კვირა, მარტი 15, 2026

ბიძინა ივანიშვილი – როდესაც მოვედი პოლიტიკაში, განცხადება გავაკეთე, რომ ვიქნებოდი, ვიდრე არ გავისტუმრებდი მოძალადე ხელისუფლებას, ჩემი დანაპირები შევასრულე

 

2011 წელს განცხადება გავაკეთე, რომ პოლიტიკაში ვიქნებოდი, ვიდრე არ გავისტუმრებდი მოძალადე ხელისუფლებას, ჩემი დანაპირები შევასრულე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა.
„ჩემი ხელწერით წლების განმავლობაში დავასაბუთე, რომ არ ვთვალთმაქცობდი და ნამდვილად არ არის პოლიტიკოსობა ჩემთვის სასურველი და საყვარელი პროფესია. მე მოვედი იძულებით, რადგან სჭირდებოდა ქვეყანას. არ იყო საკმარისი ძალა, რომ მოძალადეებს გამკლავებოდნენ, ჩემი დახმარებაც დასჭირდათ და ეს იყო ჩემი პოლიტიკაში მოსვლის არსი. ამიტომაც ვაცხადებდი, რომ მოვალ, მოძალადეებს გავუშვებ და წავალ, პოლიტიკაში დამრჩენი არ ვარ. მართლაც ისე გავაკეთე, როგორც ვთქვი. ერთი წლის შემდგომ, პრეზიდენტსაც დაუმთავრდა თავისი ვადა, წავიდა და მეც გადავდექი, როგორც დავპირდი საზოგადოებას.
თუ გაიხსენეთ, საზოგადოებასაც შევახსენებ, რომ ბევრი კითხვა იყო – როგორ პოზიციებს დავიჭერდი წასვლის შემდგომ, ვიტოვებდი თუ არა პასუხისმგებლობას გუნდზე. გამოკვეთილად ვამბობდი, რომ პასუხისმგებლობას ვიტოვებ არსებულ გუნდზე. ვამბობდი, რომ პოლიტიკაში არ დავბრუნდები, თუ ამის საჭიროება არ იქნება, მაგრამ მესამე ჩაკითხვაზე და უფრო გვიან, აუცილებლად ვპასუხობდი, თუ აუცილებელი გახდა, პოლიტიკაში დავბრუნდები, რათა არ დავანგრიოთ მიღებული შედეგი.
ყოველგვარი კეკლუცობის გარეშე ვამბობდი, რომ რჩევებს მივცემ გუნდს და დავეხმარები კიდეც. რასაც ვამბობდი, იმას ვაკეთებდი, ეს მჩვევია. ოპონენტები ამას ვერ შეეგუენ და რაღაცებს იგონებდნენ, მაგრამ არაფერი ამით არ დამირღვევია. ამასაც არ ეწოდებოდა არაფორმალური, რადგან რჩევების მიცემა არავის აუკრძალავს, თანაც გუნდისთვის. გუნდს მე ღიად ვეხმარებოდი და მხარს ვუჭერდი არჩევნების დროსაც, სატელევიზიო გადაცემებში ვმონაწილეობდი, ვახასიათებდი მათ, ვაქებდი შესაქებს, კონკურენტებს ვაკრიტიკებდი და ა.შ. ძალიან აქტიური მხარდამჭერი ვიყავი „ქართული ოცნების“ და მქონდა ძალიან დიდი სურვილი, რომ გუნდი გაძლიერებულიყო, ის თამასა დაეჭირა, რაც ჩვენ დავაწესეთ. მისვამდნენ კითხვებს, თქვენ ზედმეტი გავლენა გაქვთ, არაფორმალურად მართავთ. მუდამ ვახსენებდი საზოგადოებას და დღესაც გავიხსენებ, რასაც ვამბობდი – მაქვს ჭარბი ნდობა საზოგადოების და ეს არის ჩემი ძირითადი კოზირი. სხვა რესურსი არანაირი არ გამაჩნია. ის, რაც საზოგადოებისგან გამაჩნია, საზოგადოებასვე მინდა მოვახმარო, თუ ხელისუფლებაში ვინმე თამაშის წესებს დაარღვევს, იქნება კორუფცია, იქნება გადაჭარბებული ძალის გამოყენება ან რაღაც მსგავსი, რაც მიუღებელია „ქართული ოცნების“ ხელწერისთვის, ხმას ამოვიღებ. ანგარიშს მიწევდნენ, რადგან იცოდნენ, რომ არ გავჩერდებოდი. აი, ასე ვახასიათებდი მაშინდელ ჩემს პოზიციას, რომ მე ვიყავი მომართული, აქტიური დამხმარე და მხარდამჭერი „ქართული ოცნების“, მაკონტროლებელიც და მაკრიტიკებელიც, თუ გნებავთ. არ ვმალავდი, თუ ჩვენი რომელიმე ჩინოვნიკი არ მოიქცევა ისე, როგორც ჩვენს კონსტიტუციას, კანონმდებლობას, წარსულსა და ისტორიას შეეფერება, მე არ გავჩერდები. სწორედ ამას ეძახდნენ დაჟინებით ოპონენტები არაფორმალურს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – ომი ირანში მაშინ დამთავრდება, როდესაც ამას ძვლებში ვიგრძნობ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან ომის დასრულების კონკრეტული ვადის დასახელებაზე უარი თქვა. მისი თქმით, კონფლიქტი მაშინ დასრულდება, „როდესაც საკუთარ ძვლებში იგრძნობს“.ტრამპის განცხადებით, არ ფიქრობს, რომ ომი „დიდხანს გაგრძელდება“, თუმცა აღნიშნა, რომ მხოლოდ მან იცის, როდის დასრულდება კონფლიქტი.აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ის ელოდება, რომ კონფლიქტი მალე დასრულდება, თუმცა დაამატა, რომ საჭიროების შემთხვევაში ის შეიძლება, განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდეს.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა უარყო ცნობები აშშ-ში საბრძოლო მასალების დეფიციტზე.„არავის აქვს ისეთი ტექნოლოგია ან იარაღი, როგორიც ჩვენ გვაქვს. ჩვენ გრაფიკით განსაზღვრულ ვადაზე ბევრად წინ ვართ, ბევრად წინ. აშშ-ს პრაქტიკულად შეუზღუდავი საბრძოლო მასალა აქვს. ჩვენ გამოვიყენებთ მას, შეგვიძლია, განვაგრძოთ სამუდამოდ“, – განაცხადა ტრამპმა.ტრამპის თქმით, სპარსეთის ყურეში კონფლიქტის ეკონომიკური შედეგები არ არის საგანგაშო. მისი განცხადებით, აშშ-ის ეკონომიკა მსოფლიოში საუკეთესოა და „სწრაფად აღდგება“.

ბელგიის პრემიერ-მინისტრი – ვერ შევძელით პუტინის დაშინება უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით, ვერც – რუსეთის ეკონომიკურად მოგუდვა აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე, რჩება მხოლოდ შეთანხმების მიღწევის მეთოდი

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, მისცენ ევროკავშირს მანდატი, რათა დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან მშვიდობის შეთანხმების მისაღწევად, რადგან ამ დრომდე ვერ მოხერხდა მოსკოვის იძულება, უარი თქვას უკრაინაში ომზე.ამის შესახებ ბარტ დე ვევერმა ბელგიურ გაზეთთან ინტერვიუში თქვა, რომლიდანაც ციტატას „ევრაქტივი“ ავრცელებს.„ვინაიდან ჩვენ ვერ შევძელით უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით ვლადიმერ პუტინის დაშინება, ვერ შევძელით მისი ეკონომიკურად მოგუდვა აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე, მხოლოდ ერთი მეთოდი რჩება – შეთანხმების მიღწევა“, – თქვა ბელგიის პრემიერ მინისტრმა.მისი თქმით, რუსეთის „მუხლებზე დაყენება“ შესაძლებელია მხოლოდ აშშ-ის „100%-იანი მხარდაჭერის“ შემთხვევაში, თუმცა დე ვევერი მიიჩნევს, რომ აშშ სრულად არ დგას უკრაინის მხარეს და ზოგჯერ ისე ჩანს, თითქოს ისინი „უფრო ახლოს არიან პუტინთან“, ვიდრე ზელენსკისთან.„მოსკოვთან მოლაპარაკებების მანდატი თუ არ გვექნება, ჩვენ არ ვიქნებით მოლაპარაკებების მაგიდასთან, სადაც ამერიკელები უკრაინას შეთანხმების მიღებისკენ უბიძგებენ და უკვე ახლა შემიძლია, ვთქვა, რომ ეს ჩვენთვის ცუდი შეთანხმება იქნება“, — განაცხადა ბელგიის პრემიერმა.

დონალდ ტრამპი – ქვეყნებმა, რომლებიც ნავთობს იღებენ ჰორმუზის სრუტის გავლით, თავად უნდა იზრუნონ ამ საზღვაო გზის უსაფრთხოებაზე და აშშ მათ მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ქვეყნებმა, რომლებიც ნავთობს იღებენ ჰორმუზის სრუტის გავლით, თავად უნდა იზრუნონ ამ საზღვაო გზის უსაფრთხოებაზე და აშშ მათ მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს.ამის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „თრუს სოშიალში“ დაწერა.„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანი დაამარცხა და სრულად გაანადგურა, როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკურ და ყველა სხვა მიმართულებით. თუმცა ქვეყნებმა, რომლებიც ნავთობს იღებენ ჰორმუზის სრუტის გავლით, თავად უნდა იზრუნონ ამ საზღვაო გზის უსაფრთხოებაზე და ჩვენ მათ დავეხმარებით – ძალიან მნიშვნელოვნად!აშშ ასევე კოორდინაციას გაუწევს ამ ქვეყნებს, რათა ყველაფერი სწრაფად, შეუფერხებლად და წარმატებით განხორციელდეს. ეს ყოველთვის გუნდური ძალისხმევა უნდა ყოფილიყო და ახლა სწორედ ასე იქნება. ეს მსოფლიოს გააერთიანებს ჰარმონიის, უსაფრთხოებისა და მუდმივი მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე“, – წერს დონალდ ტრამპიმანამდე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იმედი აქვს, ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩაერთვება ჩინეთი, საფრანგეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, გაერთიანებული სამეფო და სხვა ქვეყნები, რომლებიც ადგილზე სამხედრო გემებს გააგზავნიან.

იტალიის ისტორიული გადაწყვეტილება-მილიონობით ემიგრანტის შთამომავალმა შესაძლოა პასპორტის მიღების შანსი დაკარგოს

 იტალიამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეზღუდოს მოქალაქეობის მიღების უფლება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იტალიური წარმოშობის არიან, მაგრამ საზღვარგარეთ დაიბადნენ. CNN-ის ინფორმაციით, იტალიის საკონსტიტუციო სასამართლომ მიანიშნა, რომ მხარს დაუჭერს მთავრობის პოზიციას 2025 წლის სადავო კანონთან დაკავშირებით, რომელიც საგრძნობლად ამცირებს წარმოშობით მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობას.ახალი კანონი 2025 წლის მარტში საგანგებო სამთავრობო დეკრეტით მიიღეს. იგი გაასაჩივრეს ტურინის მოსამართლეებმა, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს დოკუმენტის შესაბამისობა კონსტიტუციასთან.დეტალური გადაწყვეტილება უახლოეს კვირებში გახდება ცნობილი, თუმცა უკვე ეს განცხადებაც მიუთითებს მთავრობის ცვლილებების მხარდაჭერაზე.მოქალაქეობის ტრადიციული პრინციპის დასასრული - მას შემდეგ, რაც იტალიური სახელმწიფო ჩამოყალიბდა ქვეყნის მოქალაქეობა ეფუძნებოდა პრინციპს Jus sanguinis - „სისხლის უფლებას“. ეს ნიშნავს, რომ იტალიის მოქალაქის შვილი ავტომატურად ითვლებოდა იტალიის მოქალაქედ, მიუხედავად იმისა, სად დაიბადა.ეს პრინციპი დაფიქსირებული იყო 1865 წლის სამოქალაქო კოდექსში და მოგვიანებით დადასტურდა 1912 და 1992 წლების კანონებით. სწორედ ამან მისცა მილიონობით ემიგრანტის შთამომავალს შესაძლებლობა მოეთხოვა იტალიური პასპორტი.რას ცვლის ახალი კანონი - ახალი წესების მიხედვით, მოქალაქეობის მიღებას შეძლებენ მხოლოდ ის ადამიანები, რომელთა მშობლები ან ბებია-ბაბუა იტალიაში არიან დაბადებული. გარდა ამისა, ამ ნათესავებს შვილის დაბადების ან საკუთარი გარდაცვალების მომენტში უნდა ჰქონდეთ მხოლოდ იტალიური მოქალაქეობა.ფაქტობრივად, ეს მნიშვნელოვნად ზღუდავს ორმაგი მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობას იტალიური დიასპორის წარმომადგენლებისთვის.რატომ გადაწყვიტეს წესების შეცვლა - იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საზღვარგარეთ მცხოვრები იტალიის მოქალაქეების რაოდენობა 2014 წლის 4,6 მილიონიდან 2024 წელს 6,4 მილიონამდე გაიზარდა.ქვეყნის საკონსულოები გადატვირთულია განაცხადებით. მაგალითად, არგენტინაში იტალიის დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა მხოლოდ 2024 წელს დაახლოებით 30 ათასი მოქალაქეობის განაცხადი განიხილეს.კანონის მოწინააღმდეგე იურისტები ამტკიცებენ, რომ ახალი წესები შესაძლოა მოქალაქეობის უფლებას მილიონობით ადამიანს ჩამოართვას, რომლებიც თავს იტალიელთა შთამომავლებად მიიჩნევენ.ადვოკატებმა უკვე განაცხადეს, რომ ბრძოლას გააგრძელებენ. საქმეები შეიძლება გადაიგზავნოს ევროპულ სასამართლოებში.

დიმიტრი ხუნდაძე „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ცრუ ბრალდებებზე: ეს არც პირველია და არც უკანასკნელი. ჩემი ძალა კი სიმართლეშია, რომელსაც ბინძური ხელებით ნასროლი ტალახი ვერასოდეს...

„ეს არც პირველია და არც უკანასკნელი. ჩემი ძალა კი სიმართლეშია, რომელსაც ბინძური ხელებით ნასროლი ტალახი ვერასოდეს დააზიანებს," - ასე პასუხობს სოციალურ ქსელში „ხალხი ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციურ არხზე გასულ სიუჟეტს, რომელიც მისი სახელის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.დიმიტრი ხუნდაძე აღნიშნავს, რომ ხანგრძლივი მცდელობის მიუხედავად, ჟურნალისტმა შეძლო მხოლოდ ცილისმწამებლური ბრალდებების გაჟღერება, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნდა.„მატყუარა ტელევიზიამ სამი თვე იწვალა სიუჟეტის გასაკეთებლად და რასაც თავი მოაბა, ეგაა. ტყუილს ტყუილი დააშენა და კომენტარებიც ისე დაჩეხა, ბოლოს „აჯაფსანდალიც" არ გამოუვიდა. საკუთარ ეზოში ერთი ავტომობილის, ძველი ფარეხის კანონიერი რეაბილიტაცია, რომლის ყველა პროცედურა დაცულია და ერთი კი არა, ორი ნებართვა არსებობს, მათ უკანონო, ახალ, გრანდიოზულ მშენებლობად გაასაღეს, არარსებული ჯარიმა მოგვაწერეს და სკანდალისთვის, როცა თავადაც მიხვდნენ, რომ საკმარისი ვერ იქნებოდა, სადაც კი ვინმეს შესაძლო გადაცდომა იპოვეს, ჯიუტად ცდილობდნენ, ყველაფერი ჩემთვის „მოეწერათ". მათ სისაძაგლეს საზღვარი არ აქვს, ისევე, როგორც ჩემი რეპუტაციის შელახვის სხვა მსურველების ქმედებას, რომლებიც სხვისთვის გათხრილ ორმოში ხშირად თავად ვარდებიან. ეს არც პირველია და არც უკანასკნელი. ჩემი ძალა კი სიმართლეშია, რომელსაც ბინძური ხელებით ნასროლი ტალახი ვერასოდეს დააზიანებს. ისე, ცნობისთვის, ქართულ სასაუბრო ენაში „დოლენჯი" ტყუილს, სისულელეს და არასერიოზულ საქციელს ნიშნავს,“ - წერს სოციალურ ქსელში დიმიტრი ხუნდაძე.

ბოლო სიახლეები