შაბათი, მარტი 1, 2025

ბადრი ჯაფარიძე – არასდროს არსად არ ყოფილა თქმული, რომ ქართული ღვინო არ უნდა გაიყიდოს რუსეთში ან სანქცია უნდა დააწესო, რომლითაც, მაგალითად, ქართული ხილი არ გაიყიდოს რუსეთში

არასოდეს არსად არ ყოფილა თქმული იმის თაობაზე, რომ ქართული ღვინო არ უნდა გაიყიდოს რუსეთში ან სანქცია უნდა დააწესო, რომლითაც, მაგალითად, ქართული ხილი არ გაიყიდოს რუსეთში, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„სერიოზული ხომ არ არის ამაზე საუბარი? საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველო შეუერთდა კიდეც ფინანსურ სანქციებს. იმ სანქცირებულ პირებს, რომლებსაც ევროკავშირმა და აშშ-მა სანქციები დაუწესეს, არ აქვთ უფლება, საქართველოში შემოიტანონ კაპიტალი ან საბანკო ანგარიშები ჰქონდეთ. თუ ამას გააკეთებენ, მაშინ სანქცირებული იქნება ჩვენი ფინანსური სისტემაც. ის, რაც თავის დროზე ღარიბაშვილმა გააკეთა, ესეც იყო საოცარი ტყუილი. მან თქვა, რომ საქართველო არ შეუერთდება სანქციებს, როცა ამ დროს საქართველო შეუერთდა ფინანსურ სანქციებს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ბადრი ჯაფარიძის ეს განცხადება იყო პასუხი ჟურნალისტის კითხვაზე: „შეიცვალა თუ არა ოპოზიციამ რიტორიკა რუსეთის მიმართ სანქციებთან დაკავშირებით, რადგან 2023 წლის 20 ნოემბერს „ლელომ“ წარადგინა რუსეთის გავლენების დასასრულებლად 9-პუნქტიანი გეგმა, სადაც პირველ პუნქტში ეწერა ევროკავშირის სანქციებთან სრულად შეერთება, რომელიც, მათ შორის, მოიცავდა სავაჭრო ურთიერთობების მიმართულებით სანქციებსაც“.

წამყვანმა სტუმარს „ლელოს“ წევრების განცხადებებიც შეახსენა, სადაც ისინი რუსეთის მიმართ სანქციებთან არშეერთების გამო ხელისუფლების მისამართით მწვავე კრიტიკით გამოირჩეოდნენ.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ოპოზიციას ხელისუფლების მიმართ ჰქონდა კრიტიკა და ბრალდებაც, რომ საქართველო არ უნდა გახდეს ისეთი პროდუქციის ტრანზიტის წყარო, რომელზეც არის დაწესებული სანქციები.

გადაცემის წამყვანმა სტუმარს შეახსენა, რომ სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით ოპოზიცია საუბრობდა, თუმცა მოკვლევაც ჩატარდა და თბილისში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემაც დაადასტურა, რომ საქართველოში ამას ადგილი არ ჰქონია.

საპასუხოდ ჯაფარიძემ აღნიშნა: „ჩვენ ვალდებული ვიყავით და ვალდებული ვართ, ამ თემაზე მუდმივი ყურადღების კონცენტრირება მოვახდინოთ. იმიტომ, რომ, მაგალითად, საქართველოდან მანქანების რეექსპორტი არის გაზრდილი მართლაც საოცარი რაოდენობით, ხოლო ეს მანქანები, მათ შორის, ფეშენებელური მანქანები მიემართება რუსეთში. მე რისი თქმა მინდა, რა თქმა უნდა, არის დიდი კონტროლი ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რომ საქართველო არ იქნეს გამოყენებული, როგორც ტრანზიტის დერეფანი ისეთი ტიპის პროდუქციისთვის, რომელიც გამოიყენება რუსეთის აგრესიული სამხედრო მანქანის მიერ“.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რატომ აგრძელებდა „ლელო“ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით განცხადებებს და ამ თემით აპელირებას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის საქართველოში ვიზიტის შემდეგაც, ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ არ არის საფუძველი, საქართველოს ტრანზიტად გამოყენება ისეთი პროდუქციისთვის, რომელიც, საბოლოო ჯამში, რუსეთის სამხედრო წარმოებისთვის არის მნიშვნელოვანი, მათი კოალიციის მხრიდან არცერთი განცხადება არ ყოფილა, რომელიც საპირისპიროს ამტკიცებდა.

ჯაფარიძემ ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი, რადგან არის დე ფაქტო, ქმედითუუნარო პარლამენტი, ქვეყანა არის სრულად იზოლირებული, უნგრეთის გარდა, საქართველოში არ ჩამოსულა არცერთი მაღალჩინოსანი, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება. ჯაფარიძის თქმით, ქვეყანა დაშორდა ევროკავშირს, შეწყდა ყოველგვარი კონტაქტი საქართველოში ჩატარებული არადემოკრატიული არჩევნების გამო და ამიტომ ერთადერთი დემოკრატიული გამოსავალი არის არჩევნები.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დონალდ ტრამპის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა „კარგად არ წარიმართა“, უკრაინის პრეზიდენტს ახლავე სურს თეთრ სახლში დაბრუნება, თუმცა მისთვის ეს მოუხერხებელია

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა „კარგად არ წარიმართა“.მისი თქმით, მოლაპარაკებების გასაახლებლად, ზელენსკის მშვიდობა უნდა სურდეს.როგორც ტრამპმა აღნიშნა, უკრაინის პრეზიდენტს ახლავე სურს თეთრ სახლში დაბრუნება, თუმცა მისთვის ეს მოუხერხებელია.„ჩვენ არ ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას. ჩვენ მისი დასრულება გვსურს, ან მივცემთ საშუალებას წავიდნენ და ნახონ რაც მოხდება, იბრძოლონ“, – განაცხადა ტრამპმა თეთრი სახლის დატოვების დროს.თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გაუქმდა, უკრაინის პრეზიდენტმა კი თეთრი სახლი დატოვა. ამასთან, შეხვედრის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის, ის პატივს არ სცემს ამერიკელ ხალხს ოვალურ კაბინეტში. შეუძლია, დაბრუნდეს მაშინ, როცა მშვიდობისთვის მზად იქნება“.ამასთან, ტრამპმა უარი თქვა ეპასუხა კითხვაზე, მოსთხოვა თუ არა ზელენსკის თეთრი სახლის დატოვება. „ვალდებული არ ვარ გითხრათ. ვფიქრობ, პასუხი იცით“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტს კითხვაზე პასუხად.

ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე გააზიარა,კვლევა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პატრიარქის მიერ მესამე და მომდევნო შვილების ნათლობის ინიციატივამ საქართველოში შობადობის მაჩვენებელი გაზარდა

აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელში გააზიარა კვლევა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პატრიარქის მიერ მესამე და მომდევნო შვილების ნათლობის ინიციატივამ საქართველოში შობადობის მაჩვენებელი გაზარდა.„მშვენიერი ახალი ნაშრომი გვაჩვენებს, როგორ გამოიწვია წახალისებამ და მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის ამაღლებამ დაქორწინებულ ქართველ მართლმადიდებელ წყვილებში შობადობის 42%-ით ზრდა და მესამე მშობიარობის 100%-ით ზრდა. კულტურულ ლიდერებს შეუძლიათ, აამაღლონ ერების ნაყოფიერება“, – ნათქვამია პოსტში, რომელსაც ილონ მასკი აზიარებს.

თეთრი სახლის განცხადებით, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა გააუქმა

თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა გააუქმა.როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, ხელმოწერის ცერემონია გაუქმდა მას შემდეგ, რაც ოვალურ კაბინეტში ორი ქვეყნის ლიდერს შორის შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრი სახლი ნაადრევად დატოვა.თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გაუქმდა, უკრაინის პრეზიდენტმა კი თეთრი სახლი დატოვა. ამასთან, შეხვედრის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის, ის პატივს არ სცემს ამერიკელ ხალხს ოვალურ კაბინეტში. შეუძლია, დაბრუნდეს მაშინ, როცა მშვიდობისთვის მზად იქნება“.

კაია კალასი – უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გავაძლიერებთ, დღეს ნათელი გახდა, რომ თავისუფალ სამყაროს ახალი ლიდერი სჭირდება, ევროპელებს ამ გამოწვევის მიღება მოგვიწევს

თავისუფალ სამყაროს ახალი ლიდერი სჭირდება, – ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი კაია კალასი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას.მისი თქმით, უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გააძლიერებენ.„უკრაინა ევროპაა. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ. გავაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, რათა მათ შეძლონ, განაგრძონ აგრესორთან ბრძოლა. დღეს ნათელი გახდა, რომ თავისუფალ სამყაროს ახალი ლიდერი სჭირდება. ჩვენ, ევროპელებს მოგვიწევს ამ გამოწვევის მიღება“, – წერს კალასი.თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელესკის შორის შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გაუქმდა, უკრაინის პრეზიდენტმა კი თეთრი სახლი დატოვა. ამასთან, შეხვედრის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის, ის პატივს არ სცემს ამერიკელ ხალხს ოვალურ კაბინეტში. შეუძლია, დაბრუნდეს მაშინ, როცა მშვიდობისთვის მზად იქნება“.

ჯასტინ ტრუდო – უკრაინელების ბრძოლა დემოკრატიის, თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი ბრძოლაა, კანადა განაგრძობს უკრაინის გვერდით დგომას სამართლიანი, მყარი მშვიდობისთვის

კანადა განაგრძობს უკრაინისა და უკრაინელების გვერდით დგომას სამართლიანი და მყარი მშვიდობისთვის, – ამის შესახებ კანადის კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო სოციალურ ქსელში წერს.ტრუდო ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას.როგორც ტრუდო აღნიშნავს, უკრაინის ბრძოლა მნიშვნელოვანი ბრძოლაა.„რუსეთი უკანონოდ და გაუმართლებლად შეიჭრა უკრაინაში. უკვე სამი წელია, უკრაინელები მამაცურად და მედგრად იბრძვიან. მათი ბრძოლა დემოკრატიისთვის, თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი ბრძოლაა. კანადა განაგრძობს უკრაინისა და უკრაინელების გვერდით დგომას სამართლიანი და მყარი მშვიდობისთვის“, – წერს ტრიუდო.

ბოლო სიახლეები