერთაშორისო ტურნირი და ტესტ-მატჩი, ქვეყნების უმრავლესობაში შიდა ჩემპიონატებიც კი ვერ დაუწყიათ, ამ დონის ტურნირზე მიწვევა ქართული რაგბისთვის უდაოდ დიდი აღიარებაა. დღეს ასრულდა ქართული სარაგბო თემის მრავალი თაობის და გულშემატკივრების ოცნება, დაფასდა ყველა თაობის მოთამაშეების, მწვრთნელების და სპეციალისტების თავდაუზოგავი შრომა და თავდადება.

ამ ტურნირში მონაწილეობის შანსი საქართველოს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც იაპონიამ კორონავირუსთან დაკავშირებული პრობლემების გამო უარი თქვა ევროპაში ჩამოსვლაზე. გაჩენილ ვაკანსიაზე „6 ერის“ მესვეურებს საკმაო არჩევანი ჰქონდათ. გავიხსენოთ თუნდაც ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციები. საბედნიეროდ, საბოლოო არჩევანი საქართველოზე გაკეთდა, რისთვისაც „6 ერს“ ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ. მადლობა ეკუთვნის „მსოფლიო რაგბისაც“ საქართველოს მხარდაჭერისთვის. სიტყვამ მოიტანა და გვინდა ავღნიშნოთ, რომ „მსოფლიო რაგბის“ არაერთ ფორუმზე გაჟღერებულა, რომ საქართველოს რაგბის კავშირის, მთავრობის, კერძო სექტორის და „მსოფლიო რაგბის“ თანამშრომლობა შეიძლება განვიხილოთ როგორც ცალკე აღებულ ქვეყანაში რაგბის წარმატებული განვითარების ერთერთი საუკეთესო მაგალითი. ამ ჯერზეც ასე მოხდა. საქართველოს რაგბის კავშირი „6 ერთან“ მოლაპარაკებებს მთავრობასთან მჭიდრო კოორდინაციით აწარმოებდა, რაშიც „მსოფლიო რაგბი“ გვეხმარებოდა. რასაკვირველია, გადამწყვეტი „6 ერის“ სიტყვა იყო და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ სრულფასოვანი მოსამზადებელი პერიოდისა და სათამაშო პრაქტიკის არქონის პირობებში, ძალიან რთული იქნება მსოფლიოს გრანდებთან პაექრობა და მაღალი ხარისხის თამაშის ჩვენება. თუმცა, ერთ რამეზე ყველა ვთანხმდებით – ჩვენი საამაყო ბორჯღალოსნები მოედანზე ყოველთვის საბრძოლველად გადიან და თავი არასოდეს არ დაუზოგავთ. ეჭვი არ გვეპარება, რომ ახლაც ასე იქნება.

ასეთ ტურნირში მონაწილეობა თავისთავად უდიდესი პატივი და ქართული რაგბის აღიარებაა. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მოგვცემს შანსს მივუახლოვდეთ „6 ერს“ და ერთ დღეს შევუერთდეთ მსოფლიოში ამ ერთერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს. ამ შეჯიბრში მონაწილეობით, მივიღებთ ფასდაუდებელ გამოცდილებას, როგორც სპორტული, ასევე სატურნირო მენეჯმენტის თვალსაზრისით. „შემოდგომის ერთა თასი 2020“ უამრავ ბავშვს მოიყვანს საქართველოში სარაგბო მოედნებზე და სერიოზულ ზეგავლენას იქონიებს ჩვენს ქვეყანაში რაგბის განვითარებაზე მომავალში.

დასასრულს გვინდა ქართული რაგბისთვის ამ ღირსშესანიშნავ დღეს გამოვხატოთ ჩვენი დიდი მადლიერება ყველა იმ ორგანიზაციისა თუ პიროვნების მიმართ, ვინც შეძლებისდაგვარად, ფინანსურად თუ სხვა ფორმით, გვერდში ედგა ქართულ რაგბის. წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის მზარდი ფინანსური დახმარების გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა სპორტის ჩვენი საახეობის წარმატებები, რისთვისაც გულწრფელ მადლობას ვიხდით. ცალკე აღნიშნვის ღირსია საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და მისი დამფუძნებლის ბატონი ბიძინა ივანიშვილის ღვაწლი ქართული რაგბის განვითარებასა და წინსვლაში. მისი მრავალმილიონიანი ინვესტიციები სარაგბო ინფრასტრუქტურასა და სხვა მრავალ პროექტში მსოფლიოს მასშტაბით აღმოჩნდა უნიკალური, რაც შეუმჩნეველი არც „მსოფლიო რაგბისთვის“ დარჩენილა და 2014 წელს, ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე, ბატონ ბიძინას გადაეცა სპეციალური პრიზი რაგბის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. რასაკვირველია, განსაკუთრებული მადლობა ჩვენს საყვარელ გულშემატკივრებს გვერდში დგომისთვის, ერთგულებისა და მოთმინებისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებას ვუსურვებთ ქართულ რაგბის.“

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ბორჯღალოსნები“ დღეს რუმინეთს დაუპირისპირდებიან

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.რაგბი ევროპის ნახევარფინალური მატჩი ავჭალის სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება. მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია.პირდაპირი რეპორტაჟი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაიცემა.

ჯანდაცვის მინისტრმა აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძეს 8 მარტი და მოახლოებული 100 წლის იუბილე მიულოცა

ჯანდაცვის მინისტრმა ღვაწლმოსილ, დამსახურებულ მეცნიერს, აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძეს 8 მარტი და მოახლოებული 100 წლის იუბილე მიულოცა. მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა ეთერ ქემერტელიძის გამორჩეულ მეცნიერულ ღვაწლს და საქართველოში ფარმაკოქიმიის განვითარების საქმეში მის დიდ დამსახურებას. აღინიშნა, რომ აკადემიკოსის მრავალწლიანი სამეცნიერო საქმიანობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული მეცნიერებისა და მედიცინის განვითარებაში.ეთერ ქემერტელიძე მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და კვლევის ავტორია. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მცენარეული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კვლევის განვითარებაში და საქართველოში ამ სამეცნიერო მიმართულების დამკვიდრებაში. ეთერ ქემერტელიძე ქვეყანაში ფიტოქიმიისა და ფარმაკოქიმიის დარგის ერთ-ერთ ფუძემდებლად არის აღიარებული. მისი ხელმძღვანელობითა და კვლევების საფუძველზე შექმნილია სხვადასხვა დანიშნულების ორიგინალური სამკურნალო პრეპარატი. მეცნიერს მიღებული აქვს 88 საავტორო მოწმობა და პატენტი.აკადემიკოსს მიღებული აქვს მრავალი პერსონალური ჯილდო, სახელმწიფო და საერთაშორისო აღიარება. მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაშიც - შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის ნობელის კომიტეტის მიერ იყო მიწვეული ქიმიის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატურების წარსადგენად და ასევე ნომინირებული იყო საერთაშორისო მშვიდობის პრემიაზე.ეთერ ქემერტელიძე დღემდე აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო საქმიანობაში - თანამშრომლობს ფარმაკოლოგიის ინსტიტუტთან და აგრძელებს კვლევით საქმიანობას.ჯანდაცვის მინისტრმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორ ირაკლი ნატროშვილთან და უნივერსიტეტის კანცლერ ალექსანდრე ბუაჩიძესთან ერთად, ფარმაკოლოგიის ინსტიტუტიც დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო ინსტიტუტის საქმიანობასა და მიმდინარე კვლევით პროცესებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელს კარგად ორგანიზებული გეგმა და ბევრი სიურპრიზი აქვს, რაც ხელს შეუწყობს ირანში ცვლილებების შესაძლებლობას

სიმართლის მომენტი ახლოვდება, ჩვენ ვცდილობთ ირანის გათავისუფლებას, საბოლოო ჯამში, ეს თქვენზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანელი ხალხისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა.როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, ირანის წინააღმდეგ ომი გაგრძელდება კომპრომისების გარეშე და მისი მიზანია ირანის რეჟიმის დესტაბილიზაცია.ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელს მომდევნო ეტაპისთვის „კარგად ორგანიზებული გეგმა და ბევრი სიურპრიზი“ აქვს, რაც, მისი განცხადებით, ხელს შეუწყობს ირანში ცვლილებების შესაძლებლობას.ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ საბოლოოდ ირანის მომავალი თავად ირანელებზეა დამოკიდებული. ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ირანში ცვლილებების შემთხვევაში შესაძლებელია ისრაელსა და ირანს შორის მშვიდობის დამყარება და რეგიონში მშვიდობის გაფართოება.„ჩვენი წარმატება არა მხოლოდ მთელი მსოფლიოსთვის ბირთვული საფრთხის მოხსნას და არა მხოლოდ ისრაელსა და ირანს შორის მშვიდობას მოიტანს, არამედ ის ასევე ჩვენ გარშემო მშვიდობის წრეს გააფართოებს. დღეს ყველა ხვდება, რომ აიათოლათა რეჟიმი მთელ მსოფლიოს საფრთხეს უქმნის. ბოლო დღეებში ირანმა თავის გარშემო 12 ქვეყანას შეუტია. ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ. ყველა ეს ქვეყანა ხედავს ისრაელის უზარმაზარ ძალას, ჩვენს მზადყოფნას, ებრძოლოს ტირანებს თეირანში, ჩვენი არმიისა და ხალხის სიმამაცეს და ჩვენს უზარმაზარ სამხედრო და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს. ბევრი ქვეყანა მოგვმართავს. გეუბნებით, ბევრი ქვეყანა ახლა მოგვმართავს თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.ნეთანიაჰუმ ასევე გაიხსენა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრა და აღნიშნა, რომ ტრამპმა უთხრა: „ბიბი, ჩვენ ირანი ნებისმიერ ფასად უნდა შევაჩეროთ“. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ტრამპს „ისტორიული ლიდერობისთვის“ და განაცხადა, რომ აშშ-ისა და ისრაელის პარტნიორობა „დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე“.ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გაერო უსაფუძვლოდ აკრიტიკებდა ისრაელს მაშინ, როცა ის ებრძოდა „ჰამასს“, ხოლო ირანში ხელისუფლების მიერ მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობაზე „დუმდა“.ამასთან, ნეთანიაჰუმ ლიბანის ხელისუფლებას მოუწოდა, უზრუნველყოს 2024 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება და განაიარაღოს  „ჰეზბოლა“ და აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მძიმე შედეგები ელოდებათ.ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანა „გააკეთებს ყველაფერს, რაც აუცილებელია საკუთარი ქალაქებისა და მოქალაქეების დასაცავად“.

ჰაკან ფიდანი – თურქეთი აგრძელებს დიპლომატიური კონტაქტების შენარჩუნებას, რათა ხელი შეუწყოს აშშ-ს, ისრაელსა და ირანს შორის ომის დასრულებას

თურქეთი აგრძელებს დიპლომატიური კონტაქტების შენარჩუნებას, რათა ხელი შეუწყოს აშშ-ს, ისრაელსა და ირანს შორის ომის დასრულებას, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა.ფიდანის თქმით, თურქეთი მკაცრად გმობს მესამე ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებს.„ბატონი ფეზეშქიანის განცხადება – „ჩვენ არ დავესხმებით თავს, თუ თავად არ დაგვესხმებიან თავს. ბოდიშს ვიხდით თავდასხმისთვის“ – არის განცხადება, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ მკაცრად ვგმობთ მესამე ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებს“, – განაცხადა ფიდანმა.

დონალდ ტრამპი კირ სტარმერს მიმართავს – ჩვენ არ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც ომებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ ერთვებიან

ჩვენ არ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც ომებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ ერთვებიან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნულით ბრიტანეთის პრემიერს, კირ სტარმერს მიმართავს.როგორც აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, დიდი ბრიტანეთი, „ბოლოს და ბოლოს, სერიოზულად ფიქრობს“ ახლო აღმოსავლეთში ორი ავიამზიდის გაგზავნაზე, თუმცა ტრამპი შეთავაზებაზე უარს ამბობს.„გაერთიანებული სამეფო, ოდესღაც ჩვენი დიდი მოკავშირე, შესაძლოა, ყველაზე დიდიც, ბოლოს და ბოლოს, სერიოზულად ფიქრობს ახლო აღმოსავლეთში ორი ავიამზიდის გაგზავნაზე. ნუ შეწუხდებით, პრემიერ-მინისტრო სტარმერ, ჩვენ ისინი აღარ გვჭირდება – მაგრამ ჩვენ ამას დავიმახსოვრებთ. ჩვენ არ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც ომებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ ერთვებიან!“ – წერს ტრამპი.

ბოლო სიახლეები