ორშაბათი, თებერვალი 16, 2026

ბიძინა ივანიშვილი – საბედნიეროდ, უხეში შეცდომა არ დაგვიშვია, მიმართულლება სწორი გვქონდა, გულწრფელები ვიყავით

პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ გუნდს არ დაუშვია ისეთი უხეში შეცდომა, რომლითაც შესაძლოა, განვითარების პროცესი შეეფერხებულიყო. ივანიშვილის თქმით, ძალიან უყვარს პოლემიკა, თანაგუნდელების აზრის მოსმენა, რამაც უხეშ შეცდომებს აარიდა. „საბედნიეროდ, უხეში შეცდომა არ დაგვიშვია, რადგან მიმართულება სწორი გვქონდა, გულწრფელები ვიყავით. სხვათაშორის, ამ მხრივ ვერ დავიჩივლებ, რომ რაღაც უხეში შეცდომები იყო. შეიძლება, რაღაც საკადრო შეცდომები გვქონდა პოლიტიკური არჩევის დროს, არასწორ პიროვნებებზე გავაკეთეთ არჩევანი, მაგრამ ამანაც დიდად ვერ დააზარალა და შეაფერხა განვითარების პროცესი“, – განაცხადა ივანიშვილმა. ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, დიდი იმედი აქვს, რომ „ქართული ოცნების“ გუნდი ქვეყანას სწორი მიმართულებით წაიყვანს. „მე თვითკრიტიკა ძალიან მიყვარს, წვრილმანებში რომ ჩავიდე, ბევრს დავასახელებ, მაგრამ ზოგადად, ვფიქრობ, რომ სტრატეგია სწორი იყო. საოცრად დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი გუნდი, რომელიც ძალიან მიყვარს, სწორი მიმართულებით წაიყვანს ჩვენს ქვეყანას. ისევ და ისევ ერთს ვურჩევდი, რომ კამათში მოდის ჭეშმარიტება, არ მოერიდონ ერთმანეთის ოპონირებას, გუნდში მაქსიმალურად უნდა მოხარშონ ყველა პრობლემა, ყველა კრიტიკული და კრიზისული სიტუაცია. მაქსიმალურად ყველა აზრი უნდა მოისმინონ შიგნით, აზრის მოსმენის საშუალება უნდა მისცენ. ცოტა ეს გამოცდილება აკლიათ, ერთმანეთს ერიდებიან, ხათრი, პატივისცემა აქვთ. გუნდში ძალიან ნიჭიერი ხალხია, გამოცდილებაც საკმაოდ დიდი აქვთ, შეგნებულად არ ვასახელებ ლიდერებს, გვარებს, ბევრის ჩამოთვლა მომიწევს. ვფიქრობ, უხეში შეცდომებისგან გადამარჩინა იმან, რომ ძალიან მიყვარს პოლემიკა და ყველასგან მინდა აზრის მოსმენა, საღი აზრის ძიებაში ვხარჯავ დიდ დროს. თუ იგივეს გააგრძელებს გუნდი, დაზღვეული იქნება უხეში შეცდომებისგან, თუმცა საქმეს ვინც აკეთებს, აუცილებლად აქვს გადაცდომები, მთავარია, უხეში, დიდი შეცდომები არ დავუშვათ და ქვეყანა არ დავაზარალოთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ მეორე – ჩვენი სულები შეწუხებულია წმინდა ეკლესიის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი თავდასხმებით

ჩვენი სულები შეწუხებულია ჩვენი წმინდა ეკლესიის წინააღმდეგ განხორციელებული მრავალრიცხოვანი თავდასხმებით, – ამის შესახებ სომხეთის კათოლიკოსმა, გარეგინ II-მ განაცხადა.„ჩვენი სულები როცა შეშფოთებულია ეროვნული და პატრიოტული ცხოვრების პრობლემებით და ჩვენი წმინდა ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული სხვადასხვა თავდასხმით, ჰპოვეთ სიმშვიდე უფალ იესო ქრისტეში“, – აღნიშნა სომხეთის კათოლიკოსმა.გარეგინმა სომხეთის მოსახლეობას მოუწოდა, იცხოვრონ ერისა და სამშობლოსადმი სრული ერთგულებით, ვინაობისა და წმინდა ღირებულებებისადმი ურყევი ერთგულებით, დედაეკლესიისადმი ერთგულების გადაწყვეტილებით.„ყოვლისშემძლე ღმერთმა დაამყაროს მშვიდობა მთელ მსოფლიოში, ჩვენს სამშობლოსა და ჩვენს გულებში, შეინარჩუნოს და დაიცვას ჩვენი ერი, ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი წმინდა ეკლესია კეთილდღეობასა და აღშენებაში“, – აღნიშნა სომხეთის კათოლიკოსმა

ირაკლი კობახიძე – ყველამ დაინახა, რომ „ბიბისიზე“ გავრცელებული ინფორმაცია იყო სიცრუე, სამარცხვინო ტყუილი, შესაბამისად, სარჩელშიც არ ვხვდებით არავითარ მინიშნებას „კამიტთან“ დაკავშირებით

ყველამ დაინახა, რომ „ბიბისიზე“ გავრცელებული ეს ინფორმაცია იყო სრული სიცრუე, სამარცხვინო ტყუილი, აქედან გამომდინარე მათ მოუწიათ ამ ტყუილის აღიარება, შესაბამისად, სარჩელშიც არ ვხვდებით არავითარ მინიშნებას „კამიტთან“ დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, საიას სარჩელთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.ჟურნალისტებმა კობახიძეს კითხვა დაუსვეს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული მოქალაქეების სახელით სამართალწარმოებას იწყებენ. მათი მხრიდან სარჩელში ნახსენები არ არის სიტყვა „კამიტი“.მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იყო სამარცხვინო პროპაგანდისტული სიუჟეტი, რომელიც მოამზადა „ბიბისიმ“.„ყველამ დაინახა, რომ „ბიბისიზე“ გავრცელებული ეს ინფორმაცია იყო სრული სიცრუე, სამარცხვინო ტყუილი, აქედან გამომდინარე მათ მოუწიათ ამ ტყუილის აღიარება. შესაბამისად, სარჩელშიც არ ვხვდებით არავითარ მინიშნებას „კამიტთან“ დაკავშირებით. ეს იყო სამარცხვინო პროპაგანდისტული სიუჟეტი, რომელიც მოამზადა „ბიბისიმ“, რომელიც გამოირჩეოდა მაღალი რეპუტაციით. საერთოდ არ აინტერესებთ არც რეპუტაცია და არც არაფერი. მზად არიან, ნებისმიერი უხეში სიცრუე და ტყუილი გაავრცელონ „ბიბისის“ ეთერით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დეტალური ინფორმაცია გაავრცელა ამასთან დაკავშირებით. ტყუილია, რომ საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი ინფორმაცია ნივთიერების შესახებ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა ბრიფინგი და დეტალურად გააცნო ეს ინფორმაცია საზოგადოებას. ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ არც ერთი საერთაშორისო დონეზე აკრძალული ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული შეკრების დაშლის დროს. ცრემლმდენი საშუალების გამოყენება, ეს არის მიღებული საერთაშორისო პრაქტიკა ძალიან ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში. ყველაფერი დანარჩენი „ბიბისის“ და სხვისი ტყუილებია“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი ავალიანი სამორინში კადეტთა ევროპის თასის ოქროს მედალი მოიპოვა

14-15 თებერვალს სლოვაკეთის ქალაქ სამორინში გამართულ კადეტთა ევროპის თასზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ასპარეზობა ოთხი მედლით დაასრულა.გიორგი ავალიანი (-60 კგ) საბა ნოზაძე (-50 კგ) მუსლიმ ტოხოსაშვილი (-50 კგ) ნიკოლოზ მუშტარაული (-55 კგ) ვულოცავთ ბიჭებს და მთელ საქართველოს ამ წარმატებას! წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაა!

„ფაინენშალ თაიმსი“ – ევროკომისია გეგმავს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან მიმართებით კრიტიკა შეარბილოს და მთავრობას ახალი დაფინანსებაც კი გამოუყოს

ევროკომისია გეგმავს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან მიმართებით კრიტიკა შეარბილოს და მის მთავრობას ახალი დაფინანსებაც კი გამოუყოს. ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ წერს. როგორც გამოცემა წერს, მაღალჩინოსნებს არ სურთ უნგრეთის არჩევნებში ჩარევა ან ორბანისთვის ბრიუსელის საწინააღმდეგო კამპანიის დაბრალება.„ევროკომისია გონივრულად მოიქცევა, რომ უნგრეთთან დაკავშირებით არანაირი მნიშვნელოვანი განცხადება არ გააკეთოს, რათა არჩევნებში ჩარევაში ბრალდების რისკი არ შეიქმნას“, – განაცხადა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.წყაროების ცნობით, უნგრეთთან დაკავშირებით კომისიამ უკვე დაიწყო უფრო ფრთხილი მოქმედება საჯარო განცხადებებში.როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ იუწყება, „ბოლო დროს გამოთქმული შეშფოთების მიუხედავად, ორბანის მთავრობას არჩევნებამდე დაახლოებით 2.4 მილიარდი ევროს ახალი დაფინანსების მიღება შეუძლია“.„ასეთ ისტორიულ, გადამწყვეტ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მათ დაასკვნეს, რომ საუკეთესო იყო არაფრის გაკეთება. ევროკომისია ფსონებს აზღვევს, რაც ნორმალურია“, – „ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, აღნიშნა ერთ-ერთმა უნგრელმა მაღალჩინოსანმა.

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი სოციალური ქსელის რამდენიმე კომპანიისგან ითხოვს იმ პირთა შესახებ ინფორმაციას, რომლებიც ღიად აკრიტიკებენ აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურს

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი ტექნოლოგიური კომპანიებისგან, როგორიცაა Google, Meta, Reddit და Discord იმ პირთა მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის მიწოდებას მოითხოვს, რომლებიც სოციალური ქსელებში ანონიმურობის დაცვით მოქმედებენ, ღიად აკრიტიკებენ აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურს ან საგანგებოდ შექმნილი აპლიკაციის საშუალებით თვალყურს ადევნებენ საიმიგრაციო სამსახურის ოფიცრების გადაადგილებას და ამ ინფორმაციას ასაჯაროებენ.როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ აღნიშნავს, უწყებას ასობით პირის შესახებ აქვს ინფორმაცია გამოთხოვილი და სურს, წვდომა მოიპოვოს პირთა ვინაობის, ელექტრონული ფოსტის, ტელეფონის ნომრისა და სხვა პირადი ინფორმაციის შესახებ.აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიური კომპანიების ნებაზეა დამოკიდებული, გასცემენ თუ არა ამ ინფორმაციას. ზოგიერთ შემთხვევაში, კომპანიებმა თავიანთ მომხმარებლებს აცნობეს, რომ მათზე ინფორმაციას ითხოვს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი. კომპანიებმა მომხმარებლებს 10-14-დღიანი ვადა მისცეს სურვილის შემთხვევაში, ამ მოთხოვნის სასამართლოში გასასაჩივრებლად.მომხმარებელთა უფლებებს სამოქალაქო თავისუფლების ამერიკული კავშირი იცავს, რომლის ცნობით, ხელისუფლება მოქალაქეთა სიტყვის თავისუფლებას არღვევს.ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ ამ ინფორმაციის მიღება საიმიგრაციო აგენტების დასაცავად და მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სჭირდება.აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ასეთი განაცხადი უწყებამ უკან გაიწვია, მას შემდეგ, რაც ის სასამართლოში გაასაჩივრეს.

ბოლო სიახლეები