საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არაფერი თუ არ შეიცვლება, ჩვენ მივიღებთ აბსოლუტურად იმავე სურათს სენატში, რაც მივიღეთ კონგრესში, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ გენერალურმა მდივანმა, ბაკურ კვაშილავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ჩვენ ვნახეთ, მხარდაჭერა იყო ორპარტიული, როგორც ამერიკელები იტყვიან, ბიპარტიული, აბსოლუტური უმრავლესობით. როგორც გამომსვლელებს შორის მხოლოდ მეხუთედი, ანუ, ხუთიდან ერთი ადამიანი იყო წინააღმდეგი, ასევე იყო კენჭისყრის დროს და ხელისუფლება თუ არ მიიღებს რაიმე გადამწყვეტ ზომებს იმ განწყობის შესაცვლელად, რომელიც დღეს ამერიკის კანონმდებლებში არსებობს, აშშ-ის უმაღლეს პირებს არ ექნებათ არანაირი მოტივაცია, რომ შეცვალონ აქტში მოცემული სულისკვეთება“, – განაცხადა კვაშილავამ.
როგორც კვაშილავამ აღნიშნა, „მეგობარი აქტის“ მიღებას მხოლოდ ერთმა გამომსვლელმა არ დაუჭირა მხარი.
„მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რატომ გააკეთა ეს. მან უბრალოდ თქვა, ამერიკამ საკუთარ თავს უნდა მიხედოს, ამერიკა უპირველეს ყოვლისა და აქედან გამომდინარე, ამერიკის უსაფრთხოების ქოლგა არ არის აუცილებელი, ფარავდეს ისეთ ქვეყანას, როგორიც საქართველოა. ანუ, აქ კი არ იყო იმაზე საუბარი, რომ „ქართული ოცნება“ არ იქცევა ისე არადემოკრატიულად და ამიტომ არ ვეთანხმები, არა, იყო საუბარი იმაზე, რომ არ არის საქართველო ახლა ჩვენთვის ისე მნიშვნელოვანი და აქედან გამომდინარე ნუ მივაქცევთ ყურადღებას, რა ხდება ამ შორეულ მხარეში, როდესაც ჩვენ გვაქვს გადასაწყვეტი ამერიკის პრობლემებიო. იმაზე საუბარიც კი, თითქოს იქ არსებობს რაღაც ჯგუფი, რომელიც იტყოდა, „ქართული ოცნება“ პირიქით, ამერიკის მომხრეა და შეცდომაშია შეყვანილი ამერიკის კონგრესმენთა აბსოლუტური უმრავლესობაო, იქნებოდა ტყუილი. ეს არის ერთ-ერთი, რაც აუცილებლად უნდა გავიაზროთ, როდესაც ვსაუბრობთ იმ 45, თუ რამდენიმე კონგრესმენზე, რომელმაც ხმა არ მისცა ამ აქტს. ეს იყო ერთადერთი მოტივაცია და დასაბუთება, რომელიც მათ ჰქონდათ“, – განაცხადა კვაშილავამ.
მისი თქმით, აქტში ჩაწერილია კონკრეტული დღეების რაოდენობა, 120 დღე ამოქმედებიდან, ვიდრე რაღაც მოხდება, 90 დღე, ვიდრე კონკრეტული ასპექტები შევა ძალაში და თვითონ ამ აქტშიც კი, თავისთავად არის ჩადებული გარკვეული ვადა, რომელშიც იგულისხმება, რომ „ქართულ ოცნებას“ ექნება საშუალება, მდგომარეობა გამოასწოროს, მაგრამ ამის გარდა, შესაძლებელია, საერთოდაც არ იქნას ეს აქტი მიღებული, თუ დრამატული ზომები იქნება მიღებული „ქართული ოცნების“ მხრიდან.
„დღეს „ქართული ოცნება“ ხელისუფლების აბსოლუტურად ყველა ასპექტს, ყველა შტოს აკონტროლებს, აკონტროლებს მედიას და აქედან გამომდინარე, მას არ აქვს არანაირი ხელის შემშლელი ფაქტორი, რომ სიტუაციის განმუხტვას შეუწყოს ხელი. ეს მთლიანად „ქართულ ოცნებაზეა“ დამოკიდებული, გაუშვებს თუ არა მაგალითად, მზია ამაღლობელს, რომელიც პოლიციელისთვის ხელის სახეში დარტყმისთვის არის დღეს დაკავებული და არ არის დაკავებული არცერთი ადამიანი, რომელიც მაგალითად, ასფალტზე გაშოტილ ახალგაზრდას, რომელიც არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა, წიხლით ახტება. არ არის დაპატიმრებული ადამიანი, რომელმაც მაკა ჩიხლაძეს თითქმის კისერი მოტეხა და ოპერატორს წიხლებით შეახტა“, – განაცხადა კვაშილავამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა საფუძვლები შეიძლება, ჰქონდეს ე.წ. დიფ სთეითზე საუბარს, რადგან ხელისუფლება საუბრობს გარკვეულ არაფორმალურ ძალებსა და ჯგუფებზე და ამბობს, რომ „მეგობარი აქტიც“ ამის შედეგია, კვაშილავამ აღნიშნა, რომ ამას არავითარი საფუძველი არ აქვს, გარდა იმისა, რომ არ მოგწონს, როდესაც აშშ-ი, დემოკრატიული და მთელი მსოფლიოს ლიდერი ქვეყანა რეალურად ამბობს, რომ შენი ჩატარებული არჩევნები არალეგიტიმურია, მნიშვნელოვნად უნდა შეცვალო კურსი და უნდა მისცე საშუალება ქართველ ხალხს და სხვა პოლიტიკურ პარტიებს, სრულფასოვანი, თანასწორი მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ პროცესში.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რა გავლენა ექნება ქვეყანაზე სანქციებს, რადგან „მეგობარი აქტის“ ერთი ნაწილი სასანქციო პოლიტიკის გაგრძელებას ეხება, ბაკურ კვაშილავამ განაცხადა, რომ არ იცის, ქვეყანაზე რა გავლენა ექნება, მაგრამ „ქართულ ოცნებაზე“ საკმაოდ დიდი გავლენა ექნება, რადგან თვითონ კანონპროექტი ეხება ყველას და მათ, ვინც კი 2014 წლიდან ოდესმე ყოფილა ხელისუფლებაში, შესაძლოა, შეეხოს ეს სანქციები.
„ანუ, შესაძლოა, ის იყოს უბრალოდ, პირველი ტალღა და დანარჩენები, ნებისმიერი რანგის პოლიტიკოსი იქნება ეს, თუ სამოქალაქო სამსახურში მყოფი პირი, რომელიც პარტიის ინტერესებს იცავს და არა სახელმწიფოსას, შესაძლოა, მოხვდეს ამ სანქციების ქვეშ, ვინაიდან ამერიკა არის საფუძველი პრაქტიკულად ყველა ფინანსური ინსტრუმენტის და ინსტიტუციის მთელ მსოფლიოში, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც აქვს სარგებელი, რომელიც მიიღო თავისი თანამდებობიდან, შექმნა გარკვეული დანაზოგი, ავად თუ კარგად, მოუწევს არჩევანის გაკეთება და არჩევანი იქნება ასეთი – ხომ არ ჯობია ჩემივე ინტერესებისთვის, რომ „ქართული ოცნება“ გახდეს უფრო დემოკრატიული და მოიქცეს ისე, როგორც ამას ითხოვს თავისუფალი სამყარო, რადგან სხვა შემთხვევაში, ის კეთილდღეობა, რომელიც თუნდაც, იმით შევქმენი, რომ მე „ქართულ ოცნებასთან“ ვთანამშრომლობდი, ეჭვის ქვეშ დგება. აი, ეს შედეგი ექნება საბოლოო ჯამში ამ სანქციებს“, – განაცხადა ბაკურ კვაშილავამ.