პარასკევი, თებერვალი 6, 2026

ბიძინა ივანიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა საზოგადოებას, როგორი შეიძლება იყოს ჯანმრთელი, ჯანსაღი, ევროპული ტიპის ხელისუფლება

„ქართულმა ოცნებამ“ ვაჩვენეთ საზოგადოებას, როგორი შეიძლება იყოს ჯანმრთელი, ჯანსაღი, ევროპული ტიპის ხელისუფლება. რეალურია, რომ ხელისუფლება ხალხის სამსახურში ჩადგეს და არა პირიქით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა. ივანიშვილის თქმით, როდესაც პოლიტიკაში მოვიდა, საზოგადოებაც გამოუცდელი იყო, თუმცა ახლა მოსახლეობამ ისწავლა „არჩევა და კონტროლი“. „საზოგადოებაც, ისევე როგორც „ქართული ოცნების“ გუნდი, იყო გამოუცდელი და პოლიტიკაში მოსვლისთანავე ამას აღვნიშნავდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი კულტურა, ჩვენი სახელმწიფო არ გვიმართავს, არათუ ათწლეულები, ასწლეულებიც კი, ამის გამოცდილება არ გვაქვს, მით უმეტეს არ გვაქვს გამოცდილება დემოკრატიული მმართველობის და ხიფათი ძალიან დიდია. ვნახეთ, რამდენი უბედურება და ხიფათი გადავიტანეთ. თუ რამ შეიძლება, სამოქალაქო ომის ჩათვლით, ყველაფერი საკუთარ თავს მოვახვიეთ. ასეთი ნათქვამია, ბრძენი სხვის შეცდომებზე სწავლობს, ჭკვიანი საკუთარზე და სულელი ვერასდროს ვერ სწავლობსო. მგონია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ საკუთარ შეცდომებზე ისწავლა. ჩვენ გამოუცდელობით ყველანაირი უბედურება დავაწიეთ სახელმწიფოს. მოვკალით პირველი პრეზიდენტი, გვმართავდნენ ყაჩაღები, საძმოთი იმართებოდა ქვეყანა, იმის შემდეგ სამოქალაქო ომი მოვახერხეთ და ეს საფუძველია იმის, რომ ხალხმა ისწავლა“, – განაცხადა ივანიშვილმა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბარში განაცხადა, ქართულმა საზოგადოებამ საკუთარ შეცდომებზე ისწავლა. „ბოლოს მივიღეთ ყველაზე დიდი გამოცდა – „ნაციონალური მოძრაობა“. ისე ძალადობდა საკუთარ ხალხზე, რომ ეს იყო ჩემი მოსვლის მიზეზიც, ვეღარ ვერეოდით. რვა წლის განმავლობაში ჩვენ შევაჩერეთ უკან სვლა. ზოგიერთი პოლიტიკოსი ტრაბახობს, რაც დამოუკიდებელ საქართველოში პოლიტიკა დაიწყო, იქ ვდგავარო. იდგნენ, მაგრამ 20 წლის განმავლობაში უარესდებოდა მდგომარეობა. „ქართულმა ოცნებამ“ შეაჩერა ეს დაღმასვლა. ჩვენ სტაბილურად, ყველა მიმართულებით გვაქვს პრინციპულად უკეთესი მდგომარეობა. ახლა იტყვიან, ნახეთ რამდენი გაჭირვებულიაო. გასაგებია, ამ გაჭირვებას ხუთ წუთში ვერ დაძლევ. ამას დრო სჭირდება. „ქართულმა ოცნებამ“ ვაჩვენეთ საზოგადოებას, როგორი შეიძლება იყოს ჯანმრთელი, ჯანსაღი, ევროპული ტიპის ხელისუფლება. რეალურია, რომ ხელისუფლება ხალხის სამსახურში ჩადგეს და არა პირიქით. ძალიან ნიჭიერი ხალხისგან შემდგარი გუნდი ემსახურება საკუთარ ხალხს. აქაც თემა დახურულია. თუ ამის შემდეგ, თეორიულად დავუშვათ, აარჩია მოძალადე და უნდა რომ ბატონი ჰყავდეს, მე რაღა შუაში ვარ. ან საზოგადოებას რატომ უნდა ჰქონდეს ჩემთან მოთხოვნა, რატომ არ ბრუნდებაო. რატომ უნდა დავბრუნდე, თუ ვერ გავაკეთე კარგად, აღარც მომესვლება, სხვამ უნდა გაასწოროს და გააკეთოს. საზოგადოების ნაწილი, ვისაც გადაჭარბებული ნდობა შერჩა ჩემდამი, ახლა უფრო ფხიზლად დადგება, რომ უფრო კარგად უყურონ სიტუაციას, უფრო აქტიურები იყვნენ არჩევნებზე, გონებით და არა ემოციებით შეარჩიონ და ხმა მისცენ მას, ვინც მოსწონთ. ვფიქრობ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ისწავლა არჩევა და კონტროლიც. არც საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მოთხოვნა ჩემზე, თუ ჩემი მსგავსი უნდათ, ვუტოვებ მთელ გუნდს. არც მე უნდა მქონდეს პრეტენზია უკან შემობრუნებაზე. თუ რამე შემეძლო, გავაკეთე, თუ არ გავაკეთე სწორად, მით უმეტეს არ უნდა მოვბრუნდე უკან“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„როიტერი“ – ომანში დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე აშშ-ს სურს, ირანთან მოლაპარაკებები მოიცავდეს ბირთვული პროგრამის, ბალისტიკურ რაკეტების და რეგიონში შეიარაღებული დაჯგუფებების მხარდაჭერის საკითხებს

თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ომანში დღეს ირანი და შეერთებული შტატები მოლაპარაკებებს გამართავენ.როგორც „როიტერი“ წერს, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, განაახლოს დიპლომატია თეირანსა და ვაშინგტონს შორის ხანგრძლივ ბირთვულ დავასთან დაკავშირებით, შეერთებულ შტატებს სურს, რომ მოლაპარაკებები მოიცავდეს ირანის ბირთვული პროგრამის, მისი ბალისტიკური რაკეტებისა და რეგიონში შეიარაღებული დაჯგუფებების მხარდაჭერის საკითხებს.მოლაპარაკებებამდე რამდენიმე საათით ადრე ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა Khorramshahr 4 განლაგდა „რევოლუციური გვარდიის“ ერთ-ერთ უზარმაზარ მიწისქვეშა სარაკეტო კომპლექსში.„ვიმედოვნებთ, ამერიკული მხარეც ამ პროცესში პასუხისმგებლობით, რეალიზმითა და სერიოზულობით მიიღებს მონაწილეობას“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ესმაილ ბაღაიმ.პარალელურად, აშშ-მა სპარსეთის ყურეში საზღვაო ძალები გააძლიერა, რასაც ტრამპმა მასიური არმადა უწოდა. თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლევიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრამპი ცდილობს, დაადგინოს, შესაძლებელია თუ არა ირანთან შეთანხმების მიღწევა.

ზამთრის ოლიმპიური თამაშები იწყება

მილანსა და კორტინა დ’ამპეცოში ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები იწყება. ოლიმპიური ცეცხლი მილანში, „სან სიროს“ სტადიონზე აინთება. თამაშების გახსნის ცერემონიას 23:00 საათიდან პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.2026 წლის ოლიმპიადაზე მედლების 116 კომპლექტი 16 დისციპლინაში (სპორტის რვა სახეობა) გათამაშდება. პროგრამა გაფართოვდა და ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ზამთრის თამაშებს ვიხილავთ. 2022 წელს პეკინში გამართულ ოლიმპიადაზე შვიდი სპორტი და 15 დისციპლინა (მედლების 109 კომპლექტი) იყო წარმოდგენილი.საქართველოს ნაკრები 2026 წლის ოლიმპიურ თამაშებზე რვა სპორტსმენით იასპარეზებს. ექვსი ფიგურულ ციგურაობაში გამოვა, ხოლო ორი სათხილამურო ტრასაზე ცდის ბედს.საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:ნიკა ეგაძე, ანასტასია გუბანოვა, ლუკა ბერულავა, ანასტასია მეტელკინა, გლებ სმოლკინი, დიანა დევისი (ფიგურული ციგურაობა), ნინო წიკლაური, ლუკა ბუჩუკური (სამთო თხილამურობა).ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრები ერთ-ერთი ფავორიტია. მეტელკინასა და ბერულავას წყვილი იანვარში ევროპის ჩემპიონი გახდა. კონტინენტის პირველობაზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოქროს მედალი ასევე მოიპოვა ნიკა ეგაძემ.6,7 და 8 თებერვალს ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ასპარეზობა დაიწყება. შეჯიბრების პირველ დღეს საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრებიდან მაყურებლის წინაშე ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას სპორტული წყვილი მოკლე პროგრამით წარდგება, დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი რიტმულ ცეკვაში გამოვა, ანასტასია გუბანოვა კი მოკლე პროგრამით იასპარეზებს. შეჯიბრება 6 თებერვალს, თბილისის დროით 12:55 საათზე აიღებს სტარტს.ზამთრის ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება. იტალიიდან პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხისა და პირველი არხი სპორტის ეთერში იხილავთ.

ცოლის მკვლელობაში ბრალდებული კაცი დაკავებულია – შსს- დეტალებს ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული ფ.ა. დააკავეს.შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა მეუღლეს, 2000 წელს დაბადებულ მ.გ.-ს, რომელიც მიღებული დაზიანებებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.„ბრალდებული პოლიციაში თავად გამოცხადდა და ჩადენილი დანაშაული აღიარა.სამართალდამცველებმა ფ.ა. ბრალდებულის სახით დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ნოროვირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, ფინეთსა და კანადას შორის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჰოკეის მატჩი გადაიდო

ნოროვირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო ფინეთსა და კანადას შორის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჰოკეის მატჩი გადაიდო.მედიის ინფორმაციით, წინასწარი მატჩი ხუთშაბათს უნდა დაწყებულიყო, როდესაც ექიმებმა ფინეთის ქალთა ჰოკეისტთა გუნდში ვირუსის შემთხვევები დაადგინეს.„გადაწყვეტილება სამედიცინო პროფესიონალებთან კონსულტაციების შემდეგ იქნა მიღებული, მას შემდეგ, რაც ფინეთის ნაკრებში ნოროვირუსის შემთხვევები გამოვლინდა. ეს გადაწყვეტილება კოლექტიურად, დადგენილი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პრინციპების შესაბამისად იქნა მიღებული. მოთამაშეების, გუნდის პერსონალის, ოფიციალური პირების და ტურნირის ყველა მონაწილის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უმაღლეს პრიორიტეტია“, – ნათქვამია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) განცხადებაში.როგორც ცნობილია, გადადებული მატჩი 12 თებერვალს „რო არენაზე“, სპეციალურად ჰოკეისთვის აშენებულ დროებით არენაზე  გაიმართება.ცნობისთვის, 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები იტალიაში 6 თებერვლიდან 22 თებერვლამდე იმართება. ნოროვირუსი გადამდები ვირუსია, რომელიც იწვევს კუჭ-ნაწლავის მწვავე ინფექციას და ვლინდება ძირითადად ღებინებით, დიარეით, მუცლის ტკივილითა და ზოგჯერ ცხელებით; ის ვრცელდება ინფიცირებულ ადამიანთან პირდაპირი კონტაქტით, დაბინძურებული საკვებით ან წყლით.

გიორგი კვერნაძის გოლი იანვარში სერია B-ში საუკეთესოდ აღიარეს

გიორგი კვერნაძის გამარჯვების გოლი „რეჯანას“ წინააღმდეგ სერია B-ს 21-ე ტურში საუკეთესოდ დაასახელეს – ინფორმაციას ლიგის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.„წამის მეასედის საკითხი იყო – კარს გახედა, დაარტყა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა“, – ასე ლაკონურად შეაფასა სერია B-ს გვერდმა ქართველის გოლი.„ფროზინონეს“ ქართველმა თავდამსხმელმა, გიორგი კვერნაძემ „რეჯანას“ წინააღმდეგ გამარჯვების გოლი გაიტანა, რამაც გუნდს 1:0 გამარჯვება მოუტანა. გამოკითხვა ლიგა B-ს ოფიციალურ სოციალურ ქსელებში მიმდინარეობდა.ეს „ფროზინონეს“ 22 წლის თავდამსხმელისთვის სეზონში მესამე გოლი იყო.

ბოლო სიახლეები