ორშაბათი, ივნისი 16, 2025

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანში რეჟიმის ცვლილება შეიძლება იყოს ისრაელის სამხედრო იერიშის შედეგი

ირანში რეჟიმის ცვლილება შეიძლება იყოს ისრაელის სამხედრო იერიშის შედეგი. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს შედეგი, რადგან ირანის რეჟიმი ძალიან სუსტია. ვფიქრობ, მას ძირითადად რჩება ორი რამ – მისი გეგმა, ჰქონდეს ატომური ბომბები და ბალისტიკური რაკეტები. ეს არის ძირითადად ის, რაც ირანს აქვს. მათ, რა თქმა უნდა, არ ჰყავთ ხალხი. ხალხის ოთხმოცი პროცენტი გამოაგდებდა ამ თეოლოგიურ ყაჩაღებს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ისინი ვერ დაუშვებენ, რომ მსოფლიოს ყველაზე საშიშ რეჟიმს მსოფლიოში ყველაზე საშიში იარაღი ჰქონდეს.

„ჩვენ მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც აუცილებელია ჩვენი ორმაგი მიზნის მისაღწევად, აღმოვფხვრათ ორი ეგზისტენციალური საფრთხე – ბირთვული საფრთხე და ბალისტიკური რაკეტების საფრთხე“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

რაც შეეხება ირანზე იერიშს, ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმირებული იყო აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

„ის ინფორმაცია, რომელიც მივიღეთ და გავუზიარეთ შეერთებულ შტატებს, სრულიად ნათელი იყო. სრულიად ნათელი იყო, რომ ირანი მუშაობდა ურანის იარაღად გარდაქმნის საიდუმლო გეგმაზე. ისინი ძალიან სწრაფად მიდიოდნენ წინ“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი ბერაია დაინიშნა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, „შემოსავლების სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ირაკლი ბერაია დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. ბერაია ამ დრომდე იგი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა.„ირაკლი ბერაია დაიბადა 1976 წლის 23 ივლისს.1998 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.2016–2025 წლებში იყო საქართველოს მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი. იკავებდა იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას.შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ თანამდებობა 16 ივნისს დატოვა. აღნიშნულ თანამდებობას იგი 2019 წლიდან იკავებდა“,- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ინფორაციაში.

დაჩი ცაგურია – შევარდნაძის დროს ჩემი დაჭერის შემდეგ სააკაშვილმა მითხრა, თეთრი ხელთათმანებით არ გამოვა ბრძოლა, თქვი, გაუპატიურებით მემუქრებოდნენო, მას შემდეგ სააკაშვილი ჩემთვის წითელი ხაზი...

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე დაჩი ცაგურიას უსმენენ.დაჩი ცაგურიამ სხდომაზე ისაუბრა, როდის გაიცნო პირადად მიხეილ სააკაშვილი და პარლამენტში მასთან ერთ-ერთი შეხვედრა გაიხსენა.„თუ არ ვცდები, 2001 წელი იყო, ჟვანია რომ გადადგა და თარგამაძე გადავაგდეთ. გვიხაროდა ძალიან, რკინის კაცი გადავაგდეთო. ამ პერიოდში გავიცანი პირადად სააკაშვილი. მაშინ, პრაქტიკულად, ჩემი დაორგანიზებული იყო მთელი სტუდენტური მოძრაობა. მთელი ერთი კვირა პარლამენტთან ვიდექით, გადადგა ჟვანია, გადადგა თარგამაძე, რის გამოც ძალიან გახარებული ვიყავით. სააკაშვილი მაშინ იუსტიციის მინისტრობიდან გადადგა, ჯერ პარტია არ ჰქონდა გაკეთებული, მაგრამ, როგორც ჩანს, გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული და ცდილობდა, ჩემთან ემეგობრა. შევარდნაძის დროს ოთხჯერ ვარ დანაჭერი – დიქტატორი შევარდნაძე-მეთქი და ოთხჯერ დამიჭირეს. ობიექტურად ვამბობ, ვარდების რევოლუციამდე არცერთხელ, არცერთი დაჭერის დროს არ ვარ ნაცემი. ძირითადად ქალაქიდან სადღაც გამიყვანდნენ, ჩამომაგდებდნენ მანქანიდან და შემდეგ ჩაიშლებოდა აქცია, რაც დაგეგმილი მქონდა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა მოხდა, როცა აქციების შემდეგ შევარდნაძე მოდიოდა უნივერსიტეტში შეხვედრაზე. მას ხომ უყვარდა გაბედული ნაბიჯების გადადგმა და სტუდენტებთან მოსვლა. ვემზადებოდი ამ შეხვედრისთვის. პეტრე მელიქიშვილის ბიუსტთან დამაკავეს, ჩამომსვეს საგურამოსთან. მთელი გზა არც ხელი დაურტყამთ, პირიქით, მე ვარ ანთებული სტუდენტი, ვამბობდი, დიქტატორის მსახურებო-მეთქი. ჩემზე ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა. რა თქმა უნდა, მაშინ ციხეებში და დროებითი დაკავების იზოლატორებში იყო ადამიანების ცემის, წამების ფაქტები, ეს ვიცოდით, მაგრამ პირადად ჩემთვის არცერთ ჯერზე არავის ხელი არ დაურტყამს. სააკაშვილმა ჩემი დაჭერის შესახებ რომ გაიგო და იმ შეხვედრაზე არ ვიყავი, დამირეკა, პარლამენტის პლენარული სხდომა უნდა იყოს, შენ იქ უნდა შეგიყვანოთ, რომ სტუდენტური მოძრაობის ლიდერი დაიჭირესო. კი ბატონო, შემოვალ-მეთქი. პარლამენტში რომ მოვედი, მგონი, ადეიშვილი იყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. შეხვედრაზე იყო მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ადეიშვილი. მკითხეს, რა მოხდაო. იქიდან სამ დღეში იყო პლენარული სხდომა. მოვუყევი, დამიჭირეს, დავახურე თავზე-მეთქი, შემდეგ ჩამომსვეს და როდესაც მივედი, შეხვედრა უკვე დამთავრებული იყო-მეთქი. სააკაშვილი მეუბნება, ეგრე არ მოყვეო. აბა, როგორ უნდა მოვყვე, რაც მოხდა, ეს არის-მეთქი. ხომ იცი, თეთრი ხელთათმანებით არ გამოვა ბრძოლა, თქვი, წამიყვანეს, ჩამიყვანეს მიტოვებული აგარაკის სარდაფში, სადაც მაგინებდნენ, შეურაცხყოფას მაყენებდნენ, შემოიტანეს ვიდეოკამერა, დუბინკა და მეუბნებოდნენ, გაგაუპატიურებთო. ამას მეუბნება მიხეილ სააკაშვილი, 19 თუ 20 წლის სტუდენტი ვარ. ნახალოვკაში დავიბადე და გავიზარდე, წარმოვიდგინე, რომ ეს ისტორია უნდა მოვიგონო, მოვყვე ტყუილი, ამხელა უბედურება. კინაღამ გავგიჟდი, დავახურე თავზე, რას მეუბნები, ეგეთი რამ როგორ მოგაფიქრდა, როგორ მაკადრეთ, რომ ასეთ რამეს მოვყვები, ნამუსი არ გაქვთ-მეთქი? სამივეს დავახურე თავზე და წამოვედი. შეხვედრას ესწრებოდნენ ადეიშვილი, მერაბიშვილი და სააკაშვილი. მიშა ლაპარაკობდა, იმათ ხმა არ ამოუღიათ. სხვათა შორის, შემდეგ ეს ისტორია ერთი ერთში დაემთხვა და ონიანმა მოყვა სიტყვასიტყვით. „კმარა“ გააკეთა ორგანიზაცია და ერთ-ერთი აქტივისტი იყო. ტელევიზორი რომ ჩავრთე და ვუყურე, ვიფიქრე, რაც მე არ გავაკეთე, ვიღაცას გააკეთებინეს-მეთქი“, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის კითხვაზე, უარი რომ თქვით, რით დამთავრდა შეხვედრა?, ცაგურიამ აღნიშნა:„ჩემს გაუპატიურებაზე ჩავასმევინო ხალხი 20-წლიანი სასჯელით-მეთქი? რაც მოხდა, იმას მოვყვები, იმაზე აგონ პასუხი, როგორ ვიკადრებ და ვიტყვი, მაუპატიურებდნენ-მეთქი? ძალიან ვეჩხუბე და დავახურე თავზე. ამის შემდეგ ცდილობდა, სტუდენტური მოძრაობა გამოეყენებინა, მაგრამ ჩემთვის უკვე ის წითელი ხაზი იყო. დავინახე, ეგენი ვინც იყვნენ “, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

რუსეთის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს ისრაელის დატოვებას ურჩევს

რუსეთის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს ისრაელის დატოვებას ურჩევს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის ელჩმა, ანატოლი ვიქტოროვმა ტელეარხ „რუსეთ-24“-ის ეთერში გააკეთა.მან რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში ვითარების ნორმალიზებამდე ისრაელის დატოვება ურჩია.მისივე თქმით, რუსეთის მოქალაქეებისთვის საფრთხე „სულაც არ არის ეფემერული“. მან მაგალითად მოიყვანა, თუ როგორ ჩაიმსხვრა მინები რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა ბინებში ირანის ერთ-ერთი თავდასხმის დროს.ვიქტოროვის თქმით, რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ, დამოუკიდებლად დატოვონ ისრაელი ეგვიპტის საზღვარზე მდებარე სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით, შემდეგ კი გაფრინდნენ რუსეთში შარმ-ელ-შეიხიდან ან კაიროდან.ელჩის თქმით, რუსეთის მოქალაქეთა ევაკუაცია ისრაელიდან ჯერ არ გამოცხადებულა, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ეს შესაძლებელი იქნება.

დაჩი ცაგურია – ჯერ ქუჩაში დაგვასისხლიანეს, მიგვათრიეს პოლიციის სამმართველოში და შემდეგ იქ ფეხით დადიოდნენ ჩვენზე, ბეიზბოლის ხელკეტებით გვცემდნენ, სახეში გვაფურთხებდნენ

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე დაჩი ცაგურიას უსმენენ, რომელმაც 2009 წლის 15 ივნისის მოვლენები გაიხსენა.დაჩი ცაგურიას თქმით, 2009 წლის 15 ივნისი არის მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე დღე.„43 წლის ვარ და ასეთი მძიმე დღე უბრალოდ არ მქონია, არ ვიცი, ასეთი სასტიკი დღე არ ყოფილა მგონი არასოდეს. მივდიოდით იქ, სადაც იყო მიხეილ სააკაშვილი, ხან ქალბატონ სოფოსთან ერთად, ასეთ სიტუაციებში როცა იყო, რესტორანთან მივდიოდით და გამოვთქვამდით პროტესტს. შიგნით შესვლა არ გვიცდია არასდროს. ჩვენი მესიჯები გვქონდა, ხან სანდრო გირგვლიანის ფოტო გვქონდა, ხან ვაზაგაშვილის, გამცემლიძის, ბუტა რობაქიძის და ა.შ. შეჭრის მცდელობაც არ გვქონია. 15 ივნისს წინ უძღოდა ის, რომ იყო დიდი აგრესია, ცემა და უბედურება. 15 ივნისამდე საპროტესტო აქციები შენელებულია, უკვე ძალა აღარ აქვს ოპოზიციას და ესენი გადმოვიდნენ ჩვენზე შეტევაზე. ოჯახებს გვიწიოკებდნენ, დაიწყეს ჩვენი დაჭერები. მიშა მესხს მიუვარდნენ დასაჭერად სახლთან, მეზობლებმა და ქალებმა გადაარჩინეს. მეც ზუსტად ასევე მომივარდნენ. პოლიციამ ვითომ გამაჩერა. დამტვრეული „ნივა“ მყავდა და სიჩქარეს გადააჭარბეო. ის მანქანა სიჩქარეს ფიზიკურად ვერ აჭარბებდა. მივხვდი, რაშიც იყო საქმე. მამასთან ერთად ვიყავი და არ გრცხვენიათო? მამაჩემს ვუთხარი, სოზარ სუბართან ვრეკავ, დამშვიდდი-მეთქი და რომ გაიგო პოლიციელმა, ტელეფონი გამომგლიჯა. გადმოვედი მანქანიდან და ჩასაფრებაა, ალბათ 200 პოლიციელია. ზედაზენის ქუჩაზე, ჩემს საცხოვრებელ სახლთან დამხვდნენ. მეზობლების დახმარებით, ვერ დამიჭირეს.  ასე ყველას სახლებთან რომ გვხვდებოდნენ, ამიტომ გადავწყვიტეთ, მივსულიყავით სამმართველოსთან. აქციის მიზეზი იყო, რომ ჩავბარებულიყავით – „გვითხარით, ვისი დაჭერაც გინდათ, აქ ვართ“. დაახლოებით 50-60 ადამიანი ვიყავით მშობლებთან ერთად.  სამმართაველოსთან ვიდექით ტროტუარზე. ჩვენდა გასაოცრად, დაგვხვდა სამმართველოს კარი ღია. შიგნიდან ვიდეოკამერებით გვიღებდნენ და ჩვენ დავიწყეთ სიის წაკითხვა, რომ მოვედით და აქ ვართ. უცებ ყველა მხრიდან მოდიან, სამმართველოს შესასვლელის გარდა. ამათ უნდოდათ, დაედგათ კადრი, შევერეკეთ შენობაში, რომ გადაეღოთ, ვითომ შევიჭერით.  ყველა ჩვენს აქციას თან ახლდა ზონდერ დაჯგუფებების გაკეთება. უდესიანები და ვიღაცები ჰყავდათ ზონდერ დაჯგუფებების ორგანიზატორებად. აქციიდან წასულ ხალხს სასიკვდილოდ სცემდნენ“, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.დაჩი ცაგურიამ დეტალურად ისაუბრა ჯერ პოლიციის სამმართველოს ეზოში, შემდეგ კი, სამმართველოს შენობაში განვითარებულ პროცესებზე.„ახალგაზრდებმა მინდა იცოდნენ, ხალხნო, ახლა რომ ამბობთ, იგივეა და უარესია, ეს სიგიჟეა, არ დაგაჯეროთ არავინ. ვინმემ თუ არ იცით, რა არის იგივე და რა არის უარესი, უარესია კი არა, ჩრდილო კორეა გვენატრებოდა და რა რუსეთში მიგვაქანებენ, რუსეთი იყო სანატრელი. ესეთი რაღაცები მაშინდელ რუსეთში არ ხდებოდა. ჯერ გარეთ დაგვასისხლიანეს, სასიკვდილოდ გაგვიმეტეს და გვცემეს, შემდეგ შეგვათრიეს სამმართველოს შენობაში. ოღონდ როგორ იყო იცით, მოაწყობდნენ ხოლმე სახელდახელოდ დერეფანს, ხომ მიგვათრევდნენ ხელებამობრუნებული და გვირტყამდნენ თან, გვაფურთხებდნენ სახეში და შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, შემდეგ დერეფანში შეგვაგდებდნენ და დერეფანი უნდა გაგვევლო. დერეფანში იდგა ერთი ორმოცი ადამიანი ხელკეტებით და რაღაცებით და სათითაოდ ყველა გვირტყამდა, ყველა სამაგალითოდ. ერთგვარი შეჯიბრი ჰქონდათ, ვინ უფრო მაგარი იყო, ერთმანეთისთვის რომ დაემტკიცებინათ, ვინ უფრო მაგრად გაგვიმეტებდა, ვინ უფრო დაუნდობელი იყო. ჯერ ქუჩაში მოგვკლეს ცემით და დაგვასისხლიანეს, თავებდახეთქილები და დაგლეჯილები ვართ უკვე, დაკავებულები და არავინ არანაირ წინააღმდეგობას არ უწევს, მაგრამ მაინც გვირტყამენ, მოგვათრევენ და უკვე სამმართველოს ეზოში ჯერ ეს დერეფნები ეწყობა სახელდახელოდ ყველასთვის და იქ გვცემენ, გვაგინებენ, ისეთ რაღაცებს გვეუბნებოდნენ, რომ ეს გინება არ არის, ვერ ვიტყვი უბრალოდ, რაღაც საზიზღრობაა. სახეში გვაფურთხებდნენ. დერეფანი ხომ გაგვატარეს, შემდეგ დერეფნიდან აგვიყვანეს კიბეებზე, სამმართველოს შესასვლელი იყო, სადაც ლიფტებია და ერთგვარი ფოიე, იქ რომ შემიყვანეს, ჩემი მეგობრები არიან ძირს დაყრილები, ძირს ვწევართ, უკვე ადგილი აღარ არის იქ, გადაიჭედა იქაურობა და ფეხით დადიოდნენ ჩვენზე ზემოდან, ბეიზბოლის ხელკეტებით და არმატურებით ზემოდან გვცემდნენ. ნაწილი მანდ შეგვიყვანეს, ნაწილი სასამართლოს შენობაში შეიყვანეს. სასამართლოს შენობაში ჩემი მეგობრები დაგლიჯეს ცემით, ტყავი დაუხიეს, ისეთ დღეში ჩააგდეს, დაასისხლიანეს, ძვლები დაულეწეს, სააპელაციო სასამართლოს შენობაში, ახლა რომ გრძელი ენა აქვთ, რაღაცები რომ არ მოსწონთ. ჩემზე იყო ერთგვარი მოთხოვნა, აბა, ცაგურია ცაგურია. პარტია პარტია მოდიოდნენ, უკვე გონზე ვიყავი, მაგრამ ყოველგვარი ენერგიისგან გამოლეული, თავზე მედო ხელები და თავზე რომ ბეისბოლის ბიტას მირტყამდნენ, ხელის მტევანი დალეწილი მაქვს, ფორმა აქვს შეცვლილი, სამმართველოში დამიმტვრიეს, თავზე რომ მედო და ბეიზბოლის ბიტას რომ მირტყამდნენ. ეტყობა, ხელზე რომ მხვდებოდა, გული სწყდებოდათ მაგაზე, მომეპარა უკნიდან და ზუსტად შუაში, ისე რომხელებს შორის გაეძვრინა, მხეთქა ბეიზბოლის ხელკეტი და საშინელი ტკივილი იყო. ხერხემალი დამიზიანდა იქ, ორი მალა მქონდა ცემისგან გატეხილი“, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

აქტიური მუშაობა უნდა გვქონდეს საზოგადოებასთან, რომელმაც თავადაც გვითხრა, რომ თბილისში არანაირი არჩევნები არ უნდა, 70 პროცენტი წინააღმდეგია – ელენე ხოშტარია

აქტიური მუშაობა უნდა გვქონდეს საზოგადოებასთან, რომელმაც თავადაც გვითხრა, რომ თბილისში არანაირი არჩევნები არ უნდა, 70 პროცენტი წინააღმდეგია, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.ხოშტარიას კითხვა დაუსვეს სოციოლოგიურ გამოკითხვაზე, რომლის მიხედვითაც, კითხვაზე, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებში, გამოკითხულთა 54 პროცენტის პასუხია „დიახ“.„არ ვაპირებ „ლელოსთან“ საჯარო პოლემიკაში ამ საკითხის გარჩევას. მამუკა ხაზარაძეს შევთავაზე საჯარო დებატები და ეს შეთავაზება ძალაშია, სადაც ჩვენ ყველა საკითხზე გულწრფელად ვისაუბრებთ. ასევე, შემიძლია, საზოგადოებას ვუთხრა, რომ დავუკავშირდი და შევხვდი ორჯერ. რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ მივალ და კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს პატივისცემას. ამასთანავე, კოალიციის პოზიცია ძალიან პრინციპულია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ არის არჩევნები. ეს ყალბი რუსული პროცესია, რომელშიც მონაწილეობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და ამის გარშემო უნდა გავერთიანდეთ. ყველას თავის პოზიციის თქმა შეუძლია, მაგრამ ერთადერთი შეთანხმება, რომელიც ამ საკითხზე იყო, ეს იყო პლატფორმის ფარგლებში, რომელზეც პრეზიდენტმა ისაუბრა და ჩემთვის ძალიან სამწუხარო იყო, რომ „ლელომ“ ეს გადადო.რუსული ოცნების ჩამოშლის გზა გადის მისი ლეგიტიმაციის არაღიარებაზე და მათთან არ თანამშრომლობაზე. ეს არის ბრძოლის გზა. სწორედ ამიტომ სხედან ციხეში მათ შორის ამ კოალიციის ლიდერები. როგორ შეიძლება, კომისიაზე არმისვლით გირაოთი წახვიდე ციხეში და იქვე ილაპარაკო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მათთან თანამშრომლობაზე და, პრაქტიკულად, აღიარო, რომ არჩევნები ტარდება ბიძინა ივანიშვილის პირობებში. ეს პრინციპული პოზიციაა და იმედი მაქვს, ოპოზიცია ერთიანად შევჯერდებით. ბოიკოტი არასწორი სიტყვაა, არ არსებობს არჩევნები, რისი ბოიკოტი. აქტიური მუშაობა უნდა გვქონდეს საზოგადოებასთან, რომელმაც თავადაც გვითხრა – თბილისში არანაირი არჩევნები არავის არ უნდა, 70% წინააღმდეგია“, – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

ბოლო სიახლეები