აშშ-ის სენატმა რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს მხარი დიდი უმრავლესობით დაუჭირა.
„ლინდსი ო. გრემის რუსეთისა და ირანის სანქცირების აქტი 2026“ სენატორებმა 68 ხმით, ცხრის წინააღმდეგ დაამტკიცეს.
დოკუმენტი, რომელსაც სახელი მისი ავტორის, გარდაცვლილი სენატორის, სამხრეთ კაროლინელი რესპუბლიკელის ლინდსი გრემის პატივსაცემად ეწოდა, რუს მაღალჩინოსნებზე სანქციების დაწესებას ითვალისწინებს და ტრამპის ადმინისტრაციას უფლებამოსილებას ანიჭებს, ჩინეთს, ინდოეთსა და სხვა ქვეყნებს 100%-მდე ტარიფები დაუწესოს, თუკი ისინი განაგრძობენ რუსული ნავთობისა და გაზის მასშტაბურ შესყიდვას.
კანონში ასევე შედის ირანზე დაწესებული სანქციების გაფართოება, რასაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მოითხოვდა.
კანონპროექტი ახლა წარმომადგენელთა პალატას გადაეცემა, სადაც მისი განხილვა შესაძლოა, უკვე მომავალ თვეს დაიწყოს.
ლინდსი გრემი, რომელიც კონგრესში უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მხარდამჭერად ითვლებოდა, 11 ივლისს გარდაიცვალა. მის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გახდა ცნობილი, რომ ის და ტრამპი შეთანხმდნენ კანონპროექტის საბოლოოდ წინსვლაზე, რომელზეც გრემი წელზე მეტია, მუშაობდა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც გრემის დაკრძალვას დაესწრო და მოგვიანებით ტრამპს შეხვდა, განაცხადა, რომ სანქციები დაარტყამს რუსეთის ომის დაფინანსების შესაძლებლობებს და ძლიერ სიგნალს გაუგზავნის, როგორც ევროპას, ისე უკრაინელ ხალხს აშშ-ის მხარდაჭერის შესახებ.

