ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებით აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ფაილებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელიც იძებნება.
დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ერთ-ერთ ფაილში ილუზიონისტი დევიდ ბლეინი ქალისთვის, რომლის სახელი და გვარი უცნობია, სავიზო აპლიკაციასთან დაკავშირებით დახმარებას ითხოვს და აცხადებს, რომ ცნობილი ილუზიონისტია. მისივე თქმით, წარმოდგენა გამართული აქვს ცნობილი პოლიტიკოსებისთვის, მათ შორის ბილ კლინტონისთვის, დიმიტრი მედვედევისთვის, მიხეილ სააკაშვილისa და ვიქტორ იანუკოვიჩისთვის.
„მე მქვია დევიდ ბლეინი, ვარ ილუზიონისტი და გამძლეობის ოსტატი. ცნობილი ვარ ჩემი მაღალი დონის გამძლეობის ნიჭით და სახელი გავითქვი, როგორც ქუჩის და ახლო ხედების მაგიური ნომრების შემსრულებელმა.
მთელ მსოფლიოში გამოვდიოდი, რამდენიმე მსოფლიო რეკორდი დავამყარე და მოვხსენი, მათ შორის 17 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში სუნთქვის შეკავებით, 35 საათის განმავლობაში 105 ფუტის სიმაღლის ბოძზე დგომით და ერთი კვირის განმავლობაში კუბოში ყოფნით“, – წერს დევიდ ბლეინი.
ამასთან, ბლეინი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო მოგზაურობებში პირადად ასრულებდა მაგიურ ნომრებს პრეზიდენტ ბილ კლინტონისა და სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის, თავდაცვის მდივნის, დონალდ რამსფელდის, გუბერნატორ არნოლდ შვარცენეგერის, ჰენრი კისინჯერის, ბილ გეითსისა და მერ მაიკლ ბლუმბერგის წინაშე.
„ვასრულებდი ასევე მაგიურ ნომრებს რუსეთის პრეზიდენტისთვის, დიმიტრი მედვედევისთვის, საქართველოს პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის, უკრაინის პრეზიდენტისთვის, ვიქტორ იანუკოვიჩისა და ყაზახეთის პრეზიდენტისთვის, ნურსულთან ნაზარბაევისთვის“, – წერს დევიდ ბლეინი.

