პარასკევი, იანვარი 24, 2025

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი: ვადასტურებ, რომ ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატთან მქონდა კომუნიკაცია და მას წარვუდგინე დაზარალებული მხარის შეთავაზება

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” დამფუძნებლის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თემო ცისკაძე  განცხადებას ავრცელებს.

“მსურს საზოგადოებისთვის განმარტება გავაკეთო ბატონი ბაჩიაშვილის მიერ დღევანდელი პროცესის შემდგომ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

როგორც ბრალდებულმა განმარტა, მან მიიღო წერილი, რომელსაც მისი თქმით ოთხმოცდაათიან წლებში ,,კრიმინალური შოჩიკი“ ეწოდებოდა (როგორც ჩანს ოთხმოცდაათიანი წლების ქუჩურ ტერმინოლოგიაში ბაჩიაშვილი კარგად ერკვევა), ასევე მიუთითა, რომ წერილის გადამცემი პირი (ვიგულისხმები მე) არის არა ადვოკატი, არამედ უბრალოდ ნდობით აღჭურვილი პირი.

ბრალდებულის აღნიშნული განმარტებები არის სიცრუე, ასევე ფაქტების დამახინჯების მცდელობა.
მე რომ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი/წარმომადგენელი ვარ საჯაროდ ცნობილი ფაქტია. ვფიქრობ, ჩემს მიერ საქმესთან დაკავშირებით საჯაროდ გავრცელებული განცხადებები უტყუარად ადასტურებს ამ გარემოებას და არავის სჯერა, რომ მე თვითნებურად ვახორციელებ აღნიშნულ ქმედებებს. ცხადია, ჩემს მარწმუნებელთან მაკავშირებს შესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობა და ვმოქმედებ ამ ურთიერთობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. ამასთან, სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულის წარმომადგენლობას არ სჭირდება რაიმე სპეციალური ნებართვა თუ ლიცენზია სისხლის სამართლის საქმეებში მონაწილეობასთან დაკავშირებით და ეს კიდევ ერთი ცრუ განმარტებაა, რაც ბატონი ბაჩიაშვილის მხრიდან გაცხადდა.

ამავდროულად, ვადასტურებ, რომ ბრალდებულის ადვოკატთან მქონდა კომუნიკაცია და მას წარვუდგინე დაზარალებული მხარის შეთავაზება (ზუსტად ამ დასახელებით). შეთავაზების არსი მდგომარეობდა იმაში, რომ დაზარალებული მხარე გამოიჩენდა კეთილ ნებას და ბრალდებულს მიეცემოდა შეთავაზებაში მითითებული ოდენობით ,,დისკონტი“ (მას ბრალად წაყენებული აქვს 8986.8675 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისება), თუკი წინასასამართლო სხდომამდე (როდესაც ჯერ კიდევ არ არის გარკვეული საქმე გადაეცემა თუ არა სასამართლოს არსებითი განხილვისათვის) ბრალდებულის მხრიდან მოხდებოდა შესაბამისი რაოდენობის ბიტკოინების მყისიერი დაბრუნება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბრალდებულის ადვოკატის თხოვნით, არაერთხელ შევხვდი ბრალდებულის მხარეს, მათი პოზიციისა თუ შეთავაზებების მოსასმენად. ამ დროს კარგად აცნობიერებდნენ, რომ მე ვიყავი ჩემი მარწმუნებლის ადვოკატი/წარმომადგენელი და უცნაურია დღეს ასეთი განცხადებები.

შესაბამისად, ადგილი ჰქონდა არა რაიმე კრიმინალურ ქმედებას, არამედ მორიგების მცდელობას მხარეთა შორის, რაც სრულიად ჯანსაღი მოვლენაა (არაერთ საქმეზე ჰქონია ადგილი მსგავს კომუნიკაციას მხარეებს შორის და მომავალშიც ექნება).

მიმაჩნია, რომ ბრალდებულის მხრიდან ამგვარი დეზინფორმაციის გავრცელების მიზანი, არის აჟიოტაჟის შექმნის მცდელობა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით თითქოსდა სკანდალური ინფორმაციის გავრცელება, რაც, ჩემი აზრით, ცალსახად მიუთითებს ბრალდებული მხარის პოზიციების სისუსტეზე.” – წერს ავოკატი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა დღეს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის საქმის განხილვა დაიწყო.

დღეს მედიასთან გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა: აქციების დაფინანსების მექანიზმი არ არსებობს – ვინც თავისი ფასეულობის გამო გარეთ დგას, იმ ხალხს ვეხმარები და ყოველთვის დავეხმარები ასეთ ხალხს

ასევე განაცხადა, რომ მუქარის წერილი მიიღო ბიძინა ივანიშვილისგან.

ცნობისთვის, 2023 წლის 6 ივნისს, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინის მითვისების ფაქტზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილს გირაო 2 მილიონ 500 000 ლარი შეეფარდა.

“პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა გ.ბ.-მ 2015 წლის ზაფხულში, მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა – ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა.

ბიტკოინის მაინინგის მომსახურების უზრუნველყოფას ახდენდა უცხოური კომპანია, ბრალდებულის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ საწარმოსთან 2015 წლის ივლისში დადებული 1-წლიანი ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულების ღირებულებად 6 305 000 აშშ დოლარი განისაზღვრა, საიდანაც ინვესტორის კუთვნილი თანხა შეადგენდა 5 000 000 აშშ დოლარს, ხოლო ბრალდებულის – 1 305 000 აშშ დოლარს.

შეთანხმებისამებრ, გ.ბ.-ს დაევალა თანხების ინვესტირების ტექნიკური განხორციელების უზრუნველყოფა, ხოლო სავარაუდოდ მისაღები მოგება, მხარეთა შორის ინვესტირებული თანხების პროპორციულად უნდა განაწილებულიყო. ასევე შეთანხმებისამებრ, ინვესტიციის შედეგად გამომუშავებული კრიპტოვალუტის აკუმულირება უნდა მომხდარიყო ბრალდებულის გამგებლობაში არსებული საწარმოს კუთვნილ კრიპტო საფულეზე.

ინვესტიციის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 1 წლიან პერიოდში გამომუშავებული იქნა 24 661.85 ბიტკოინი, საიდანაც ჩადებული თანხების პროპორციულად და გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, ინვესტორის მიერ სუფთა მოგების სახით მისაღები კრიპტოვალუტა 8 253.13 ბიტკოინს შეადგენდა.

ბრალდებულმა, რომლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაშიც იმყოფებოდა მაინინგის შედეგად გამომუშავებული სრული კრიპტოვალუტა, 2017 წლის ოქტომბერში, ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების შემდეგ, ბრალდებულმა დაუფლებული აქტივების უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, კრიპტოვალუტის სხვადასხვა საფულეებზე გადატანის ოპერაციების, განაღდების, სხვადასხვა ეკონომიკური თუ სხვა სახის ურთიერთობაში ჩართვის, მისით სარგებლობის, ქონებების შეძენისა და ფლობის, კონვერსიის და სხვა ქმედებების განხორციელებით, დამალა და შენიღბა მისი ნამდვილი ბუნება, წარმოშობის წყარო, ადგილმდებარეობა, განთავსება, მოძრაობა, მასზე საკუთრების და მასთან დაკავშირებული უფლებები, რითაც მიღებული უკანონო  აქტივების თავისუფლად განკარგვისა და გამოყენების შესაძლებლობა მიეცა. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულმა განახორციელა მითვისებული  აქტივების ფლობა და  სარგებლობა, გადაცემა, კონვერსია, უძრავი და მოძრავი ქონების შეძენა, ასევე საწარმო-სუბიექტების მეშვეობით სხვადასხვა ქონებებისა და აქტივების შეძენა/ფლობა და სხვა მოქმედება, რითაც მოახდინა მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კრიპტოვალუტის – 8 253.13 ოდენობის ბიტკოინისა და მისი განკარგვის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაცია.

ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”- ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„მისი თავიდან მოშორება სცადეს…UFC-ს მისი სახით, მონსტრი ჰყავს-მერაბ დვალიშვილის მწვრთნელი

მერაბ დვალიშვილის მწვრთნელი, რეი ლონგო Anik & Florian Podcast-ის სტუმარი იყო. ლონგომ UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონზე ისაუბრა და „მანქანას“ ნამდვილი მონსტრი უწოდა. „ყველაფერს, რასაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მერაბთან დაკავშირებით ვამბობდით, ასრულდა. ამ ბიჭის თავიდან მოშორება მისთვის ურთულესი ჩხუბების მიცემით სცადეს და საბოლოოდ, მონსტრი შექმნეს. მერაბმა ყველა ტესტი გაიარა და ახლა, UFC-ს მისი სახით, მონსტრი ჰყავს“, - თქვა მერაბ დვალიშვილის მწვრთელმა.

ნიკოლოზ გაბელია: ოპოზიციის ამერიკული ვოიაჟი მხოლოდ და მხოლოდ კომედიური ჟანრის ფილმს მაგონებდა მეტს არაფერს

ხალხი, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ ტრამპს აფინანსებდა ბიძინა ივანიშვილიო, რომ ტრამპი არის პუტინის ერთ-ერთი მარიონეტი და წარმოუდგენელი იყო მათთვის, რომ ის მეორედ მობრუნდებოდა, ახლა ამერიკაში წავიდა და ამბობს, რომ ჩვენ ვესწრებით ტრამპის ინაუგურაციასო, ასე დაარქვეს, - განაცხადა „საზოგადოება ქართულის“ წევრმა, მსახიობმა ნიკოლოზ გაბელიამ გადაცემაში „იმედი LIVE“. „სპორტის დარბაზში იჯდა ვაშაძე და იქიდან უყურებდა ინაუგურაციას ტელევიზორში, სახლში რომ ყოფილიყო ამით რამე დაშავდებოდა? - არა. ისევ საკუთარ ამომრჩეველს ატყუებენ, რომ ჩვენ ჩავედით იქ, გვეპატიჟებიანო. ძალიან ბევრი მსოფლიო ლიდერი არ ჩასულა იქ, ეს ჩვეულებრივი ამბავია ხდება ხოლმე იმიტომ, რომ ადამიანებს თავიანთ ქვეყანაში ძალიან ბევრი საქმე აქვთ და არ მიდიან იმის გამო, რომ რაღაც პლუსები დაიწერონ. ამათი ამერიკული ვოიაჟი მხოლოდ და მხოლოდ კომედიური ჟანრის ფილმს მაგონებდა მეტს არაფერს. რასაც ტრამპი ამბობს და რა მესიჯებითაც მოვიდა ხელისუფლებაში, იმ მესიჯების საპირწონედ პირიქით ამბობდა ყველაფერს ეს ჩვენი ოპოზიცია. ჩვენი მესიჯები იყო ოჯახური სიწმინდე, ტრადიცია, და ა.შ., ამათთვის ეს არის მეორე, მესამე, მეათე ხარისხოვანი, მაგრამ როგორც კი დაინახეს, რომ ტრამპი იმარჯვებდა, იმწუთშივე გახდნენ რაღაც სხვანაირები. ეს სხვანაირი ყოფნა არ იციან როგორია, რადგან პატრიოტობა და ქვეყნის სიყვარული არ იციან რა არის, არ იციან ოჯახის სიწმინდე რა არის, რადგან თავიანთ შვილებს არ ზრდიან ქართველებად“, - აღნიშნა ნიკოლოზ გაბელიამ.

არ გვეყოლება კაცები, რომლებიც ქალების სპორტში მიიღებენ მონაწილეობას და არ იქნება სქესის შეცვლის ოპერაციები – ტრამპი

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მისი ადმინისტრაციის სამომავლო პოლიტიკასა და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომლებიც, ტრამპის აზრით, დღეს შეერთებულ შტატებში არსებობს. „ჩემი მმართველობის დაწყებიდან მაშინვე შევასრულე ხისტი ქმედებები რადიკალური პოლიტიკის შესაბრუნებლად, რომელმაც ქვეყანაში სერიოზული გამოწვევები შექმნა. ყურადღება გამახვილებული იყო სამ კრიტიკულ სფეროზე: იმიგრაციაზე, დანაშაულსა და ინფლაციაზე“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ სხდომაზე ვირტუალურად გამოსვლისას. ამასთან, ამერიკის პრეზიდენტმა ისაუბრა იმ აღმასრულებელი განკარგულებების შესახებ, რომლებსაც ხელი პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების პირველივე დღეს მოაწერა. „ამერიკის შეერთებულ შტატებს გააჩნია მსოფლიოში ნავთობისა და გაზის უმსხვილესი მარაგი. ჩვენ ვაპირებთ მის გამოყენებას“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა და დასძინა, რომ ეს შეამცირებს საქონლისა და მომსახურების ხარჯებს, ასევე შიდა წარმოებას გააუმჯობესებს. დონალდ ტრამპმა ისაუბრა აშშ-ის ახალ პოლიტიკაზე სოციალურ სფეროშიც. „აშშ-ის ოფიციალურ პოლიტიკად დავადგინე, რომ მხოლოდ ორი სქესი არსებობს – მამაკაცი და ქალი. ჩვენ არ გვეყოლება კაცები, რომლებიც ქალების სპორტში მიიღებენ მონაწილეობას და არ იქნება სქესის შეცვლის ოპერაციები“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

სიეტლის ფედერალურმა მოსამართლემ დროებით შეაჩერა დონალდ ტრამპის განკარგულება, რომლის მიხედვითაც, აშშ-ში დაბადებული ბავშვები მოქალაქეობას ავტომატურად ვეღარ მიიღებენ

სიეტლის ფედერალური სასამართლოს მოსამართლემ დროებით შეაჩერა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აღმასრულებელი განკარგულება, რომლის მიხედვითაც, შეერთებულ შტატებში დაბადებული ბავშვები მოქალაქეობას ავტომატურად ვეღარ მიიღებენ. როგორც მედია წერს, მოსამართლემ აღნიშნული განკარგულება „აშკარად არაკონსტიტუციურად“ მიიჩნია და გააკრიტიკა იურისტები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს აღმასრულებელ ბრძანებას. როგორც მედია აღნიშნავს, აშშ-ის გარკვეული შტატები ამტკიცებენ, რომ განკარგულება არღვევს კონსტიტუციის მე-14 შესწორებას, რომელიც გარანტიას აძლევს აშშ-ის მიწაზე დაბადებულ ყველა ბავშვს, მიიღოს მოქალაქეობა. აღნიშნული ბრძანება თავდაპირველად 19 თებერვლს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის 14 დღით შეჩერდა.

გარდაიცვალა ცნობილი მწვრთნელი

საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი მურთაზ მგელაძე. საქართველოს კრივის ფედერაციის სახელით მწუხარებას გამოვთქვამთ და თანავუგრძნობთ მის მის ოჯახს“, - წერია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები