ისრაელის იერიშის შედეგად ღაზის სექტორში სამი პალესტინელი ჟურნალისტი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ალ-ზაჰრას რაიონში მათი ავტომობილი დაბომბეს.
„ბიბისის“ ცნობით, დაღუპული სამი ფოტოჟურნალისტი ღაზის სექტორში ეგვიპტური ჰუმანიტარული ორგანიზაციისთვის მუშაობდა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკებს იღებდა.”
ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ იერიში მიიტანეს „რამდენიმე ეჭვმიტანილზე, რომლებიც „ჰამასთან“ დაკავშირებულ დრონს იყენებდნენ იმგვარად, რაც საფრთხეს უქმნიდა ჯარისკაცებს“.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სხვადასხვა რაიონში ისრაელის მიერ არტილერიისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შედეგად კიდევ რვა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი.
„ჰამასისი“ მიერ კონტოლირებული ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 10 ოქტომბერს დაწყებული ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ღაზაში სულ მცირე 466 პალესტინელი დაიღუპა.
ისრაელის სამხედროების განცხადებით, იმავე პერიოდში პალესტინელი შეიარაღებული ჯგუფების თავდასხმების შედეგად სამი ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა.

